"ირაკლი ღარიბაშვილმა თეა წულუკიანს კანონი თავზე დაახია"

   გაზეთი “ალია” ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით ანტიდისკრიმინაციული კანონის გამო ირაკლი ღარიბაშვილის და თეა წულუკიანის დაპირისპირებაზე წერს. პრემიერის ინიციატივით, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ღარიბაშვილმა აღნიშნულ ინიციატივასთან ერთად ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზეც ისაუბრა, რომლის მიხდვითაც ყველა ადამიანის უფლება ერთნაირად იქნება დაცული. კანონპროექტის პირველი ვარიანტი წყაროს განცხადებით, იუსტიციის სამინისტროში თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მომზადდა, რაც „ალიას“ ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ პრემიერმა თეა წულუკიანს ანტიდისკრიმინაციული კანონი „თავზე დაახია“. “ამ კანონპროექტის პირველი ვარიანტი მომზადდა იუსტიციის სამინისტროს მიერ, კონკრეტულად, თეა წულუკიანის ინიციატივით და უშუალო ხელმძღვანელობით, რომელიც შემდგომში განსახილველად გადაეგზავნა მთავრობის კანცელარიას. ამ პროექტმა პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მძაფრი აღშფოთება გამოიწვია, რადგან წულუკიანის კანონპროექტი დაუფარავად იძლეოდა შესაძლებლობას, უახლოეს ხანში საქართველოში დაკანონებულიყო ერთსქესიანთა ქორწინება. წულუკიანი კანცელარიაში გამოიძახეს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თავისივე მომზადებული კანონპროექტი “თავზე დაახიეს”. ირაკლი ღარიბაშვილმა კატეგორიულად მოსთხოვა მუხლების შეცვლა. წულუკიანი ამაზე კი დასთანხმდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მხარდამჭერები მთავრობაშიც გამოუჩნდნენ – წულუკიანის მიერ შეტანილ მუხლებს მხარდაჭერა გამოუცხადეს ირაკლი ალასანიამ, ხოლო პარლამენტში – “რესპუბლიკელებმა”. მათ ფარული წინააღმდეგობა კი გასწიეს, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა თავისი მაინც გაიტანა. მისი დაჟინებული მოთხოვნით, ეს მუხლები ამოიღეს და კანონპროექტი შესწორებული ფორმით გავიდა მთავრობის სხდომაზე”, – წერს გაზეთი „ალია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები