ირაკლი კობახიძე: სადაც არ იქნება ეს რადიკალური ოპოზიცია, იქ იქნება მეტი დემოკრატია, მეტი პერსპექტივა იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს სრული დემოკრატიული სისტემა

სადაც არ იქნება ეს რადიკალური ოპოზიცია, იქ იქნება მეტი დემოკრატია, მეტი პერსპექტივა იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს სრული დემოკრატიული სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დიდი გამოწვევა არც ის იქნება, თუ რადიკალური ოპოზიცია არჩევნებში მაინც მიიღებს მონაწილეობას, ვინაიდან მიზერულად იქნებიან საკრებულოებში წარმოდგენილები.

„ჩვენთვის აბსოლუტურად სულერთია, მიიღებს თუ არა ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. შედეგი შეიძლება შეიცვალოს მათემატიკურად იმ მხრივ, რომ ალბათ, საშუალოდ, 5 წევრით იქნებიან წარმოდგენილნი საკრებულოებში. ბუნებრივია, ჯამში 5 წევრს ვგულისხმობ და არა თითოეულზე 5 წევრს. საშუალოდ, ჯამში, 5 წევრით იქნება ოპოზიცია წარმოდგენილი, თუ მონაწილეობას მიიღებენ არჩევნებში. დემოკრატიისთვისაც კარგი იქნება მათი არმონაწილეობა, ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ. სადაც არ იქნება ეს რადიკალური ოპოზიცია, იქ იქნება მეტი დემოკრატია, მეტი პერსპექტივა იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს სრული დემოკრატიული სისტემა. ჩვენ არ გვაქვს სრულფასოვანი სისტემა ერთი მარტივი მიზეზის გამო – არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც სინამდვილეში არის არა ოპოზიცია, არამედ უცხოური აგენტურა და მათ მუდმივად ავალებენ, რომ არ ცნონ ხელისუფლების ლეგიტიმაცია. შესაბამისად, ასეთ პირობებში ჯანსაღი სისტემა ვერ ჩამოყალიბდება. ამიტომ თუ ეს პოლიტიკური პარტიები საერთოდ გაქრებიან პოლიტიკური სივრციდან, იქნება მეტი დემოკრატია. ამას ჩვენც შევუწყობთ ხელს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვით, გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს მიმართვას. ალტერნატივა არ აქვს ამ ყველაფერს. თუ არ გაქრება ეს აგენტურა ქართული პოლიტიკიდან, ვერასდროს შემოვა ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში ჯანსაღი ოპოზიცია. ამიტომ არჩევნებში მათ არმონაწილეობას სერიოზული პლუსები აქვს და ეს მხოლოდ და მხოლოდ განაპირობებს ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებას. მაგრამ თუ მიიღებენ მონაწილეობას, ამაშიც დიდი გამოწვევები არ ჩანს. მიზერულად იქნებიან ისინი საკრებულოებში წარმოდგენილნი“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები