ერთი ადამიანის – ცა, მიწა და წყალი…
ადრენალინი ცაში, მიწაზე და წყალში ერთნაირად იზიდავს. ამბობს, რომ წყლის და იარაღის სიყვარული ბავშვობიდან გამოჰყვა, მალე კი მათ, ცა და ფრენის სურვილიც დაემატა. 22 წლის ლაშა კუცია საქართველოს აირსოფტის ასოციაციის წევრია და ომში ბრძოლა ხშირად უწევს. აღმოჩნდა, რომ ომობანას თამაში საკმაოდ პოპულარულია. რისთვის სჭირდებათ დაგეგმილი ბრძოლები და რა უნარ-ჩვევებს იძენენ „აირსოფტის“ მოთამაშეები პოლიგონზე, ლაშა კუცია მოგვიყვება…
-„აირსოფტი“ სპორტის ერთ-ერთი სახეობაა. იგივე სამხედრო თამაშია. ომობანას ვთამაშობთ, ოღონდ – დიდები. დაახლოებით 10 წლის წინ მივედი და მას შემდეგ ასოციაცია აღარ დამიტოვებია. მართალია ასაკით პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც მიმიღეს. იარაღის გამოყენება ვიცოდი, ბავშვობიდან მაინტერესებდა და ალბათ ამიტომ, ადვილად ავითვისე…
– თამაშის დაწყებამდე საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება?
– არა, სპეციალური მომზადების გავლა საჭირო არაა. მოუმზადებელ ადამიანს შეუძლია პირდაპირ პოლიგონზე გავიდეს. განსაკუთრებული არაფერია საჭიროა, ერთადერთი იარაღის დაჭერა და სროლა უნდა შეგეძლოს. იარაღს უკუდარტყმა არ აქვს, რის გამოც მისი სროლა ძნელი არ არის. ჩვენი იარაღები არის ნამდვილის ასლი. განსხვავებულია, რა თქმა უნდა, ტყვია, ჩვენ ვისვრით 6 მმ-იან შარიკებს.
– რამდენად ძვირად ღირებულია ეკიპირება…
– იარაღის ფასები 200 დოლარიდან იწყება და 4000 დოლარს აღწევს. გააჩნია, ვის როგორი უნდა და რა სირთულის თამაშს თამაშობს. ყველანაირი კატეგორიის მოთამაშისთვის არსებობს მისაღები ეკიპირება.
– რას აძლევს ეს თამაში ადამიანს?
– ამ თამაშს ძალიან ბევრი პლუსი აქვს. სწავლობ ყველაფერს, როგორც ტაქტიკურ გადაადგილებას, ასევე იარაღის გამოყენებას, სროლას. თუ დიდი ხანია თამაშობ, შეგიძლია ნამდვილი იარაღის გამოყენებაც. დაახლოებით ისეთ გამოცდილებას ღებულობ, როგორც ჯარგამოვლილი ადამიანი…
– როგორ ხდება სათამაშო პოლიგონის შერჩევა?
– ადგილის შერჩევა ხდება ამინდიდან და მოთამაშეების რაოდენობიდან გამომდინარე. გვაქვს დაახლოებით 10-მდე პოლიგონი. თამაშის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ვთანხმდებით, რომელ პოლიგონზე უნდა ვიბრძოლოთ. ხშირად ვაკეთებთ ჩემპიონატებს, ტურნეებს. 26 მაისს, იპოდრომზე ღონისძიება მოვაწყვეთ. ტირით გვქონდა გამოფენა და ძალიან ბევრი ადამინი დაინტერესდა. ვეცადეთ, რომ ყველას ესროლა. დავათვალიერებინეთ ასევე „აირსოფტის“ აღჭურვილობა და ვუხსნიდით წესებს, თუ როგორ ხდება ჩვენთან თამაში.
– ტრავმულია?
– არის, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში არაა. ტყვიები ნამდვილად გხვდება და საკმაოდ მწარეც არის. გვაქვს ტყვიები, რომელთა სროლა 30 მეტრზე ნაკლებ მანძილზე არ შეიძლება. თუ ახლოდან მოგხვდა, დასისხლიანებული გამოხვალ. ყოფილა შემთხვევა, როცა მოთამაშისთვის კბილები ჩაუმტვრევიათ. რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები ხშირი არაა.
– პირველადი დახმარებისთვის მზად თუ ხართ?
– პირველადი დახმარების სააფთიაქო ყუთი ყველას გვაქვს. სახურავზე ან ეკლებში ხშირად დავდივართ, რამე თუ მოგვივა, შეგვიძლია პირველადი დახმარება ჩვენს თავსაც გავუწიოთ და ასევე – მეგობარს. მოთამაშისთვის აუცილებელია დამცავი სპეციალური სათვალე, იმისთვის, რომ ტყვია თვალში არ მოგხვდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგაბრმავებს. ასეთი სათვალე ყველა მოთამაშეს უკეთია, დარტყმა გამძლეა და არ იმტვრევა…
– სასწრაფო დახმარება თუ დაგჭირვებიათ?
– სასწრაფო ჩვენთან არ ყოფილა. ასეთი შემთხვევა არ გვქონია. თუმცა, ყოფილან დაშავებულები. ერთხელ, მოთამაშე მესამე სართულიდან ჩამოგვივარდა. საბედნიეროდ, ისე დავარდა, საშიში ტრავმები არ ჰქონია. მხოლოდ ძვალი და რამდენიმე ნეკნი გაებზარა.
