საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეების საქმეზე გამოძიება დაიწყო
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეების საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 182-ე მუხლით აღიძრა, რაც მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე თავისულების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისათვის, საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეები დღეს მთელი დღის განმავლობაში შარტავას ქუჩაზე იმყოფებოდნენ და კუთვნილ თანხას ითხოვდნენ.
მეანაბრეების ინფორმაციით, უკვე ორ თვეზე მეტია, ანაბრებიდან პროცენტის მიღებას ვერ ახერხებენ და ვერც თანხის ძირს იბრუნებენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, კომპანიას მეანაბრეების მიმართ მილიონობით ლარის დავალიანება აქვს.
ცნობისათვის, საფინანსო კომპანია „საქართველო“, რომელიც კოსტავას ქუჩაზე 72-შია განთავსებული, 2008 წლის 20 ივნისს, რამდენიმე პირმა დააფუძნა. დამფუძნებლებს შორის არიან, მერაბ და ლამარა ფერაძეები, თამაზ ლობჟანიძე და სხვები.
საფინანსო კომპანია „საქართველო“ მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდ მოგებას სთავაზობდა. კერძოდ, წლიური სარგებელი წლის ბოლოს გატანით 33%-ს შეადგენდა. ექვსი თვით- 28%, სამი თვით-25%. საფინანსო კომპანია „საქართველოს“ გარდა ანაბრებისა, ავტოსალომბარდო მომსახურებაც ჰქონდა.