„ლოგიკური იქნება, თუ ხელისუფლება მესამე მოსმენაზე საკონსტიტუციო პროექტს გამოიწვევს“
„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე კონსტიტუციის პროექტის უკან გაწვევის საჭიროებაზე საუბრობს. როგორც ოპოზიციის წარმომადგენელმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, მაშინ, როდესაც ერთ მხარეს დგას ოპოზიცია, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები და მეორე მხარეს – ხელისუფლება, კონსტიტუციის ამ ფონზე მიღება კომუნისტების მიერ, ერთი პარტიის სურვილის მიხედვით მიღებულ კონსტიტუციას ემსგავსება.
„ ძალიან ბევრი საკითხი კონსტიტუციაში არის გაუმჭვირვალე. პირველ რიგში, ეს შეეხება საარჩევნო სისტემას, საარჩევნო სისტემის ბონუსებს, გადაუნაწილებელი მანდატების საკითხს, ბარიერს… პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ვადად განისაზღვრა 2024 წელი, რაც უმთავრესი პრობლემაა იმ საარჩევნო სისტემისა რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს, რასთან დაკავშირებითაც ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ მისი მოლოდინი არ შეესაბამება შერეული საარჩევნო სისტემის დანერგვას. უკვე არსებობს დასავლური ინსტიტუციების მხრიდან გამოხატული მკვეთრი პრეტენზია და შენიშვნაზე იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიერ მიღებული კონსტიტუციის პროექტი არ უნდა ემსგავსებოდეს 1978 წელს სსრკ კონსტიტუციის მიღების პროცედურას, როდესაც საქართველოს კომუნისტურმა პარტიამ მიიღო კონსტიტუცია. ერთ მხარეზეა ხელისუფლება, მეორე მხარესაა სრული ოპოზიცია, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. „ქართულმა ოცნებამ“ დაუყონებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სამი შესაძლო ვარიანტიდან 2 ის განსახილვევად. ეს იქნება მიღებულ პროექტზე ვეტოს დადება და ვეტოს შედეგად შემდგომში გადახედვა ან პროექტის გამოწვევა. მე ვფიქრობ, სრულიად ლოგიკური იქნება თუ მესამე მოსმენაზე გამოიწვევენ აღნიშნულ პროექტს და პრეზიდენტს უკვე ჩვეულებად ქცეული ვეტოს გამოყენების უფლებას არ მისცემენ“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.