თავისუფლებაშეზღუდულთა დასასაქმებლად ბიზნეს–წინადადებების მიღება გრძელდება

  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე, მცირე საწარმოების მოსაწყობად, კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან ბიზნესწინადადებების მიღება 2014 წლის 5 თებერვლამდე გაგრძელდება.
საბჭოს თავმჯდომარის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, თავისუფლებაშეზღუდული პირების დასაქმების მიზნით, დაინტერესებული პირები სარგებლობაში მიიღებენ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში არსებულ კომერციულ ფართს (1500 კვ.მეტრი), სადაც შეყვანილია ყველა საჭირო კომუნიკაცია. თავის მხრივ, მეწარმე ვალდებულია, დაასაქმოს თავისუფლებაშეზღუდული პირები და გადაუხადოს მათ შესაბამისი ანაზღაურება.
დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ბიზნეს–წინადადებების წარმოდგენა შეუძლიათ სამუშაო დღეებში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. ყაზბეგის გამზ. N42, სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო.
საუკეთესო ბიზნეს-პროექტს გამოავლენს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები