აბასთუმანში დედათა მონასტერი გაქურდეს
გამთენიისას, აბასთუმნის დედათა მონასტერი გაქურდეს. მონასტრის წინამძღვრის დედა ბარბარეს განცხადებით, ქურდობა დაახლოებით დილის 5-დან 7 საათამდე მოხდა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეს შსს ადიგენის რაიონული სამმართველოს აბასთუმნის განყოფილება იძიებს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე (ქურდობა) მუხლით მიმდინარეობს. იმის შესახებ, თუ რა არის წაღებული მონასტრიდან, კომენტარს დედათა მონასტერში არ აკეთებენ. შეგახსენებთ, რომ კურორტ აბასთუმანში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის დედათა მონასტერი რომანოვების სასახლეშია განთავსებული. 2008 წლის 12 მარტს მონასტერს ხანძარი გაუჩნდა და სასახლე, რომელიც გარედან მთლიანად ხის იყო, ნაწილობრივ დაიწვა. დამწვარი შენობის აღდგენა ვერ მოხერხდა და იმ ადგილას, ნახევრად დამწვარი ძველი შენობის გვერდით, ახალი შენობა აშენდა.