“Erasmus+“ – ის გვერდზე არსებულ რუკაზე აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად არის წარმოდგენილი

ევროკავშირის საგრანტო პროგრამა “Erasmus+“ – ის ოფიციალურ გვერდზე არსებულ რუკაზე აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად არის წარმოდგენილი. კონკრეტულად კი, საუბარია, “Erasmus+“- ის ვებგვერდის ერთ-ერთი სერვისის – დისტანციური კალკულაციის (Distance calculator) ველზე, სადაც წარმოდგენილ რუკაზე აფხაზეთი საქართველოსგან გამიჯნულია და მასზე “აფხაზეთი“ რუსულ და აფხაზურ ენებზე წერია.
აღსანიშნავია, რომ ამავე რუკაზე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორია, აფხაზეთის ტერიტორიის მსგავსად, უწყვეტი ხაზით არის შემოსაზღვრული. თუმცა აფხაზეთისგან განსხვავებით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის აღნიშვნაზე წარწერა არ არის დატანილი.
“კვირა“ აღნიშნულის თაობაზე საქართველოში “Erasmus+“-ის წარმომადგენლობას დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ ისინი ფაქტზე რეაგირებას უმოკლეს დროში მოახდენენ.
კერძოდ, საქართველოში “Erasmus+“-ის წარმომადგენლობა ინფორმაციას მიაწვდის საქართველოს შესაბამის სამთავრობო უწყებებს – განათლების და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. საქართველოში “Erasmus+“-ის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ ასევე ეცნობება საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობას.
“ჩვენ საქმის კურსში ვართ, ჩვენი მხრივ, აღნიშნულის შესახებ უმოკლეს ვადებში ეცნობება საქართველოს შესაბამის სამთავრობო უწყებებს, კერძოდ, განათლების და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ასევე დავუკავშირდებით საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობას“, – აცხადებენ საქართველოში “Erasmus+“-ის წარმომადგენლობაში.
“კვირა“ საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს მისია ბრიუსელში უკვე დაუკავშირდა “Erasmus+“-ის ოფისს, სადაც განმარტეს, რომ მათ ოფიციალურ გვერდზე განთავსებული რუკა აღებული აქვთ www.openstreetmap.org-დან. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საიტზე ნებისმიერ ინტერნეტ მომხმარებელს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,რომ რუკაზე შესწორების შეტანის მიზნით, როგორც „Erasmus+“-თან ასევე www.openstreetmap.org-ის წარმომადგენლობასთან ქართული მხარე შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.
ცნობისთვის, „Erasmus+“ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც ახორციელებს პროექტებს განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით.

http://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/tools/distance_en.htm

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები