თბილისის გეზში ჩინეთიდან შემოტანილი საქონელი შეაჩერეს
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონის „თბილისი“ თანამშრომლებმა, კომპანიის მიერ იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, ჩინეთიდან შემოტანილი საქონლის ნაწილი შეაჩერეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეჩერებულია: კანის კრემები (2 880 ცალი – 150 მლ-იანი შეფუთვა) – შესაფუთ მასალაზე ნიშნით „NIVEA“; შამპუნები (240 ცალი – 750 მლ-იანი შეფუთვა; 2 880 ცალი – 400 მლ-იანი შეფუთვა; 9 600 ცალი – 200 მლ-იანი შეფუთვა) – შესაფუთ მასალაზე ნიშნით Head & Shoulders; ქალის ჰიგიენური საფენები (14 688 ცალი) – შესაფუთ მასალაზე ნიშნით „Always Ultra“. საქონლის საერთო ღირებულებაა 11 777,04 აშშ დოლარი, მათ შორის, არადეკლარირებული ღირებულება – 253,44 აშშ დოლარი. “აღნიშნული საქონელი, სავარაუდოდ, წარმოებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში შეტანილი სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებების დარღვევით. „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, საქონელი შეჩერდა 10 სამუშაო დღით. ინფორმაცია საქონლის შეჩერების შესახებ ეცნობა საქონლის მფლობელსა და სასაქონლო ნიშნის მფლობელს“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.