აფრიკელმა პროკურორმა საქართველოს დელეგაციას გამოძიების ადგილზე წარმართვისთვის სრული მხარდაჭერა აღუთქვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უშუალო საგამოძიებო საქმიანობის დაწყებამდე შეხვედრები გამართა ადგილობრივი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებთან.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესში საგამოძიებო ჯგუფს მნიშვნელოვანი დახმარება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ეთიოპიაში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აფრიკის კავშირში ვახტანგ ჯაოშვილმა გაუწია.
„სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ საგამოძიებო საქმიანობაში დახმარებისთვის. მნიშვნელოვანი იქნება სავარაუდო მსხვერპლს შევხვდეთ. ეს საკითხი ჩვენც ისევე გვაღელვებს, როგორც თქვენ”, – ამ სიტყვებით დაიწყო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა გრისლენ გეზენგემ ქართულ მხარესთან შეხვედრა.
აფრიკელმა პროკურორმა საქართველოს დელეგაციას გამოძიების ადგილზე წარმართვისთვის სრული მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც საგამოძიებო საქმიანობის ადგილზე ჩატარებით დაინტერესდა.
მან განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება პროცესში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჩართულობაზე და ბანგიში საგამოძიებო საქმიანობის ჩატარების მოთხოვნისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საგამოძიებო საქმიანობა სავარაუდო დაზარალებულებთან გამოკითხვის, ფოტოსურათებით ამოცნობისა და ჩვენების ადგილზე შემოწმებით წარიმართება.
უშუალოდ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე საქართველოს საგამოძიებო ჯგუფმა შეხვედრა ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთანაც გამართა.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNISEF), ქალ იურისტთა ასოციაციისა და ორგანიზაცია „ტაიდის“ მდგრადი განვითარების ცენტრის წარმომადგენლები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბავშვთა უფლებების დაცვაზე მუშაობენ და, სწორედ, მათ მიერ გავრცელდა ინფორმაცია უცხოელი სამხედროების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ.
ქართულმა მხარემ აფრიკული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ქართული კანონმდებლობა გააცნო.
მხარეებმა საერთაშორისო სამართლის ნორმებიც განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ შესაძლო დაზარალებულების დაკითხვის პროცესი ბავშვთა უფლებების სრული დაცვითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდებოდა.
ქართულმა მხარემ აფრიკელ არასამთავრობოებს გარანტიაც მისცა, რომ შესაძლო დაზარალებულების დაკითხვის პროცესი მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში ჩაივლიდა. სწორედ, ამ მიზნით საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობაში ფსიქოლოგი და საერთაშორისო სამართლის ექსპერტი შედიან. ბავშვთა უფლებების დაცვაზე მომუშავე აფრიკული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა შეკითხვები, ძირითადად, დაკითხვის მსვლელობას შეეხებოდა. მათ ასევე აინტერესებდათ, ჰქონდათ თუ არა ქართველ გამომძიებლებს როდესმე დაზარალებულ ბავშვებთან ურთიერთობა. არასამთავრობოების მთავარი მოთხოვნა კი, შესაძლო დაზარალებულთა დაკითხვის პროცესის დახურულად წარმართვა იყო. ქართულმა მხარემ ბანგიში გაეროს მისიის წარმომადგენლებთანაც შეხვედრა გამართა და ადგილზე ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების გეგმა გააცნო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები გაეროს მისიისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წინასწარ შერჩეულ სპეციალურ ადგილზე ჩატარდებოდა, რომელიც დაზარალებულთა კანონიერი ინტერესების მაქსიმალურ დაცვას ითვალისწინებს.