”დელტას” ინფორმაციით, კახეთში გამორჩეულად მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა
კახეთში გამორჩეულად მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ”დელტა” ავრცელებს.
მათი ცნობით, 8 აპრილს, კახეთის რეგიონში, ”დელტა”-ს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა 2017 წლის სეზონზე პირველად ამუშავდა და გამორჩეულად მასშტაბური სეტყვასაშიში პროცესი გაანეიტრალა.
”8 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან ”დელტა“-ს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ დაფიქსირდა კახეთის რეგიონში შემომავალი ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის დიდი მასები. საერთო ფართობითი 4000 კმ2-მდე. 16:30 საათისთვის ღრუბლის მასებმა მოიცვა დედოფლისწყაროს, სიღნაღის, თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის და გურჯაანის რაიონები. სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 10-15 მმ იყო. 16:30 საათიდან 20:33 საათამდე, აღნიშნული რაიონების თავზე, 2150 კმ2 ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით დამუშავდა. გასროლილი იქნა 161 ერთეული რაკეტა. ზემოქმედების შედეგად ნალექის უდიდესი ნაწილი აღნიშნული რაიონების თავზე ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიშალა”, – ნათქვამია სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ”დელტას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.