„ვისაც ჟურნალისტობა უნდა, პრესის ჟურნალისტი გახდეს და მაინცდამაინც მიკროფონს ნუ დახარბდება…“
„ჟურნალისტიკაში შემთხვევით აღმოვჩნდი. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ამ სფეროში მოვხვდებოდი და წერას დავიწყებდი. 90-იან წლებში სამსახურის დიდი არჩევანი არ გვქონდა, რაც გამოჩნდებოდა, იმას ვთანხმდებოდით. ასე გამოჩნდა ჩემი ძმის დამსახურებით გაზეთი „ახალი 7 დღე“…“ – ჟურნალისტი ია ვეკუა.
– 16 წელი ჟურნალისტიკაში…
– 22 წლის ვიყავი, ჟურნალისტად მუშაობა რომ დავიწყე. გამოცდილება საერთოდ არ მქონდა. ფაქტობრივად ქუჩიდან მივედი, სადაც ხათუნა მაისაშვილი და ლია ტოკლიკიშვილი დამხვდნენ. ჩვენი რედაქციის თავზე ჩეჩნეთის წარმომადგენლობა იყო განთავსებული. ხიზრი ალდამურთან, ჯოხარ დუდაევის თამებრძოლთან გამიშვეს ინტერვიუზე. ეს იყო პირველი სტატია, რომელსაც ჩემი სახელი და გვარი მიეწერა. „ახალ 7 დღეში“ თითქმის ხუთი წელი ვიმუშავე და ხშირად ვამბობ – ძალიან დიდი სკოლა გავიარე. თუ ვინმეს ჟურნალისტობა უნდა, ეს სკოლა აუცილებლად უნდა გაიაროს.
2001 წელს გაზეთი „მთავარი გაზეთი“ გაიხსნა და იქ გადავედი. ყოველდღიური გაზეთი იყო და თავიდან, ცოტა შეშინებული ვიყავი. ყოველდღიურ გაზეთში სტატიები არა მხოლოდ მოცულობით არის პატარა, ანალიზის საშუალებაც ნაკლებად გეძლევა. მაგრამ იქ დათო ბუხრიკიძე დამხვდა განყოფილების რედაქტორი და დამეხმარა. გაზეთმა მხოლოდ ორი წელი იარსება და დახურვის შემდეგ გაზეთ „24 საათში“ გადავედი, სადაც დღემდე ვმუშაობ. მაგრამ, „24 საათი“ არ არის ერთადერთი გაზეთი, წლების განმავლობაში სხვადასხვა ჟურნალებთან: „ამარტა“, „მუდმივი“, Forbes, Contact, Closer, Nargis, „თბილისი OUT“, Focus ვთანამშრომლობ. ფაქტობრივად, წერის გარდა, არაფერს ვაკეთებ.
– მხოლოდ ბეჭდურ მედიაში მუშაობ?
– ტელევიზია და რადიო ჩემთვის აუთვისებელი კუნძულივით არის. მქონდა შემოთავაზებები. მივდიოდი, სცენარის დონეზე გავაკეთებდი გადაცემას, მაგრამ არ ხორციელდებოდა. ალბათ, იმიტომ, რომ ს იქ მუშაობის სურვილი არასდროს მქონდა. მათთან თანამშრომლობას თუ ვთანხმდებოდი, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის ხათრი მქონდა. მათ სხვა სპეციფიკა, რეჟიმი, მონაცემები, სქემები სჭირდებათ. შეიძლება, არაკოლეგიალურად გამომივიდეს, მაგრამ ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ ცოტა არაჯანსაღი დამოკიდებულება მაქვს და არც მინდა, მათ კატეგორიაში გავიდე.
– წლების განმავლობაში ალბათ იყო, სირთულეებიც?
-მე ისეთ სფეროში ვმუშაობ, რომ სირთულეები ნაკლებად არის. კულტურის სფერო პოლიტიკისგან განსხვავებით შედარებით ნეიტრალურია. ნაკლები თავსატეხი გვაქვს. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ქართველი ხელოვანები ზედმეტად პრეტენზიულები არიან. არ უყვართ, როცა აკრიტიკებ. ცოტა არაჯანსაღადაც განიცდიან. აქვთ არადეკვატური რეაქციები. არ ვიცი, შეიძლება, სხვა ქვეყნებშიც ასეა.
