„თავად პრიმაკოვს კინაღამ მოვპარე პალტო“…
მშობლებმა ვაჟას „ბახტრიონის“ გმირის, ლელას სახელი დაარქვეს. ოპერის თეატრის გარემოში გაიზარდა, სადაც მამა რეჟისორი იყო, ხოლო ბიძა ცნობილი საოპერო მომღერალი – ზურაბ ანჯაფარიძე. პირველი საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და რატომღაც, მათემატიკურზე ჩააბარა. თუმცა მთელი ცხოვრება ოცნებობდა სცენაზე…
საინტერესო და გამორჩეული დიპლომატიური წარსული აქვს…
ამჟამად თანამშრომლობს სხვადასხვა საინფორმაციო–ანალიტიკურ ცენტრთან. თარგმნის, ხატავს, ლექსებსაც წერს… – ლელა ანჯაფარიძე „პერსონაში“.
– გავიზარდე ოპერის თეატრის გარემოში, სადაც მუშაობდა ჩემი მამა, ჯემალ ანჯაფარიძე, რეჟისორად. დავიბადე 1961 წლის 23 ივლისს, სწორედ იმ დღეს, როდესაც ოპერის თეატრში ბატონი ოთარ თაქთაქიშვილის ოპერა „მინდიას“ პრემიერა იყო და ეძღვნებოდა ვაჟა-ფშაველას იუბილეს. ბიძაჩემი ზურაბ ანჯაფარიძე ასრულებდა მინდიას როლს, მამა იყო რეჟისორი და, პრემიერის შემდეგ, ისინი მივიდნენ დედასთან სამშობიაროში უამრავი ყვავილით… მართალია „მინდიაში“ მთავარი გმირი იყო მზია, მაგრამ რატომღაც დედას ეს სახელი არ მოეწონა და დამარქვეს ვაჟას სხვა ნაწარმოების, „ბახტრიონის“ გმირის, ლელას სახელი… მერე ზურიკო ხუმრობდა ხოლმე, კიდევ კარგი, „კარმენის“ დროს არ დაიბადე, თორემ იქნებოდი კარმენ ანჯაფარიძეო…
დედიკო მყავდა უკრაინელი, გალინა ანჯაფარიძე (ნესტერენკო), ჩამოვიდა თბილისში 27 წლის ასაკში, ისწავლა მშვენივრად ქართული ენა და, 35 წლის განმავლობაში, საქართველოს ტელევიზიის დაარსების დღიდან, მისი საესტრადო განყოფილების გამგე იყო…
ძალიან მიყვარდა ჩემი ბავშვობის გზა: პირველის საშუალო სკოლა, სადაც მამიკო გამომივლიდა, იქიდან კი, რუსთაველის თეატრში მოკლე შევლით, ოპერაში გადანაცველება, სადაც 3 წლიდან ვიყავი გაფორმებული „მოლარის მოადგილედ“. დღის ბოლოს ელბაქიძეზე ჩასვლა და მარჯანიშვილის თეატრის გავლით, დაბრუნება სახლში… ჩემი ბავშვობის გზას ჰქონდა კიდევ ორი განშტოება – ეს იყო მოსკოვი, სადაც დიდ თეატრში მღეროდა ზურიკო და ძალიან ხშირად იქ, მასთან და ბებიასთან – ალექსანდრა ბარათაშვილთან, ჩავდიოდი… და კიდევ – ბარათაშვილების საოცარი სოფელი ბუნიკაური, სადაც ცხოვრობდნენ ჩემი შესანიშნავი ბებიები: თამარა და დუნიაშა, ასევე ჩემი ბაბუა – უჩა ბარათაშვილი…
– სკოლა, სტუდენტობა… უნივერსიტეტი დაამთავრეთ. რას გაიხსენებთ უნივერსიტეტიდან?
