სამი წლის განმავლობაში ლაშა თორდიას ქონება 800 000 ლარით გაიზარდა

გაზეთ „პრაიმტაიმის“ დღევანდელი გამოშვება, ყოფილი აუდიტორის ლაშა თორდიას ქონებით დაინტერესდა, რომელიც აუდიტის სამსახურში 2012 წლის 25 ივლისს, საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაინიშნა. აუდიტორი, რომელიც წლების განმავლობაში სხვების ფინანსური შემოსავლების კანონიერებას სწავლობდა, საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად ირკვევა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში თორდიას ოჯახის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„2014 წლამდე შევსებული დეკლარაციებით, ლაშა თორდიას ოჯახს საკუთრებაში არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ უფიქსირდება. 2014 წლიდან კი თორდიას მფლობელობაში საკმაოდ მსხვილი შენაძენი ჩნდება. ვაკეში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „არქი თაუერში“ 165 კვ.მ ბინისა და 17 კვ.მ ავტოსადგომის შეძენა ლაშა თორდიას დაახლოებით 300 ათასი ლარი უჯდება. დეკლარაციით ირკვევა, რომ თორდიას ძვირად ღირებული ბინის შესაძენად იპოთეკური სესხი აქვს აღებული. აქვე საგულისხმოა, რომ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ლაშა თორდიას წლიური ანაზღაურება 72 108 ლარი გახლდათ, მისი მეუღლე მაია ირემაშვილი კი, რომელიც ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტია, ხელფასის სახით წელიწადში 21 600 ლარს იღებს“,-ნათქვამია „პრაიმ ტაიმში“.
დეკლარაციის თანახმად შემდეგ წლებში ლაშა თორდიას ოჯახის საკუთრებაში კიდევ ერთი ძვირად ღირებული ქონება მოექცა. ამრიგად, როგორც გაზეთ „პრაიმ ტაიმშია“ ნათქვამი, 2014-2016 წლებში თორდიას ოჯახის ქონება, მინიმუმ, 800 000 ლარით გაიზარდა.
„თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარად შეფასებული სახლი (სხვენითა და სარდაფით) 2016 წლამდე ოფიციალურად ლაშა თორდიას სიდედრის, მარინა ასათიანის სახელზე იყო რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ასათიანმა აღნიშნული ქონება 2007 წლის 31 აგვისტოს დაირეგისტრირა. ეს ის პერიოდია, როდესაც ლაშა თორდია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის იურისტი გახლდათ. ამავე უწყებაში იყო დასაქმებული მისი მეუღლე მაია ირემაშვილი მინისტრის მოადგილის თანაშემწის თანამდებობაზე. 2016 წელს მარინა ასათიანმა რუსთაველის გამზირზე მდებარე უძრავი ქონება (149 კვ.მ საცხოვრებელი ბინა, 140 კვ.მ სხვენი და 5 კვ.მ სარდაფი) საკუთარ ქალიშვილს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა. ამრიგად, 2014-2016 წლებში ლაშა თორდიას ოჯახის ქონება, მინიმუმ, 800 000 ლარით გაიზარდა“, – წერს „პრაიმტაიმი” დღევანდელ ნომერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები