დავით ფერაძე: აბიტურიენტები გამოცდების ეროვნული ცენტრის იმ თანამშრომლებთან ემზადებოდნენ, ვინც ტესტებს ადგენენ

“რა მანკიერი საქმე იმალება ეროვნული გამოცდების უკან?“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მკითხველს პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელის დავით ფერაძის ინტერვიუს სთავაზობს.
როგორც დავით ფერაძე ინტერვიუში აცხადებს, მას აქვს ინფორმაცია, რომ აბიტურიენტები გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ემზადებიან, ვისაც ხელი მიუწვდება ტესტები მათ წინასწარ გააცნონ.
„მაქვს ინფორმაცია, რომ აბიტურიენტები გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ემზადებოდნენ. ეს ის ხალხია, ვინც მათემატიკაში, ქართულში და დანარჩენ საგნებში ტესტებს ადგენს! ამ რეპეტიტორებთან მოხვედრა ძნელია და დიდი თანხაც ღირს – ისინი აბიტურიენტს ენერგიის დახარჯვის გარეშე გარანტიას აძლევენ, რომ ეროვნული გამოცდების ტესტებს წინასწარ აცნობენ. ეს კი, აკრძალულია.
რაც შეეხება ინგლისს, უკვე 2 წელია, ტესტები საქართველოში იბეჭდება. თანაც ამ ტესტებს ხომ აქაური თანამშრომლები ადგენენ და რა მნიშვნელობა აქვს სად დაიბეჭდება. „ბობოლების“ შვილებისთვის გამოცდების შინაარსი წინასწარ ცნობილია და უმაღლეს სასწავლებელში სასურველ ფაკულტეტზე ჩარიცხვისას შესაძლოა, 100-პროცენტიან გრანტი სულ უბრალოდ მიიღონ“, – აცხადებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ დავით ფერაძე.
ამასთანავე, ფერაძე ყურადღებას ამახვილებს, იმ ჩაჭრილ აბიტურიენტებზე, რომლებმაც 2016 წელს ეროვნულ გამოცდებში ზღვარი ვერ გადალახეს და უმაღლეს სასწავლებლების მიღმა დარჩნენ. მისი თქმით, ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულ 44 000 აბიტურიენტიდან, ზღვარი 40 პროცენტმა ვერ გადალახა და გარეთ დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები