რა სანქციები ემუქრებათ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში – „კვირას“ ექსკლუზიური ინტერვიუ გიგი გიგიაძესთან
2016 წლის 9 მარტს, ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურად წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს.
უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მოქალაქემ, რომელიც შენგენის ქვეყნებში მოგზაურობას ან გადაადგილებას გადაწყვეტს, რა სახის დოკუმენტაცია უნდა იქონიოს ევროკავშირის ქვეყნების საზღვარზე, ამ საკითხთან დაკავშირებით „კვირა“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიგი გიგიაძესთან.
– ვის ექნება საშუალება, შენგენის ქვეყნებში უვიზო რეჟიმით ისარგებლოს, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება?
– შენგენის ქვეყნებში უვიზო რეჟიმით შეუძლია ისარგებლოს საქართველოს ყველა იმ მოქალაქემ, რომელსაც საქართველოს ბიომეტრული პასპორტი აქვს.
– რა დამატებითი დოკუმენტაცია უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქემ, გარდა ბიომეტრული პასპორტისა?
– საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც გააჩნია ბიომეტრიული პასპორტი, შეძლებს იმოგზაუროს შენგენის წევრ ქვეყნებში. თუმცა საზღვრის გადაკვეთისას მესაზღვრეებმა შესაძლებელია, მათ მოსთხოვონ დამატებითი საბუთები, როგორიცაა, მაგალითად, დაზღვევა, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი და ასე შემდეგ… თუმცა, როგორც წესი, ამის ვალდებულება არ არსებობს, მაგრამ მესაზღვრეს აქვს ამის უფლება, დამატებით ეს საბუთები მოითხოვოს.
– იქნება თუ არა საჭირო საბანკო რეკვიზიტები, ან სხვა სახის ანალოგიური დოკუმენტაცია?
– ბანკიდან ამონაწერი საჭირო არ იქნება, თუმცა საჭირო იქნება ისეთი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუ როგორ აპირებს საქართველოს მოქალაქე, რომელიც შედის შენგენის ზონაში, თავისი თავის ფინანსურად უზრუნველყოფას, მაგალითად, შეიძლება მოითხოვონ საკრედიტო ბარათი, ან გაქვთ თუ არა გარკვეული რაოდენობის თანხა, ანუ აქვს თუ არა საქართველოს მოქალაქეს შენგენის ქვეყნებში მოგზაურობისთვის ფინანსური შესაძლებლობა იმ პერიოდში, რა პერიოდშიც უნდა დაჰყოს იმ ქვეყანაში.
– საქართველოს რა კატეგორიის მოქალაქეებს შეეზღუდებათ შენგენის ქვეყნებში უვიზო რეჟიმით სარგებლობა ?
– ვერ ისარგებლებს საქართველოს ის მოქალაქე, ვისაც არ გააჩნია, პირველ რიგში, საქართველოს ბიომეტრული პასპორტი, ვინც ვერ მოახერხებს იმის დადასტურებას, რომ ის, მართლაც, კეთილსინდისიერად აპირებს ამ თავისუფლებით სარგებლობას. თუმცა, როგორც წესი, ასეთი კატეგორია, რომ ვერ ისარგებლებს, არ არსებობს, სავიზო რეჟიმის საბოლოო ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად, პირადობის დამადასტურებელი პასპორტით ისარგებლოს შენგენის ქვეყნებში, თავისუფლად გადაადგილდეს და დარჩეს მხოლოდ და მხოლოდ 90 დღე.
– უვიზო რეჟიმი გავრცელდება თუ არა სტუდენტებისთვის, ან სამუშაოს მაძიებელთათვის?
– ვიზალიბერალიზაცია არ გავრცელდება და ვერ ისარგებლებენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც სურთ აკადემიური სწავლების დაწყება ან დასაქმება. მათთვის აუცილებელი იქნება ჩვეულებრივ, ისევ სასწავლო ვიზით წასვლა, რომლის მიღებაც შეეძლებათ თბილისში იმ ქვეყნის საკონსულოდან, სადაც აპირებენ აკადემიურ სწავლებას. უვიზო რეჟიმი არ გავრცელდება არც სამუშაოს მაძიებელთათავის. ანუ ვისაც ევროპის ქვეყნებში დასაქმება სურთ, მათ უნდა მოახერხონ შესაბამისი განაცხადის შეტანა სამუშაო ვიზის მისაღებად. მაგრამ, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ უვიზო რეჟიმით შეუძლიათ ისარგებლონ მოკლევადიანი სასწავლო კურსებით, როგორიცაა ენის შემსწავლელი 2-3-კვირიანი კურსები ან კონფერენციები, ტრენინგები და ასე შემდეგ, ასეთ შემთხვევაში, უვიზო რეჟიმით შეეძლებათ სარგებლობა და არანაირი შეზღუდვა არ იარსებებს.
– უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ თუ არა საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ადრე იმყოფებოდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მათ იქ დანაშაული ჩაიდინეს, ან სხვა კატეგორიის დანაშაულში ამხილეს?
– თუ საქართველოს მოქალაქე შენგენის წევრი რომელიმე ქვეყნიდან დეპორტით არის გამოსული, მისთვისაც იქნება შეზღუდვა. ის ვერ შეძლებს, თავისუფლად გადადგილებით სარგებლობას, სანამ ამოიწურება ის ვადა, რომელიც დოკუმენტშია ჩაწერილი, ანუ დაახლოებით ეს არის 5 წელი. თუ პირი ერთხელ უკვე იყო გამოძევებული შენგენის ზონიდან, მასზე ვრცელდება ჩვეულებრივი სანქცია და ის 5 წლის მანძილზე ვერ შეძლებს, უვიზო რეჟიმით ისარგებლოს. ის ვერც ვიზას მიიღებს, რადგან უკვე დაფიქსირებული იქნება შესაბამის „შავ სიაში“. შეზღუდვა შეეხებათ იმ პირებს, რომლებსაც შენგენის ზონაში აქვთ რაიმე სახის დანაშაული ჩადენილი და დეპორტირებულები არიან ევროპის ქვეყნებიდან.
– საქართველოს მოქალაქემ, რომელიც რამდენჯერმეა ნასამართლევი, შესაძლებელია თუ არა ისარგებლოს ვიზალიბერალიზაციის პროცესით და თავისუფლად შეძლოს შენგენის ქვეყნებში გადაადგილება?
– პირს, რომელმაც სასჯელი საქართველოში მოიხადა და მას ნასამართლეობა მოხსნილი აქვს, რასაკვირველია, ისიც შეძლებს, ისარგებლოს და მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
– რა ემუქრებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ამჟამად არალეგალურად იმყოფებიან?
– საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არალეგალურად ცხოვრობენ, ზოგიერთს ასეთი მოსაზრება გაუჩნდათ, რომ ვიზალიბერაზაციის ამოქმედების შემდეგ საქართველოში ჩამოვლენ და შემდეგ უკან ლეგალურად დაბრუნდებიან. ეს არის მცდარი. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ შემთხვევაში საზღვრის გადმოკვეთის პროცესში ისინი ავტომატურად მოხვდებიან „შავ სიაში“, ვინაიდან დაფიქსირდება, რომ ისინი დიდი ხნის მანძილზე იმყოფებოდნენ ამა თუ იმ ქვეყანაში და ავტომატურად აღმოჩნდებიან სპეციალურ სიაში. მათ მიმართ გავრცელდება 5-წლიანი სანქცია. ისინი ვერ ისარგებლებენ და ზოგიერთი ჩვენი თანამემამულის ის განცდა, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ დაბრუნდებიან საქართველოში, შემდეგ კი ისევ უკან ჩავლენ და ლეგალურად იცხოვრებენ, არის მცდარი. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ვიზალიბერალიზაციით შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს იმ კეთილსინდისიერმა მოქალაქეებმა, რომლებსაც არანაირი დარღვევა არ აქვთ ჩადენილი ევროკავშირის ქვეყნებში, არც დეპორტირებულები არიან და რომლებიც აპირებენ, კეთილსინდისიერად ისარგებლონ ამ თავისუფლებით.
– რა სანქციები ემუქრებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც დაარღვევენ უვიზო რეჟიმით გათვალისწინებულ ნორმას?
– იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბიომეტრიული პასპორტი აქვს, შევა ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში და დაარღვევს იქ ყოფნის რეჟიმს, ანუ 90 დღეს, თუნდაც ერთი წუთს გადააცილებს, ავტომატურად მოხვდება „შავ სიაში“ და მისთვის ევროკავშირის ზონა 5 წლის ვადით დაიკეტება. ასევე შესაძლებელია, მათ დაეკისროთ ფინანსური სანქცია. მოხდება მათი გამოდეპორტირება და ისინი ამ თავისუფლებას დაკარგავენ.
– ეს ყველაფერი რომ თავიდან აიცილონ საქართველოს მოქალაქეებმა, რა გაფრთხილებას მისცემდით მათ?
– ეს ყველაფერი რომ თავიდან იქნეს აცილებული, საქართველოს მოქალაქეებმა კეთილსინდისიერად უნდა დაიცვან ლიმიტირებული ყოფნის საშუალება შენგენის ქვეყნებში. 180 დღეში, ანუ 90 დღის განმავლობაში, გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, ექვს თვეში შეუძლიათ გამოიყენონ 90 დღე, მათ შეუძლიათ 180 დღის განმავლობაში რამდენჯერმე შევიდნენ, ანუ მულტივიზის ანალოგიური პირობებით ისარგებლონ. კიდევ ვიმეორებ, ერთი წუთითაც თუ გადააცილეს ამ ვადას, მათზე ვრცელდება 5- წლიანი სანქციები და ეს იქნება ძალიან მკაცრი სანქციები. ევროკავშირის ქვეყნები ემზადებიან ამ პროცესისთვის, როგორც კი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე თავისუფალი რეჟიმის ვადას გადააცილებს, იმ წუთასვე მოხდება მათი დაკავება და უკან დააბრუნებენ. ჩვენ გვაქვს ანალოგიური შემთხვევები თურქეთთან, როდესაც საქართველოს მოქალაქეები არღვევენ უვიზო რეჟიმის პირობებს.
– იგივე სანქციები ემუქრებათ ჩვენს მოქალაქეებს, როგორც თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან, თუ სასჯელი გაცილებით მკაცრი იქნება?
– ჩვენ გვაქვს ანალოგიური შემთხვევები როგორც თურქეთში, ასევე ისრაელშიც, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ვეღარ ახერხებენ ვერც თურქეთში და ვერც ისრაელში უკან დაბრუნებას. თუმცა, შენგენის ქვეყნების შემთხვევაში სანქცია გაცილებით მკაცრი იქნება. კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო საქართველოს მოქალაქეები, ვინც არაკეთილსინდისიერად ეცდება, ჩვენი სახელმწიფოს ეს დიდი მონაპოვარი დაარღვიოს და საკუთარი ქმედებით საქართველოს სახელმწიფო შეურაცხყოს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს. ეს ქვეყანა არის ჩვენი საერთო და არა რომელიმე ინდივიდის. ევროკავშირი იტოვებს იმ უფლებას, რომ სიტუაციის გართულების შემთხვევაში, დახუროს უვიზო რეჟიმი, ამიტომ ყველამ უნდა გაიზიაროს ჩვენი ქვეყნის ეს დიდი და მნიშვნელოვანი ღვაწლი ამ მონაპოვრისთვის.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის თანხმობის შემდეგ, ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებს განახლებულ რეგულაციას და ცვლილებას ხელს მოაწერენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. ცვლილების საფუძველზე საქართველო შეტანილ იქნება იმ ქვეყნების ნუსხაში, რომლებიც შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმით სარგებლობენ. ევროკავშირთან მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება რეგულაციის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 20 დღეში.
მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გავრცელდება 30 ქვეყანაზე: შენგენის სივრცის ევროკავშირის წევრი 22 ქვეყანაა: პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, იტალია, დანია, შვედეთი, ფინეთი, ავსტრია, საბერძნეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, მალტა. შენგენის კანდიდატი, ევროკავშირის 4 წევრი ქვეყანაა: კვიპროსი, ხორვატია, რუმინეთი, ბულგარეთი. შენგენის ასოცირებული 4 ქვეყანაა: ისლანდია, ნორვეგია, ლიხტენშტაინი, შვეიცარია.
იზა შაქარაშვილი