– ვსწავლობდი პირველ საშუალო სკოლაში… იქ შემიყვანეს უმთავრესად იმის გამო, რომ სწორედ ეს სკოლა დაამთავრეს ჩემმა მამიკომ და ზურიკომ და მათი პორტრეტები ეკიდა „დიდების დარბაზში“… ძალიან მიყვარდა ჩემი სკოლა, ყველაფერი მომწონდა იქ და საერთოდ სწავლა მართლა მიყვარდა… ავად რომ ვხდებოდი, ყველაფერს გეფიცებით, თერმომეტრს ისე ვიდებდი, რომ სიცხე არ მქონოდა, ისე არ მინდოდა სკოლის გაცდენა… მყავდა არაჩვეულებრივი მასწავლებლები: ლიანა სურმავა, ჩვენი უსაყვარლესი ლიანა შეწირული (სკოლის დირექტორი, რომელმაც მეორე სუნთქვა შემატა ჩვენს სკოლას), შოთა აბაიშვილი, ჩემი „დამღუპველი“ მათემატიკის მასწავლებელი ჯონდო ცინცაძე, დახვეწილი გოგი ჭირაქაძე, ეთერ გულდამაშვილი და ბევრი სხვა… სკოლა დავამთავრე ოქროს მედალზე, ყოველთვის ვიმეორებ, რადგანაც ძალიან ვამაყობ… აი, მერე კი მოხდა ჩვენს ოჯახში მღელვარება… მე მინდოდა ჩამებარებინა თეატრალურში, ზურიკომ არ გამიშვა… დედიკოს უნდოდა, ჩამებარებინა სამედიცინოზე, მე არ დავთანხმდი და… ჩავაბარე მათემატიკურზე. ძალიან ადვილად ვეუფლებოდი ამ საგანს და სიამოვნებას მანიჭებდა, რასაც სულ არ ვნანობ… მართალია, სხვა გზას გავყევი და ჩემგან ილია ვეკუა ვერ გამოვიდა, მაგრამ მათემატიკამ გამიხსნა გონება იმდენად, რომ, თუ დამიჯერებთ, ლექსების წერაშიც კი მეხმარება… უნივერსალური მეცნიერებაა… ზუსტი და შემოქმედებითი ერთდროულად. მყავდნენ საოცარი კურსელები, უმთავრესად – ბიჭები… დღემდე მათ ჩემს დარტანიანებს ვეძახი, ისე მიფრთხილდებოდნენ… განსაკუთრებით… და მყავდა არაჩვეულებრივი ლექტორები: გიორგი ჭოღოშვილი, ვანო კიღურაძე, ლევან ჟიჟიაშვილი, გოგი ჩხაიძე, ადამ ჩახტაური, თენგიზ გეგელია… მათი სახელები მსოფლიო მეცნიერებაშია ჩაწერილი და მე კი ვეკამათებოდი კიდევაც ზოგჯერ.
– პროფესიით მათემატიკოსი და დიპლომატი ხართ, მაგრამ მშვენიერ ნახატებს ქმნით… როდის დაიწყეთ ხატვა?
– არ გაგეცინოთ და, ვხატავდი სულ… უბრალოდ, მერიდებოდა და ახლა ცოტა „გავთავხედდი“… საერთოდ, ჩემზე, ალბათ, შეიძლება დისერტაციის დაცვა… ლექსების თარგმნა დავიწყე საშინელი ავარიის შემდეგ, რომელშიც მესამე კურსზე მოვხვდი… ღამე გამომეღვიძა და ვთარგმნე გალაკტიონის „მე და ღამე“… ხატვა კი ასე ვთქვათ, ცოტა სერიოზულად დავიწყე შარშანწინ, გარკვეული პრობლემები მქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რაღაც პერიოდის განმავლობაში, სიარული არ შემეძლო და დავიწყე ხატვა… ახლა, თუ კიდევ რაღაცა მომივა, ალბათ, ცეკვას ან მუსიკის წერასაც დავიწყებ…
– თქვენი ფეისბუქის გვერდიდან დადებითი ემოცია და განწყობა მოდის… ლელა ანჯაფარიძის დილა…
– დიდი მადლობა, თუ ასეა, ძალიან მიხარია… აბა, ახლა, პესიმიზმი და ბოღმა რომ მოდიოდეს, ხომ სხვასაც გადავდებდი? ლელა ანჯაფარიძის დილა იწყება… ღამით… რადგანაც ვდგები ყველაზე ადრე, არა მხოლოდ ოჯახში, არამედ, ალბათ თბილისშიც და ევროკავშირშიც… საერთოდ ჩემი ეს „სისხამ დილა“ ყველაზე საყვარელი დროა… სიჩუმეა, ბუნება მოლოდინშია… ზოგჯერ გგონია, რომ თავადაც არ იცის ამინდის პროგნოზი ბოლომდე და ფიქრობს… ჯდები და მოდის ლექსი, ან მოგონება ან… არ მოდის და მაშინ ვიწყებ ჩემს ძირითად სამსახურს – ვამზადებ საინფორმაციო-ანალიტიკურ მიმოხილვებს… სხვათა შორის, ამასაც ვერ დავიწყებ, მუზა თუ არ მომივა… მაგრამ ეს უკვე სხვა მუზაა, იმ პირველი მუზის დეიდაშვილი!
გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე თვეა ვამზადებ ჩემს ერთგვარ კალენდარს – „ძალიან დილა მშვიდობისას“, რისგანაც უზარმაზარ სიამოვნებას ვიღებ, რადგანაც, თურმე ბევრი რამ არ მცოდნია, ბევრიც ძალიან ზედაპირულად ვიცოდი, მაგრამ კალენდარზე, როგორც წესი, ღამე ვმუშაობ… ამ დროს ფეხებში მიწევს ჩემი არაჩვეულებრივი ლაბრადორი, რომელსაც ჰქვია ბოსარიონ ლაბრადოროვიჩი… ის 10 წელია ასე გვერდით მყავს, ვიყიდე მოსკოვში, მერე წავიყვანე სტამბოლში და ახლა თბილისელი გახდა… თან ვმუშაობ და თან ველოდები იმ მომენტს… ჩუმად რომ გაიღება საძინებლის კარი და გამოვა ჩემი გაღიმებული შვილიშვილი ანდრია… აი, მაშინ ნამდვილად თენდება… და სულ არა აქვს მნიშვნელობა, გარეთ ცივა და ქრის ქარი, თუ მზეა…
– ერთი რომელიმე დღე…
– მართალი გითხრათ, ჩემი მთელი დღე ერთი დიდი დილაა… რადგანაც ლექსებმა და ნახატებმა დრო არ იცის, ინფორმაციას ხომ, მით უმეტეს, არანორმირებული განრიგი აქვს… ანუ მთელი დღე ვმუშაობ, ვხატავ, ვწერ… ერთმანეთს ვანაცვლებ და ამიტომ არ ვიღლები… შესვენებებზე კი, როგორც ყველა ქალი: ვალაგებ, ვრეცხავ, ვამზადებ…
– როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?
– საერთოდ ვარ გულწრფელი და, რა თქმა უნდა, უამრავი უარყოფითი თვისება მაქვს… პირველ რიგში, ვერაფრით გადავეჩვიე ეჭვიანობას… ამაზე გავჩერდები, რადგანაც თავის დროზე ჩემმა ბრძენმა ალე ბებიამ მითხრა: შენს თავზე მარტო კარგი ილაპარაკე… ცუდს სხვებიც მოახერხებენო. ჰოდა, მე კარგი გოგო ვარ… მეტს არაფერს გეტყვით…
– ზურაბ ანჯაფარიძის ძმისშვილი ხართ და უამრავი მოგონება გაქვთ მასზე…
– ზურიკოს ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა… იყვნენ დედიკო და მამიკო, იყო შესანიშნავი ბებია და იყო… ზურიკო… ის არასდროს ყოფილა ჩემთვის „მამიკოს ძმა“, იყო უბრალოდ ზურიკო – ძმაკაცი, მეგობარი, მშობელი, თანაც უმკაცრესი… ადამიანი, ვინც ჩემს ცხოვრებას ალამაზებდა თავისი ნიჭით, ყველასგან განსხვავებული ღიმილით და სითბოთი… საერთოდ, ჩვენი ოჯახის ბოსი იყო ჩემი ბებია – ალექსანდრა ბარათაშვილი, მისგან გამოგვყვა იუმორი, ლექსების წერის ნიჭი, მიმტევებლობა და ოპტიმიზმი (მე ყველაზე ნაკლებად)… როდესაც ზურიკო საქართველოში დაბრუნდა, მისი სახლი ფალიაშვილზე ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარ და გულგახსნილი სახლი გახდა… ყოველ საღამოს იქ იმართებოდა იმპროვიზებული სპექტაკლები, ყველა ხუმრობდა და ჩვენ ერთმანეთში (დედიკოს გარდა) სულ ლექსებით ვსაუბრობდით…
სამწუხაროდ, ცხოვრება ერთ ადგილას არ ჩერდება… მაგრამ მე დღესაც, როცა რამე მიჭირს, ჩავრთავ ზურიკოს ჩანაწერებს და, მისი ტკბილი ტემბრის და ხმის ფონზე, ვიგონებ წარსულს, ცოტას კი წავუტირებ ხოლმე, მაგრამ მერე უკეთ ვხდები… ასე ვიწყნარებ ხოლმე თავს: არ შეიძლება ერთ ადამიანს მთელი ცხოვრება ამხელა ბედნიერება ჰქონდეს… სხვასაც ხომ სჭირდება…
– „ქუჩებში არ არი ლამაზი სალამი… სუყველამ ცალ–ცალკე აიგო კარავი“… – რა არის თქვენთვის
– შეიძლება ასე ვთქვა – ჩემი თბილისი არის ჩემთვის ჩემი ნოდარ მგალობლიშვილი – წესიერი, დახვეწილი, ზრდილობიანი, ნათელი, ნიჭიერი, სამართლიანი, თავმდაბალი… აი, ასეთი ადამიანები არიან ჩემთვის თბილისი… ბევრი რამე არ მომწონს მის ახალ არქიტექტურაში, ბევრი – მომწონს, მაგრამ თბილისი ეს არის, პირველ რიგში, ადამიანური ურთიერთობები… ასჯერ მითქვამს და გავიმეორებ: იყო თბილისელი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაიბადო ამ ქალაქში, ეს არ არის გეოგრაფიული ცნება… ეს არის სულის მდგომარეობა… მე ჩემი სამსახურის გამო, მომიწია მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრება საზღვარგარეთ, ჯერ მოსკოვში და მერე სტამბოლში და, ჩემთვის, როდესაც პირველად ჩამოვედი სულ და არა რამდენიმე დღით, იყო საშინელი განცდა იმ თბილისთან შეხვედრა, რომელიც დამხვდა… ალბათ, ვინც აქ იყო, ყველა ეს წელი, მათთვისაც არანაკლები ტკივილია, მაგრამ როდესაც ამას უყურებ ყოველდღე, სამწუხაროდ, ეჩვევი ნელ-ნელა და როცა 17 წლის შემდეგ პირველად… ჩახვალ პურის მაღაზიაში და გაიღიმებ, როგორც გჩვევია, მიესალმები გამყიდველს და საუბარს დაუწყებ თბილისურად, შენ კი ისე გიყურებენ, როგორც მარსიდან ჩამოსულს… იმიტომ კი არა, რომ შენ მაგარი და ზრდილობიანი გოგო ხარ, უბრალოდ ხალხი არის გადაღლილი პრობლემებით და ურთიერთობებს გადაეჩვია… პირველად სამარშრუტო ტაქსში რომ ჩავჯექი და ყველას მივესალმე, ისე შემომხედეს, რომ კინაღამ უკან ჩავედი… რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, პირველ რიგში, დაკავშირებულია ეკონომიკურ სირთულეებთან, მაგრამ მე მაინც უფრო ჩემს თაობას ვაბრალებ… არა მგონია, ჩვენი მშობლების თაობას ნაკლები პრობლემა ჰქონოდა, მაგრამ მათ შეგვინარჩუნეს თბილისი… ჩვენ გაგვიჭირდა… რაღაცა გამოგვრჩა, როგორც ჩანს…
– „ვოცდებოდი და აღარ ვჯავრობდი… ვოცნებობდი და ვფარაჯანობდი“… – რას ნიშნავს „ვფარაჯანობდი“ თქვენთვის?
– ეს იმ ლექსებს მიეკუთვნება, სადაც ცოტა ვხულიგნობ, ასე ვაწერ ხოლმე „ლექსი ხულიგნური“… ფარაჯანობა ნიშნავს თბილისურ, ნიჭიერ „ცოტა გაფრენებს“…. ვთვლი, რომ ყველა შემოქმედებითი სულის ადამიანი ცოტა უცნაურია, უბრალოდ ზოგს პატიობენ და ზოგს – არა… მგონი, პატიობენ იმას, ვისაც ეს ნიჭიერად და კეთილად გამოსდის…
– ორიგინალურად მიულოცეთ მეგობრებს მთის საერთაშორისო დღე: „გახსენებთ, რომ „Лучше гор могут быть только горы, на которых еще не бывал“… გისურვებთ დღეს, ერთი პატარა მწვერვალის მაინც დაპყრობას“! მთასთან რამე გაკავშირებთ?
– მთები საოცრად მიყვარს და მიზიდავს, მაგრამ ბავშვობიდან მაქვს ძალიან დაბალი წნევა და დარღვეული ვესტიბულარული აპარატი, ამიტომ მთაზე ასვლა კი არა, ნათურის დამოუკიდებლად დამაგრებაც კი არ შემიძლია… სიმაღლეზე რომ ავდივარ, ვეცემი, თან სიმაღლეს მნიშვნელობა არა აქვს, ეს შეიძლება იყოს კიბეც და სკამიც და… მთაც… ასე რომ, ვისოცკის მთებში ვერ გავყვებოდი, მაგრამ მთები ხშირად მესიზმრება და მათი მწვერვალებიდან დავფრინავ კიდევაც…
რაც შეეხება პატარა მწვერვალის დაპყრობას, ყველა ადამიანმა ერთი მწვერვალი მაინც უნდა დაიპყროს ცხოვრებაში და იპყრობს კიდევაც და არა ერთს, მაგრამ ამას, სამწუხაროდ, როგორც წესი, დიდი ხნის შემდეგ გრძნობს ხოლმე…
– ყველაზე დასამახსოვრებელი დღე თქვენი ცხოვრებიდან…
-ალბათ, ყველაზე – ყველაზე დასამახსოვრებელია – 2 დღე – ერთი, როცა ჩემი ნინა დაიბადა და მეორე, როცა დაიბადა ჩემი ნინას ანდრია…
– რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ხატოთ? ლექსს და ნახატს ერთდროულად ქმნით?
– იმისთვის, რომ ვხატო, რა თქმა უნდა, როგორც ყველას, განწყობა მჭირდება… აი, საშუალო ხასიათზე რომ ვარ, მაშინ ვერც ვწერ და ვერც ვხატავ… ლექსი და ნახატი ზოგჯერ თანხვდენილია… ზოგჯერ ისეც ყოფილა, ლექსი დამიწერია და ძველი ნახატი გამხსენებია მისი წერის დროს… ან ნახატი ვნახე და ლექსი „დამეწერინა“… მაგრამ, რატომღაც, ბოლო დროს, ლექსს ნახატს ვურთავ, ერთმანეთს ავსებს… ისე კი, ცოტა რომ გაგაცინოთ, ვინმემ რომ ნახოს, ლექსს როგორ ვწერ, ძალიან იხალისებს… მართალია, სამწუხაროდ, სმენა იდეალური ნამდვილად არა მაქვს, მაგრამ ლექსს ვწერ ყოველთვის სიმღერით და თან ხშირად ხელში მიკავია იმპროვიზებული გიტარა (სპეციალური ცოცხი)… გიტარას კი ვიშოვიდი, მაგრამ დაკვრა მაინც არ ვიცი და ცოცხიც მყოფნის… სხვანაირად არ იწერება ეს ჩემი ლექსები და რა ვქნა…
– გამოფენა თუ გქონიათ?
– მქონდა 2 შემოთავაზება, მაგრამ, მართალი გითხრათ, მეშინია… ჯერ არა ვარ დარწმუნებული… ცოტა დრო რომ გავა, ჩემს ახლო მეგობრებს, მხატვრებს დავეკითხები, ხომ არ შევრცხვები-თქო და მერე გადავწყვეტ…
– რომელმა ადამიანებმა დატოვეს საგრძნობი კვალი თქვენს ცხოვრებაში?
– პირველ რიგში, ჩემმა მშობლებმა, ზურიკომ და ბებიამ და კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ბატონი ნოდარ მგალობლიშვილი… ძალიან მინდა, რომ ჩემი ანდრია რაღაცაში მასაც დაემსგავსოს… ბატონი ნოდარი და მისი მეუღლე, არაჩვეულებრივი ნინო ჩემს აღმართზე რომ ამოდიან სტუმრად (ბევრისგან განსხვავებით, მათ ჩემი აღმართი სულ ვაკედ მიაჩნიათ), მე ვივსები ისეთი ცხოვრებისეული ძალით, რომ დიდხანს მყოფნის… ეს არის ის განსაკუთრებული შინაგანი კულტურა, რომელიც ჩემთვის ადამიანში არის უპირობოდ პირველ ადგილას… კიდევ გავიხსენებდი აუცილებლად ჩემი ბებიის ძმას, უჩა ბარათაშვილს… საოცრად დახვეწილ, ყველასგან გამორჩეულ კაცს.
– დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ?..
– ჩავაბარებდი თეატრალურ ინსტიტუტში, არაფრით არ დავუჯერებდი ზურიკოს… მთელი ცხოვრება ვოცნებობ სცენაზე…
– მოსკოვში, საქართველოს საელჩოში, სტამბოლში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მუშაობდით, ერთხანს საქართველოს მეთაურის (ედუარდ შევარდნაძის) მრჩეველიც იყავით… რას გაიხსენებთ დიპლომატიური წარსულიდან?
– უამრავი მაქვს გასასხენებელი… სხვათა შორის, წიგნს ვწერ… მაგრამ ერთი ისტორია ძალიან მიყვარს… ვმუშაობდი მოსკოვში, საქართველოს საელჩოში… მაშინ ჩვენი ელჩი გახლდათ ბატონი ზურაბ აბაშიძე და ერთ-ერთ ჩვენს ღონისძიებაზე მოვიწვიეთ ევგენი პრიმაკოვი, მაგრამ ის არ მობრძანდა, მე კი ჩუმად გავიპარე ვახტანგოვის თეატრიდან, რომელიც ძველ არბატზეა განთავსებული… თოვდა და მოსკოვში რომ იცის მხოლოდ, ისეთი მხიარული თოვლი იყო, ხრაჭუნა… უცებ დავინახე, მოდიან ბატონი ევგენი და მისი თანაშემწე…
მე ძალიან მიყვარდა და პატივს ვცემდი მას, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, ამეყვანა დარბაზამდე… ჯერ მივაცილე გასახდელამდე, იქ მეც თავიდან მომიწია ქურთუკის გახდა და ავაცილე სტუმარი ბატონ ზურაბ აბაშიძემდე… მერე კი ისევ დავბრუნდი გასახდელში და სერიოზულ ქალბატონს, ჩემი საკიდის ნომერი მივაწოდე… მან კი საპასუხოდ მომაწოდა გრძელი, სოლიდური ლურჯი ფერის მამაკაცის პალტო…
უცებ მივხვდი, რომ მას სიჩქარეში საკიდების ნომრები აერია და ჩემი კაკოსფერი, გაბურძგნილი სპორტული ქურთუკის ნაცვლად მაწვდის ევგენი პრიმაკოვის ძალიან მდიდრულ პალტოს… ავუხსენი ეს და ჩემი ქურთუკი ვაჩვენე… „არ შემიძლიაო“,- მიპაუსხა…„რა ნომერსაც მაძლევთ, იმ საკიდზე რაც კიდია, ის უნდა წაიღოთო“… ნახევარი საათი ვთხოვდი და არაფერმა გასჭრა… მაშინ სასოწარკვეთილად ვუთხარი – „კარგით,მე ამ პალტოს ავიღებ, ჩავიცვამ და წავიღებ-მეთქი და ერთი წუთით წარმოიდგინეთ, პრიმაკოვს, აი, იმ ქურთუკში მოუწევს სახლში წასვლა-მეთქი“… ქალმა სათვალე გაისწორა და ყურადღებით დაათვალიერა ქურთუკი. მერე გადაიხარხარა (ალბათ, წარმოიდგინა) და, როგორც იქნა, მომაწოდა ჩემი კაკოსფერი გაბურძგნილი გაუგებრობა… ასე, რომ გამოდის, თავად პრიმაკოვს კინაღამ მოვპარე პალტო…
ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი