ექსკლუზიური ინტერვიუ თვითმფრინავის გატაცებისთვის გასამართლებულ ქართველთან
“იმ ღამეს მეგობრებთან ერთად არაყი დავლიე და ზომაზე მეტი მომივიდა”
საქართველოს მოქალაქემ, რომელიც მინსკის სასამართლომ თვითმფრინავის გატაცების ბრალდებით გაასამართლა, სასჯელი უკვე მოიხადა და საქართველოში დაბრუნდა. მან მინსკის საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა და ამჟამად თერჯოლის რაიონში ოჯახთან ერთად იმყოფება. ყოფილი ავტოდილერი ამჟამად სოფელში მუშაობს.
გელა სახელაშვილი, რომელმაც 2014 წლის 10 ივნისს კომპანია „ბელავიას“ კუთვნილ თვითმფრინავის ეკიპაჟს, რომელიც ქუთაისი-მინსკის რეისს ასრულებდა, მიმართულების შეცვლა და მინსკის ნაცვლად გერმანიაში გაფრენა მოსთხოვა, „კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მომხდარ ინციდენტზე პირველად საუბრობს.
იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და განიცდის. სახელაშვილი ამბობს, რომ მან 2014 წლის ივნისში ალკოჰოლის ზედმეტი მიღების გამო, შეცდომა დაუშვა და იმ დღეზე საუბარი უჭირს.
„მე ჩადენილი დანაშაული რომ გავიაზრე, მაშინვე ვაღიარე და ვინანე კიდეც. მაშინ სასმელმა იმოქმედა ჩემზე. იმ ღამეს მეგობრებთან ერთად არაყი დავლიე და ზომაზე მეტი მომივიდა. აღარც კი მინდა, ის დღე გავიხსენო. საქართველოში რომ ჩამოვედი, ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიას რამდენჯერმე ჩავუარე, მაგრამ ბოდიში ვისთვის მომეხადა? მე სასამართლომ საჰაერო ტრანსპორტის ხომალდის გატაცების ბრალდებით გამასამართლა, საქართველოში კი ტერორისტად „მომნათლეს“ და სხვადასხვა მედიის ჟურნალისტებმა ტერორისტი მიწოდეს, რაც დიდი შეცდომა იყო. სასამართლომ 3 წელი მომისაჯა, მთელი ეს პერიოდი მინსკის ციხეში გავატარე. ძალიან ნორმალურად ვიყავი. რაიმე ზეწოლას ან სხვა სახის ზემოქმედებას ჩემ მიმართ ადგილი არ ჰქონია. კარგად მექცეოდნენ. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბელორუსიაში საქართველოს საკონსულოს და საელჩოს. პირადად თეიმურაზ სანაძეს, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევდა. მისი დამსახურებაა, რომ ციხეში სასჯელის მოხდა არ გამიჭირდა. ახლა სოფელში ვარ, ჩემს ოჯახთან და სახლში უამრავ საქმეს ვაკეთებ. ავტომანქანების დილერობას ვეღარ ვახერხებ. უამრავი საქმეა სახლში,“ – ამბობს გელა სახელაშვილი.
დაპატიმრებამდე გელა სახელაშვილი ავტოიმპორტის საქმიანობით იყო დაკავებული – მას მეგობართან ერთად გერმანიიდან მსუბუქი ავტომანქანები ჩამოჰყავდა და საქართველოში ყიდდა. მისი მეუღლე ინგა კუბლაშვილი კი, თერჯოლის რაიონში ყვავილებს ყიდის. როგორც „კვირას“ ინგა კუბლაშვილმა განუცხადა, მისი მეუღლე პატიმრობის შემდეგ ოჯახს ეხმარება.
„ძალიან გამხადარი დაბრუნდა. ახლა სახლშია და ოჯახის საქმეებში მეხმარება. სამსახური არ აქვს. ოჯახში მარტო ვმუშაობ. რა უნდა გააკეთოს გელამ, რაც შეუძლია, იმით მეხმარება. სოფელში უამრავი საქმეა,“ – ამბობს ინგა კუბლაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ივნისში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გელა სახელაშვილმა კომპანია „ბელავიას“ კუთვნილი თვითმფრინავის ეკიპაჟს, რომელიც რეისს ქუთაისიდან მინსკის მიმართულებით ასრულებდა, კურსის შეცვლა და გერმანიის მიმართულებით გაფრენა მოსთხოვა. იმ დროს ბორტზე 30–ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. მაშინ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ მომხდარის შესახებ განცხადება გაავრცელა.
„10 ივნისს, 04:59 საათზე ქუთაისი-მინსკის ავიარეისის დროს, აფრენიდან 34 წუთის შემდეგ, თვითმფრინავის ეკიპაჟმა ქუთაისის აეროპორტი თვითმფრინავის შესაძლო უკან დაბრუნების შესახებ გააფრთხილა. როგორც ეკიპაჟმა აეროპორტს გადასცა, ბორტზე მყოფი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ერთ-ერთი მგზავრი არაადეკვატურად იქცეოდა და მოითხოვდა თვითმფრინავის დასმას ევროპის რომელიმე ქვეყნის აეროპორტში. შექმნილი ვითარების მიუხედავად, თვითმფრინავი დანიშნულების ადგილზე – მინსკის აეროპორტში ჩაფრინდა. რეისის განხორციელებამდე თითოეულმა მგზავრმა, მათ შორის ზემოაღნიშნულმა პირმა, წარმატებით გაიარა შემოწმების სტანდარტული პროცედურა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. აღსანიშნავია, რომ თითოეული მათგანი მგზავრობისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებდა. ამჟამად ზემოაღნიშნული მგზავრი დაკავებულია მინსკის აეროპორტის საავიაციო უშიშროების უწყების მიერ და მიმდინარეობს გამოძიება“, – ამონარიდი განცხადებიდან.
მინსკის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც თვითმფრინავის გატაცების ბრალდებით გასაამართლა, 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გელა სახელაშვილი საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა.
იზა შაქარაშვილი