ალექსანდრე წულაძემ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ორი ახლად რეაბილიტირებული სკოლა გახსნა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ორი ახლად რეაბილიტირებული – ბორჯომის მე-6 და სოფელ დვირის საჯარო სკოლები გახსნა.
მინისტრმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას განახლებულ გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა.
მინისტრი ბორჯომის მე-6 საჯარო სკოლაში მოწყობილ STEAM ლაბორატორიასაც ეწვია და ადგილზე გაეცნო მიმდინარე შემეცნებით პროცესს. ბორჯომის მე-6 საჯარო სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი, სოფელ დვირის საჯარო სკოლა კი 320 მოსწავლეზე.
„ვაგრძელებთ სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამ მიმართულებით მართლაც მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს. გავეცანით STEAM კლუბს და STEAM ლაბორატორიას. მოგეხსენებათ, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს კიდევ ერთი ინიციატივა და სიახლეა საჯარო სკოლებში STEAM კლუბების დანერგვა“, – აღნიშნა მინისტრმა.
ორივე სკოლაში, საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად, ფუნქციონირებს ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. სკოლები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და უზრუნველყოფილია უსაფრთხოების, სახანძრო სიგნალიზაციისა და გათბობის ახალი სისტემებით.
ამასთან, მოწყობილია ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები. ქალაქ ბორჯომის მე-6 და სოფელ დვირის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ განახორციელა.
პროექტების ჯამური ღირებულება 9 მილიონ ლარამდეა.