კახა კალაძე: ჩემი ძმის შემდეგ ვიცოდი, მე თუ წავიქცეოდი ჩემი ოჯახი, ჩემი მშობლები დაიღუპებოდნენ
„გულწრფელად ვამბობ, რომ დღეს ჩემი მთავარი ამოცანაა, რეალურად შევცვალო არსებული ვითარება ქალაქში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
როგორც კალაძე აღნიშნავს, მას სჯერა, რომ თავის გუნდთან ერთად ქალაქში არსებული პრობლემების აღმოფხვრას შეძლებს – „გულწრფელად ვამბობ, რომ დღეს ჩემი მთავარი ამოცანაა, რეალურად შევცვალო არსებული ვითარება ქალაქში. ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა.. მჯერა, რომ ჩემს გუნდთან ერთად შევძლებ ამ პრობლემების მნიშვნელოვანწილად აღმოფხვრას. მიმაჩნია, რომ წარმატების მისაღწევად რწმენა, გააზრებული მიზანი, თუ საით მიდიხარ, და შრომა უმნიშვნელოვანესია. ამას წინათ ერთი ამბავი მოვყევი და ახლაც გავიმეორებ – როდესაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, მაშინ მითხრეს, შენგან არაფერი გამოვაო და გამომიშვეს, როგორც უნიჭო ფეხბურთელი. ეს პატარა ბიჭისთვის დიდი სტრესი იყო, მაგრამ იმავდროულად ამან უფრო გამაძლიერა, არ გავჩერდი და მივაღწიე იმას, რასაც მივაღწიე. ეს რთული გზა იყო, უამრავი ბარიერის გადალახვა მომიხდა, გადავიტანე პირადი ტრაგედია, რაც მე და ჩემს ოჯახს შეგვემთხვა. აქაც ამ ტკივილზე მაღლა დავდექი. ჩემი ძმის შემდეგ ვიცოდი, მე თუ წავიქცეოდი, ჩემი ოჯახი, ჩემი მშობლები დაიღუპებოდნენ. ეს კარგად მქონდა გაცნობიერებული და გავუმკლავდი ძალიან დიდი ტკივილს. ჩემი პოლიტიკაში შემოსვლა იმ ვითარებამ განაპირობა, რაც იმჟამად ქვეყანაში იყო, თუმცა ეს არ ყოფილა სპონტანური გადაწყვეტილება, ძალიან ბევრს ვფიქრობდი“, -განაცხადა კახა კალაძემ.