თინათინ ხიდაშელი: დაპირებები შესრულებულია! (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს ვარშავის სამიტის წინ ქართული და უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა. თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა და ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში ჩააბარა.
თავდაცვის მინისტრმა საკუთარ ანგარიშში დეტალურად ისაუბრა ერთი წლის განმავლობაში უწყებაში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე – ნატოსთან ინტეგრაციისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით მიღწეულ წარმატებებზე; ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანამშრომლობაზე; სამხედრო განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებზე; ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების სოციალური უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესებაზე, სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით: ერთი წლის წინ დადებული პირობები შესრულებულია, დღეს ქვეყანა უფრო დაცულია – საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულებით საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები გაძლიერებულია;
JTEC – ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი გახსნილია;
NRF ნატოს მიერ სერტიფიცირებულია პირველი ქართული ასეული;
ამოქმედებულია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის თვისობრივად ახალი ეტაპი – მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის გაძლირებისათვის;
საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების სრულფასოვანი პარტნიორია;
ქართველი ჯარისკაცები პირველად მონაწილეობენ ევროკავშირის საწვრთნელ მისიებში;
DIB – ნატო-საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა დაფუძნებულია;
მეტი წვრთნები პარტნიორებთან ერთად – ჩატარებულია უპრეცედენტო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ ამერიკული სამხედრო ტექნიკის მონაწილეობით;
ქართულ ჯარი იკვებება ქართული პროდუქტით და ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია რჩება ქართულ ეკონომიკაში;
ჯარში სავალდებულო გაწვევა გაუქმებულია – ქართულ ჯარში წვევამდელები აღარ იქნებიან;
ამოქმედდება სრულიად ახალი, ნატოს სტანდარტების ქართული რეზერვი;
განახლდა ჯარში საკონტრაქტო გაწვევა – 2016 წელს 1000-მდე ახალი ჯარისკაცი შეემატა შეიარაღებულ ძალებს;
ჰაუტვახტები გაუქმებულია;
სპეცუბნები გაუქმებულია;
თანასწორობა ჩვენთვის უპირველესია – კადეტთა ლიცეუმში გოგონები ისწავლიან;
სამხედრო ნაწილებში ამოქმედდა მუსლიმთა სამლოცველოები; ათეულობით პანკისელი ჩაირიცხა ქართულ ჯარში;
აქ გმირები მსახურობენ – აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა ფსიქოლოგიურ ტრავმასთან – ამოქმედდა პროგრამა „მხარი მხარს“, ამპუტირებული სამხედრო მოსამსახურეების ინტეგრაციის სპეციალური პროგრამები; სამხედრო მოსამსახურეთა ცერებრალური დამბლით და აუტიზმით დაავადებული შვილების რეაბილიტაცია;
შემუშავებულია ახალი, 7 მილიონდოლარიანი პროექტი დაჭრილების სრულყოფილი რეაბილიტაციის ცენტრის განვითარებისთვის;
შემუშავებულია „არმიქარდი“ – ფასდაკლების და ბონუსების სისტემა ჯარისკაცებისთვის;
სამინისტროსთვის პრიორიტეტულია სამხედრო განათლება – ამოქმედდა პროფესიული ზრდის და განვითარების ახალი სისტემა, დაინერგა ახალი სამაგისტრო პროგრამა თავდაცვის აკადემიაში;
თავდაცვის მინისტრის ანგარიში მედიასთან დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. თინათინ ხიდაშელმა თითოეული შესრულებული დაპირების შესახებ ვრცლად ისაუბრა, ანგარიშის შემდეგ კი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები