კუპჩანი: საქართველოს წევრობაზე ნატოში ვერ თანხმდებიან
რუსეთ-საქართველოს ომზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მომავალზე, უკრაინის კონფლიქტსა და აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, საგარეო ურთიერთობების საბჭოს უფროსი ექსპერტი და აშშ-ის უშიშროების საბჭოს ყოფილი წევრი (2014-2017წ.), ჩარლზ კუპჩანი გვესაუბრება:
ამერიკის ხმა: როგორ იხსენებთ რუსეთ-საქართველოს ომს 2008 წელს, რა იყო მისი კატალიზატორი და რა ისწავლა ამ ომით საერთაშორისო საზოგადოებამ?
ჩარლზ კუპჩანი: ვფიქრობ, 2008 წლის ომით რუსეთმა სამხედრო ძლიერებია და ძალდატანება აჩვენა, რათა განევრცო და შეენარჩუნებინა გავლენა ე.წ. ახლო სამეზობლოზე. ეს კონკრეტული შემთხვევა კი საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და რუსეთის მთავრობას შორის მზარდი რიტორიკის პროდუქტი იყო. არაერთის აზრით, რუსეთი საქართველომ წააქეზა საკუთარი სამხედრო მოქმედებით და მუქარით სამხრეთ ოსეთისადმი, მაგრამ ზოგადად, ეს იყო რუსეთის მხრიდან კიდევ ერთხელ საკუთარი ძალის დემონსტრირება ე.წ. ახლო სამეზობლოს გასაკონტროლებლად. ეს ქმედება ძალიან ჰგავს იმას, თუ რა გააკეთა მოსკოვმა უკრაინაში 2014 წელს.
ამერიკის ხმა: რამდენად ადეკვატური იყო საერთაშორისო რეაქცია, რომელიც ამ დაპირისპირებამ მოიტანა?
ჩარლზ კუპჩანი: მიმაჩნია, რომ საქართველოს შემთხვევაში, საერთაშორისო რეაქცია უფრო მოზომილი იყო რუსეთის ინტერვენციასთან შედარებით უკრაინაში. აქაც, არის მოსაზრებები, რომ აშშ-ის ან მისი არც ევროპელი მოკავშირეების რეაქცია არ ყოფილა შესატყვისი, იმდენად რამდენადაც იყო სურვილი რუსეთთან ურთიერთობების დაბალანსების. თუმცა ეს უკვე შეუძლებელიც კი გახადა რუსეთის მოქმედებებმა უკრაინაში 2014-ში. ამის შემდეგ კი რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების რღვევა დაიწყო.
ამერიკის ხმა: რა არის მოსკოვის საბოლოო მიზანი, როცა საზღვრების განუწყვეტლივ გადაადგილება ხდება საქართველოში? ეთანხმებით, თუ არა, რომ ეს მცოცავი ოკუპაციაა?
ჩარლზ კუპჩანი: ვფიქრობ, რომ რუსეთის ქმედება საქართველოში არის უფრო ვრცელი მასშტაბის მოქმედების ნაწილი მოსკოვის მიერ, ეს ეხება კრემლის მოქმედებებს დონბასში, ასევე დნესტრისპირეთში, სადაც კრემლი სამხედრო ძალას იყენებს ამ ქვეყნების პროდასავლური ინტეგრაციის, მათ შორის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესაჩერებლად. მე ზუსტად ვფიქრობ, რომ მოსკოვის მიერ საზღვრების გადმოწევა საქართველოში „მცოცავი ოკუპაციაა“, ამ ქვეყანაში ახლა 20% რუსეთის კონტროლქვეშაა.
ამერიკის ხმა: იყო თუ არა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტი აფხაზეთში პასუხი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე და მის მხარდამჭერ განცხადებებზე საქართველოში?
ჩარლზ კუპჩანი: ძნელია ითქვას რამ გადააწყვეტინა პუტინს აფხაზეთში ჩასვლა. ომის წლისთავი იყო, შესაძლოა ესეც გამხდარიყო მიზეზი. თუმცა ცხადია, რომ რასაც ბოლო თვეებია ვხედავთ-ეს უკვე ესკალაციაა რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობების. ცოტა ხნის წინ, კონგრესმა დიდი სხვაობით მიიღო სანქციების კანონმდებლობა რუსეთის წინააღმდეგ. მას პრეზიდენტმაც მოაწერა ხელი. ვნახეთ, როგორ გააძევა რუსეთმა ამერიკელ დიპლომატთა დიდი შემადგენლობა მოსკოვში მდებარე საელჩოდან. სულ ბოლოს კი ვნახეთ შეჯიბრი ვიზიტებით – მაიკ პენსი საქართველოში, ბალკანეთში, ბალტიისპირეთში ჩავიდა, რასაც პუტინის ჩასვლა მოჰყვა აფხაზეთში. ეს ყველაფერი კი რუსეთსა და ნატოს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე ვითარდება – ნატო რამდენიმე ათას დამატებით ჯარისკაცს გზავნის პოლონეთსა და ბალტიისპირეთში, რუსეთი კი მოგვიანებით ბელორუსიაში ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო წვრთნებისთვის ემზადება.
