“ქართული არმია ავღანეთში – მცირედი ნატო დიდი რისკის ფასად” – გამოცემა tagesschau.de-ის რეპორტაჟი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაზე
გერმანულენოვანი გამოცემა tagesschau.de ავღანეთში წარმოებულ ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესახებ ვრცელ რეპორტაჟს აქვეყნებს.
ჟურნალისტი სილვია სტრობერი მნიშვნელოვან ყურადღებას ამახვილებს ავღანეთში ქართველი სამხედროების დამსახურებებზე და იმ მსხვერპლზეც საუბრობს, რომლის გაღებაც საქართველო ნატოს წევრობის მოლოდინში უკვე წლებია, უწევს. რეპორტაჟში გერმანიაში ქართველი სამხედროების განათლებაზეც არის საუბარი და მოყვანილია ფრაგმენტები საქართველოს თავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან საუბრიდან.
“კვირა“ სტატიის „ქართული არმია ავღანეთში – მცირედი ნატო დიდი რისკის ფასად თარგმანს, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს, უცლელად გთავაზობთ:
ავღანეთში წარგზავნილ ნატოს ყველაზე მსხვილ მისიებს შორის საქართველოც არის, რომლის ჯარისკაცებიც მეტად სარისკო დავალებას – ნატოს სამხედრო ბაზების დაცვას უზრუნველყოფენ. აღთქმული ნატოში გაწევრიანება კი ჯერ ისევ შორსაა.
სილვია სტრობერი, tagesschau.de
მცხუნვარე მზისაგან ნაცრისფერი და მწვანე მატერიით დაცული ხილისა და ბოსტნეულის დახლები, რამდენიმე ქვეითი ქუჩაში, ქუჩის გასწვრივ ჩამწკრივებული მანქანები, ქუჩის შუაში კი ბეტონის ტროტუარი მწვანე მცენარეებით – ბაგრამის ბაზარი, რომელიც ქაბულიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 50 კმ-ის სავალზეა, მშვიდობიანად გამოიყურება.
და მაინც ეს ადგილი მყიფეა, რადგან ამ ქუჩას ბაგრამის სამხედრო ბაზის კარამდე მივყავართ – აშშ-ის სამხედრო ძალებისა და ავღანეთში ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარ შტაბ-ბინამდე.
ასობით ავღანელი აღნიშნულ ბაზაზე მეზობლად მდებარე სოფლებიდან ყოველდღე სამუშაოდ მიდის. ბაზა დიდია – როგორც პატარა ქალაქი და ბეტონის მტკიცე კედლებით დაცული – როგორც ციხესიმაგრე. ავღანელებმა ბაზაზე შესასვლელად 4 გამშვები პუნქტი უნდა გაიარონ, საღამოობით კი მავთულხლართებით შემოღობილი ვიწრო გზა, რათა სახლში დაბრუნდნენ – გზა, რომელიც გალიას ჰგავს.
ერთი მხრივ, ბაზაზე საკმაოდ ბევრი ავღანელი შოულობს სარჩოს. მეორე მხრივ, თითოეული მათგანისთვის ბაზა საფრთხის პოტენციური წყაროა. „გარეთ ნებისმიერი შეიძლება იყოს თალიბანის წევრი“ – ამბობს ერთ-ერთი ჯარისკაცი, რომელიც მთავარი შესასვლელი კოშკურის გუშაგია.
ბაზის თავზე ორი საჰაერო ბურთი ლივლივებს, რომლებზეც სპეციალური კამერებია დამონტაჟებული და რომლებიც კედლების გარეთ ნებისმიერ მოძრაობას აფიქსირებენ. ღამით ბაზას ვერტმფრენები იცავს, რომლების პოტენციური თავდამსხმელების ნაადრევ გამოაშკარავებაზე ზრუნავენ.
ასეთი მკაცრი კონტროლი მეზობელი სოფლების მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, რასაც გარეთ პატრულირებადი ჯარისკაცები ყოველდღე შეიგრძნობენ. ჯარისკაცები შემდეგ ცდილობენ თავი იმართლონ, თუ რატომაა, სწორედ, ნატოს მისია საჭირო ავღანეთში უსაფრთხოებისათვის.
ნატოს მისია „მტკიცე მხარდაჭერა“
ნატოს მისია „მტკიცე მხარდაჭერა“ 2015 წლის 1 იანვარს დაიწყო და ავღანეთში ISAF-ის გაგრძელებად მიიჩნევა. მისიის ხასიათი ნაკლებადაა საბრძოლო. მისი მიზანი ავღანური შეიარაღებული ძალების მომზადება და მხარდაჭერაა, რომელმაც შემდგომში ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება უნდა შეძლოს. მისიაში 42 ქვეყნის 12,000-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. გერმანიის ბუნდესვერი მაზარ-ი-შარიფში ავღანელი ჯარისკაცების გადამზადებითაა დაკავებული.
ნდობა ქართველი ჯარისკაცების მიმართ
ათასობით ჯარისკაციდან, რომლებიც ბაზაზე მუშაობენ, კედლებს გარეთ მხოლოდ ძალიან ცოტა თუ გამოდის. ზოგიერთი მათგანი ბაზის კედლებს არც კი უახლოვდება. ბაზის უსაფრთხოებას ჯარისკაცთა სხვა ნაწილი იცავს. ეს ბაგრამში და სხვა ბაზებზე განლაგებული ასობით ქართველი სამხედროა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნატოს წევრი არ არის, სამხრეთ კავკასიის ეს რესპუბლიკა, ოფიციალური მონაცემებით, 2015 წელს 870 სამხედროთი ავღანეთში რიგით მეორე ყველაზე მსხვილი განმთავსებელი იყო. გერმანიას 2015 წელს ავღანეთში 850 სამხედრო ჰყავდა განთავსებული.
ამაყია პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე იმით, რომ მისი ჯარისკაცები აშშ-ის ხელმძღვანელობით ქაბულის მთავარ შტაბ-ბინასაც იცავენ. ეს აჩვენებს, თუ როგორ გვენდობიან ქართველებს, ამბობს პოლკოვნიკი, რომელიც ჯერ კიდევ ISAF-ის პერიოდში იქნა ჰელმანდში, სადაც თალიბანი ყველაზე ძლიერია.
განათლება გერმანიაში
ქართული ასეული მაზარ-ი-შარიფში გერმანული პუნქტის უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს (ბუნდესვერის ხელმძღვანელობით).
„ქართველები სწრაფი რეაგირების ძალების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ“ – ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი ოლაფ რიგელი, რომელიც ქაბულის მთავარ შტაბ-ბინაში მუშაობს. „ქართველებისა და ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი და წარმატებულია. რეგულარული ერთობლივი წვრთნები ეფექტურობას კიდევ უფრო ზრდის.“ საქართველო ერთ-ერთია 20 ქვეყნიდან, რომლის ძალებიც ავღანეთის ჩრდილოეთშია განლაგებული.
მაზარ-ი-შარიფში განლაგებული ქართველი სამხედროები მომზადებას მაგდებურგში სპეციალური მომზადების ცენტრში გადიან. ისინი ხუთთვიან კურსს გადიან, რის შემდეგაც 6 თვის განმავლობაში ავღანეთში მსახურობენ.
ავღანეთში გერმანია მხარს უჭერს საქართველოს როგორც პერსონალით აგრეთვე მატერიალური ტრანსპორტით. პირადი აღჭურვილობა და იარაღი, როგორც წესი, ქართველ ჯარისკაცებს საკუთარი აქვთ – ამბობს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ბერლინში.
სანდო წყაროს ინფორმაციით, 5,5-დან 6 მილიონამდე ევროთი უზრუნველყოფს გერმანია ქართველი ჯარისკაცების განათლებას, კვებას და ტრანსპორტირებას. გერმანიის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნულის შესახებ კონკრეტულ განმარტებას არ აკეთებს: განათლებაზე დახარჯული ხარჯები არა ცალ-ცალკე, არამედ, მთლიანობაშია გაწერილი.
შვება ბუნდესვერს
ბუნდესვერისა და ნატოს სხვა წევრი სახელმწიფოებისათვის ქართველი სამხედროების მონაწილეობა ავღანეთში შვებაა. თუმცა, რას იღებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა აქედან? საქართველო თავისი 3,8 მილიონი მცხოვრებით ავღანეთში, ისევე, როგორც სხვა ყველა ქვეყანა, მაღალ ფასს იხდის: 31 ქართველი სამხედრო დაიღუპა ავღანეთში მიმდინარე ოპერაციის დროს. ბოლოს ქართველი სამხედრო 2015 წელს ბაგრამში სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.
თუმცა, მიუხედავად 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული დაპირებისა საქართველოსთვის ნატოში წევრობის ხილული პერსპექტივა მაინც არ ჩანს. რუსეთთან მეზობლობა და ორი მოუგვარებელი ტერიტორიული პრობლემა ზემოთქმულში მხოლოდ ერთი ასპექტია. მეორე მთავარი ფაქტორი არის თუ რამდენად მზად არიან ნატოს წევრი სახელმწიფოები, საქართველოს შესახებ ერთიან პოზიციაზე შეთანხმდნენ.
აღნიშნულს ეხმიანება Pew Research Center-ის მცირე გამოკითხვაც, რომლის თანახმადაც ნატოს წევრი დასავლური ქვეყნების მოსახლეობაში ნაკლები მზადყოფნაა ნატოს წევრი აღმოსავლეთ-სახელმწიფოების დაცვისა.
ამიტომ ნატო ახლა საქართველოს საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობებისა და ნატოსთან კოოპერირების მიმართულებაში უფრო აძლიერებს. ამ მიზნით მიიღო ნატომ 2014 წელს უელსში „Substantial Nato-Georgia Package“, რომელშიც ნატოს წევრმა 20-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული პაკეტით საქართველოში საერთო გადამზადების/სასწავლო ცენტრის აშენება, საჰაერო თავდაცვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერებაც იგეგმება.
საქართველოში აღნიშნული პაკეტის განმახორციელებელი ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელი გერმანელი პოლკოვნიკი ტორსტენ კიოლერია. ის ყვება, რომ პაკეტი გერმანულ ინიციატივას ემყარება და ის რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
მოწოდება „სტრატეგიული მოთმინებისკენ“
სწავლების ერთ-ერთი მიზანი, ავღანეთში განსათავსებლად ქართველი სამხედროების მომზადებასთან ერთად, ქართული არმიის შიგნით თანამედროვე მმართველობის სტრუქტურების შექმნაა, რამაც საბჭოური მართვის – ბრძანება/შესრულების სტილი უნდა შეცვალოს, რის შემდეგაც ჯარისკაცები თავად აირჩევენ, როგორ უნდა მიაღწიონ მიზანს.
ასეთი უნარ-ჩვევების გამოყენება და ავღანეთში რეალურ საბრძოლო სიტუაციებთან გამკლავება უმნიშვნელოვანესი გამოცდილებაა საკუთარი ქვეყნის საზღვრების დაცვისთვისაც, ამბობს ბაგრამში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი წარმომადგენელი.
ქართველი ჯარისკაცები ენთუზიაზმით ყვებიან გერმანიაში სწავლის შესახებ. ზოგიერთი მათგანი გერმანულადაც საუბრობს და სწავლის გერმანიაში გაგრძელებასაც გეგმავს. გერმანიასთან თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელიც აქებს. თუმცა, ქართველ საზოგადოებაში გერმანიის აღნიშნული წვლილი შეუმჩნეველი რჩება. საზოგადოებაში უფრო მეტად აისახება ის მოწოდებები გერმანიიდან, რომლებითაც გერმანია საქართველოს „სტრატეგიული მოთმინებისაკენ“ მოუწოდებს. ამგვარად, ხიდაშელი მოსახლეობასა და სამხედროებში იმ იმედგაცრუებასაც უსვამს ხაზს, რომელიც აშკარად შესამჩნევია.
თუმცა ხიდაშელი იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოს წინა პრეზიდენტის დროს საქართველოს არარეალური წარმოდგენები ჰქონდა. აღნიშნული გარკვეულწილად უცხოელი პოლიტიკოსების მიერაც იყო წაქეზებული. ამასობაში კი ქართველები რეალისტები, შიგადაშიგ პესიმისტებიც კი გახდნენ.
თუმცა იმედის დაკარგვა არც მათ და არც ქართველ ჯარისკაცებს სურთ, რომლებიც სამშობლოდან შორს სიცოცხლეს ხიფათში იგდებენ. ბევრი ქართველი შეუპოვრად იმასაც ამბობს, რომ საქართველო ნატოს კარზე მანამ დააკაკუნებს, ვიდრე ის არ გაიღება“-წერს გამოცემა.