წულუკიანის შავი სია – იუსტიციის სამინისტროდან გაშვებული კვალიფიციური კადრები
გაზეთი “პრაიმტაიმი” იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებიდან თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებაზე წერს. გაზეთის ინფორმაციით, ერთ-ერთი ბოლო, ვისაც სამსახურის დატოვება მოუწია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე ნოდარ ყანჩაველია. ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსი იოსებ ბაღათურია, რომლის თქმითაც, სამოქალაქო რეესტრი ნოდარ ყანჩაველის პრიორიტეტი არ იყო.
“ყანჩაველი ადეიშვილის დავალებით მუშაობდა კახეთის აღორძინებაზე და სამოქალაქო რეესტრი მაინცდამაინც არ აინტერესებდა. ეს არ იყო მისი პრიორიტეტი. ვფიქრობ, სამოქალაქო რეესტრის სამართავად უფრო კომპეტენტური კადრია საჭირო. როგორც ჩანს, მან ეს იგრძნო ჩემგან, გაღიზიანდა და გააკეთა ეს განცხადება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და იუსტიციის მინისტრთან მუშაობა რომ სასურველია, ამიტომაც მე ორი დღის წინ წამოვედი სასამართლოდან და დავუდექი მინისტრს გვერდით”, – აღნიშნა იოსებ ბაღათურიამ.
“პრაიმტაიმს” სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა წულუკიანის შავი სია, საიდანაც ირკვევა, რომ 2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერში საჯარო რეესტრის იურიდიული სამსახურიდან 10-მდე კვალიფიციური კადრი გაუშვეს. როგორც გამოცემა წერს, ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების გარდა, თეა წულუკიანის მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამს სამოქალაქო სექტორიც. ერთ-ერთი გახლავთ ორგანიზაცია “ყველა თაობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე გია სალუქვაძე.
“საზოგადოების ყველაზე დიდი გულისწყრომა ხარვეზების დამდგენი კომისიის ხარჯთაღრიცხვამ გამოიწვია. მისი დაპირება იყო და ამაზე მინისტრად დანიშვნის პირველ დღეებშიც აქტიურად საუბრობდა, რომ უნდა შექმნილიყო ეს კომისია, რომელსაც უამრავი ადამიანი მოუთმენლად ელოდა. მივიღეთ სრულიად საპირისპირო. ქალბატონმა თეამ განაცხადა, რომ მან მთავრობის სხდომაზე გაიტანა ეს საკითხი, მაგრამ იმის გამო, რომ საკმარისი თანხები არ აღმოჩნდა, რათა დაზარალებულებზე გაიცეს კომპენსაცია, მან ეს საკითხი უკან გაიტანა. როდესაც მთავრობის სხდომაზე მინისტრს გააქვს რაღაც პროექტი, მას აუცილებლად უნდა ახლდეს ფინანსური დასაბუთება. მე მაინტერესებს, ვინ დათვალა, რომ 7 მილიარდია ამ ყველაფრისთვის საჭირო. თუ მან ეს თანხა წარუდგინა მთავრობას, ცხადია, არ დაამტკიცებდნენ, რადგან რეალურად ამის საშუალება, მართლაც, არ არის”, – ამბობს სალუქვაძე.
სალუქვაძე კეზერაშვილის საქმის შესახებ პასუხისმგებლობას წულუკიანს აკისრებს. მისი თქმით, ის, რომ ქართულმა მხარემ ვერ მოახერხა დავით კეზერაშვილის ინტერპოლზე გადაცემა და საქართველოში ჩამოყვანა, წულუკიანის პასუხისმგებლობაა. “პროკურატურის გამოსვლა შეიძლება იყო სუსტი, მაგრამ ექსტრადირების დოკუმენტაცია ხომ იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. რატომ ვერ დაასაბუთა ამ უწყებამ, რომ კეზერაშვილი საქართველოსთვის უნდა გადმოეცათ? ჩნდება ლოგიკური კითხვები. არის საუბარი, რომ ამ საკითხზე წულუკიანს პრივატული საუბარი ჰქონდა ერთ-ერთ უცხოელ დიპლომატთან, სადაც მოხდა გარკვეული გარიგება. გამოვიდეს ქალბატონი მინისტრი და ახსნას, იყო თუ არა ასეთი საუბარი. მისი დუმილი აჩენს აშკარა ეჭვებს”, – აცხადებს სალუვაძე. მისივე ინფორმაციით, იუსტიციის ამინისტრიდან უამრავი პროფესიონალი კადრი გაუშვეს, ხოლო რა მიზეზით, ამას არ ხსნიან.