– თამაშობთ ღამეც…
– კი, ღამის თამაშებიც გვაქვს. ამ დროს, რა თქმა უნდა, ყველა ვერ თამაშობს. ხილვადობა არ არის და საკმაოდ ძნელია, ასევე სპეციალური ეკიპირებაც არ აქვთ, რომელიც ღამისთვისაა საჭირო. ამ დროს საჭიროა სპეციალური ტყვიები, რომლებიც სროლის დროს ღამე ჩანს. ჩვენთან ამას არ იყენებენ, მაგრამ უახლოეს მომავალში ვეცდებით, რომ ეს დეტალი გამოვასწოროთ. ამ დროს უფრო ის ჯგუფები თამაშობენ, ვინც წლებია ამ სპორტს მისდევს. დამწყებს შეიძლება არ მოეწონოს. რადგან ღამე ვერაფერს ხედავს, ტერიტორია არ იცის და ამიტომ მათთვის ისე მიმზიდველი არ არის…
– ბრძოლის მისია რა არის ხოლმე?
– ღამის თამაშისას რამდენიმე ვარიანტია. ერთია – შენობის აღება. შენობაში შედის 5 ადამიანი, ამაგრებენ შენობას და გარედან უტევს 20 ადამიანი. ამ შემთხვევაში თამაში საკმაოდ ძნელია. რადგან გვაქვს კიბეები, ფანჯრები, სახურავი და დაძაბული თამაში გამოდის. მუდმივად სროლის და აფეთქებების ხმა ისმის.
– ვიცი, რომ აკეთებთ ასაფეთქებელ საშუალებებს…
-„ლიმონკები“ კეთდება, ჩვეულებრივი საახალწლო ასაფეთქებლისგან. შეგიძლია გულში, ან გარშემო ჩაუყარო სიმინდის მარცვლები, ბარდა ან ნებისმიერი რამე. მთავარია წონა ჰქონდეს, სიმძიმე, რომ შორს ისროლო, ამის დანიშნულება ესაა. ეფექტურია 5 მეტრის რადიუსში და ოთახებში. სადაც შეაგდებ, ლიკვიდირებულია ის ადამიანი, ვინც იქ იქნება…
– მოხვდა თუ არა ტყვია, ეს მოთამაშის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული?
– „აირსოფტში“ კეთილსინდისიერება აუცილებელია. არიან ადამიანები, რომლებიც არ ამბობენ. როცა გუნდი თამაშობს და ერთი ასეთი გამოერევა, სხვები ამას ამჩნევენ. ერთ დღეს შეიძლება არ შეიმჩნიონ, მეორე დღეს რომ გააკეთებს იგივეს – ეტყვიან და თუ ასე გააგრძელა, მისი გაშვება ხდება.
– ერთი თამაში რამდენ ხანს გრძელდება?
– ეს დამოკიდებულია თამაშის, მისიის სირთულეზე. დაახლოებით ერთი საათი და მეტი…
– ჩემპიონატები საქართველოს მასშტაბით ტარდება?
– ჩემპიონატები ყოველ წელს ტარდება, რომელსაც საქართველოს „აირსოფტის“ ასოციაცია ატარებს. სამწუხაროა, რომ სხვა ქვეყნიდან ვერ ჩამოდიან. იარაღის გადატანა და შემოტანა ძალიან დიდი პრობლემაა. სწორედ ამის გამო ვერ ხდება მეზობელ ქვეყნებთან ერთად თამაში. ასევე ხელს გვიშლის დაფინანსების პრობლემაც… ამ კუთხით ჯერჯერობით წინააღმდეგობები გვაქვს და იმედია, გამოსწორდება.
– ჰობი… დაივინგი და ფრენა…
– „აირსოფტის“ გარდა წყალში ვყვინთავ და პარაპლანით დავფრინავ. წყალქვეშ თევზებზე ვნადირობ. ძირითადად, თბილისის ზღვაზე, სადაც ბევრია ლოქო და კარასი. გვხვდებიან ლოქოები, რომელსაც არ ვესვრით. რადგან ზომაში იმდენად დიდები არიან, შეიძლება რამე დაგვიშავონ. ლოქოს საერთოდ კბილები არ აქვს, დაზიანებით ვერაფერს გიზამს. თუმცა, როცა შენზე დიდია, შეუძლია დაგიჭიროს და სიღრმეში შეგათრიოს.
– წყალქვეშა სამყაროს ინტერესი როდის გაგიჩნდა?
– ბავშვობაში წყალბურთზე დავდიოდი. სოფელში, რა თქმა უნდა, მდინარეზე ვცურავდი და ვთევზაობდი. ალბათ აქედან გამომყვა ამ სპორტის სიყვარული. პროფესიით ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის სპეციალისტი ვარ, თუმცა სპორტის ეს სახეობები ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო გახდა. კვირის განმავლობაში წყალქვეშ 3-ჯერ ვნადირობ, „აირსოფტ“-ს 2-ჯერ ვთამაშობ და პარაპლანით ხშირად დავფრინავ. ჩემი პროფესიით მუშაობა ერთი მიზეზით არ მინდა, რადგან მაშინ თბილისიდან შორს გსავლა მიწევს და ამ ყველაფერს ვკარგავ…
ნინო ჯაჯანიძე