ახალგაზრდა ქართველი ხელოვანის – გიორგი პატარიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
1 მაისს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლე, ახალგაზრდა ქართველი ხელოვანის, გიორგი პატარიძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
გიორგი პატარიძე: „ბავშვობიდანვე სიამოვნებას ვპოულობდი ემოციების ფორმებით გამოხატვაში, რამაც საბოლოოდ მიბიძგა, რომ ხელოვნება ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გამხდარიყო. ანატომიური ფორმების და მექანიკური ნახაზების გარდა, გამიჩნდა გატაცება ამ ორი, ერთი შეხედვით, საპირისპირო სფეროს შერწყმის. სამხატვრო აკადემიაში ჩემმა აკადემიურმა გზამ კიდევ უფრო ჩამოაყალიბა ჩემი ხედვა, რამაც უზრუნველყო როგორც ტექნიკური მომზადება, ასევე ფილოსოფიური საფუძველი. წლების განმავლობაში, ჩემი ნამუშევრები ტრადიციული პორტრეტული მხატვრობიდან ქაოსურ გრაფიკულ ნამუშევრებად გარდაიქმნა.
ეს მიმდინარე გამოფენა, წარმოადგენს ამ კვლევის კულმინაციას. ინსპირაცია კი პირადი გამოცდილებიდან, ან სხვა ჩემთვის უცნობი ადამიანების დაკვირვებით მიღებული ემოციებია, რომლის ინტერპრეტაციას ვახდენ სხვადასხვა ფორმათა შერწყმით. ამ ნამუშევრის საშუალებით ვცდილობ გამოვიწვიო როგორც გაოცება, ასევე შფოთვა, ნამუშევრები მიზნად ისახავს მომენტალურად მიღებული ემოციების დაჭერა და ერთმანეთთან დაკავშირებას“.
გამოფენა ხელოვნების სასახლეში 8 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.