ამერიკის ხმა: როგორ ახსნით გააქტიურებულ აშშ-საქართველოს ურთიერთობებს?
ჩარლზ კუპჩანი: აშშ აქტიურად უჭერდა მხარს ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობიდან დაწყებული, ომის ეტაპით და ბარაკ ობამას საპრეზიდენტო პერიოდის ჩათვლით. ასე გაგრძელდა უკრაინის ანექსიამდე, შემდეგ კი აშშ-ის ადმინისტრაციამ ახალი ყურადღება დაუთმო რუსეთის ახლო სამეზობლოს ქვეყნებთან ურთიერთობას. მჯერა, რომ როცა პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა თეთრ სახლში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას მღელვარება მოედო აშშ-ის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი პრეზიდენტის განცხადებები იყო რუსეთთან დაახლოების, უკრაინის გამო მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ვითომდა გაუქმების გამო, და აშ. თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ცალსახად გაცხადდა, რომ გაგრძელდებოდა ობამასდროინდელი მხარდაჭერა ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის.
ამასთან, ვიტყვი იმასაც, რომ საქართველო ცოტა არ იყოს უხერხულ მდომარეობაშია: სურს ნატოში გაწევრიანება, მაგრამ ალიანსის შიგნით ამ თემაზე კონსენსუსი არ მიღწეულა, მითუმეტეს, როცა რუსეთს ამ ქვეყნის ტერიტორიები დაკავებული აქვს. ნაწილობრივ სწორედ ამიტომ არის, რომ აქტიურად ვითარდება ურთიერთობები იქ, სადაც ეს შესაძლებელია-ნატო-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში, აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის კონტექსტში. ამდენად, საქართველოსთან ურთიერთობებში მხარდაჭერის მყარი ქსელი არსებობს, რაც მიზნად ისახავს მისი დემოკრატიის, მისი დასავლური მისწრაფებების, და დასავლურ დემოკრატიებთან თავსებადობის ხელშეწყობას.
ამერიკის ხმა: თქვენს ერთერთ ბოლო სტატიაში “ვაშინგტონ პოსტში”, წერთ, რომ დიდი შეცდომა იქნება უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება? აგვიხსენით, რატომ?
ჩარლზ კუპჩანი: უკრაინაში ძალიან სახიფათო სიტუაცია სუფევს, რასაც მიმდინარე სისხლისღვრა ახლავს დონბასის რეგიონში-სეპარატისტების და უკრაინის ძალების დამაკავშირებელ ხაზზე. ვფიქრობ, აშშ-მ და ევროპელმა მოკავშირეებმა უკრაინას ფინანსური, სამხედრო დახმარება უნდა გაუწიონ და ასევე, ტრეინინგი უზრუნველყონ. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ ლეთალური იარაღის მიწოდება კიევისთვის მდგომარეობას უფრო მეტად დაძაბავს. აქ მთავარია იმის გათვალისწინება, რომ რუსეთს სამხედრო უპირატესობა აქვს უკრაინასთან შედარებით, ისე როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში იყო. კიდევ ერთი საკითხი: იარაღის მიწოდება კიევისთვის რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს. ამის ნაცვლად, ჩვენ სანქციების გამკაცრება და პოლიტიკური დარეგულირების გამონახვა გვმართებს. ამასთან ერთად, ევროპაშიც არ ემხრობიან ლეტალური იარაღის კიევისთვის მიწოდებას. აშშ ევროპასთან სოლიდარული უნდა იყოს და ჩვენ გვმართებს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად მყარი, ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება. ვაშინგტონის მიერ თავდაცვითი იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის, შესაძლოა, განხეთქილება მოჰყვეს ევროპასთან. საბოლოო ჯამში, ეს პუტინის სასარგებლოსდ იმუშავებს.
ამერიკის ხმა: თქვენს წიგნში “ნატოს ფინალური საზღვარი” თქვენ წერთ, რომ ისტორიული შეცდომა იქნებოდა რუსეთის “კეთროვანად” განხილვა. ახლანდელ ორმხრივ ურთიერთობებს როგორ შეაფასებდით?
ჩარლზ კუპჩანი: ორმხრივი ურთიერთობა ახლა ძალიან გამწვავებულია. რუსეთი ვითარების მეტად ესკალაციას ახდენს. ტრამპმა კი დააკონკრეტა, რომ პუტინთან მორიგებას არ აპირებს. დღეს, ურთიერთობები „ცივი ომის“ შემდეგ ყველაზე მეტად არის გაუარესებული. გამოვყოფდი რამდენიმე საკითხს: სანამ არ მოხდება უკრაინაში მდგომარეობის გამოსწორება, სირიაში არსებული სიტუაციის დარეგულირება – სადაც რუსეთი ირანთან და ჰეზბოლასთან ერთად ასადის რეჟიმს აქეზებს, სანამ იქ სამოქალაქო ომი არ დასრულდება და სანამ თვალს არ გავუსწორებთ ნატოსა და რუსეთს შორის სამხედრო სფეროში არსებულ დაძაბულობას – ურთიერთობები აშშ-სა და რუსეთს შორის ძალიან რთულად განვითარდება.