ყოფილა, ზარები, მუქარა, ამ ფილმზე, მუსიკოსზე ასე რატომ დაწერე. იყო სანქციები, რომ იმ რეჟისორის მეორე ფილმზე აღარ გეძახიან. არ უნდათ შენი კრიტიკის მოსმენა. ცოტა შეუმდგარ და უნიჭო რეჟისორებს განსაკუთრებით აქვთ განვითარებული საკუთარი ეგო. ჰგონიათ, რომ შედევრებს ქმნიან, მაგრამ ასე ხომ არ არის. ზედმეტად პრეტენზიულები და არაადეკვატურები არიან, მაგრამ მე ეს არ მაწუხებს, რადგან პროფესიულ და მეგობრულ ურთიერთობას ერთმანეთში არ ვურევ. ყველა ჟურნალისტსაც მოვუწოდებ, რესპონდენტებს არ დაუმეგობრდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად დაკარგავენ ობიექტურობას.
– როგორ ფიქრობ, რა არის თანამედროვე ჟურნალისტიკის პრობლემა?
– გამომდინარე იქიდან, რომ მე არასდროს მისწავლია ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ვერ გეტყვით პრობლემა რაშია: უმაღლესი სასწავლებლის მიერ პროფესიული განათლების მიცემაში თუ თავად ჟურნალისტებში. ფაქტი ერთია, რომ ქართველმა ჟურნალისტებმა კითხვის დასმა არ იციან. ისინი პრესკონფერენციაზე მხოლოდ იმიტომ მოდიან, რომ აკრედიტაცია მიიღონ, კადრები აკრიფონ და სინქრონები ჩაწერონ. სამწუხაროდ, თვითონ პრესკონფერენციის კულტურაც არ არსებობს ჩვენთან. ეს რა თქმა უნდა, იმ ადამიანების დანაშაულიცაა, ვინც პრესკონფერენციას ატარებს და მორგებულნი არიან ქართველი ჟურნალისტების წესებს.
არა ერთი შემთხვევა იყო, როცა პრესკონფერენციებზე, იმ შემთხვევაშიც კი, ზეპირად რომ ვიცოდი, რას იტყოდნენ, ავმდგარვარ და კითხვა დამისვამს. ელემენტარული უხერხულობა რომ ამეცილებინა თავიდან და პრესკონფერენცია შემდგარიყო, ტელევიზიის ჟურნალისტებს კადრები აეკრიფათ, ჩემი უმცროსი კოლეგებისთვის მეჩვენებინა, რომ კითხვის დასმის კულტურა ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს. სასაცილოა, მე რომ კინოფესტივალის პრესკონფერენციაზე ავდგები და კითხვას დავსვამ, რადგან ზეპირად ვიცი, რა და როგორ იყო, რა იქნება, ლამის შედეგებიც შემიძლია ვთქვა წინასწარ. ამის გამო ხშირად ვვარდები უხერხულ მდგომარეობაში. ნაკლებად სასიამოვნოა, როცა საყოველთაო ყურადღების ცენტრში ექცევი. სხვათა შორის, ერთ-ერთი ტელევიზიის ოპერატორმა მითხრა, – არც ერთი ტელევიიზის ოპერატორს არ მოსწონხარ, ყველას ეზიზღები, რომ დაგინახავენ, ამბობენ – ფუ, ეს გოგო კიდევ აქ არის, ესე იგი პრესკონფერენცია არასდროს დამთავრდება… მათ უცბად უნდათ, კადრების აკრეფა, სინქრონის ჩაწერა და წასვლა.
კითხვის დასმის პრობლემა განსაკუთრებით აქვთ ტელევიზიის ჟურნალისტებს, რომლებიც მიკროფონის ხელში დაჭერისთანავე ფიქრობენ, რომ ღმერთები არიან, მათთვის ყველა კარი ღიაა და რესპონდენტები ფეხქვეშ გაედებიან. მე კი ვფიქრობ, რომ მიკროფონის ხელში დაჭერა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რასაც ქართველი ჟურნალისტები ვერ გრძნობენ. ამიტომ გვაქვს დღეს ასეთი ცუდი ტელევიზია. ჟურნალისტი რომ გქვია ადამიანს და კითხვის დასმა არ იცი, სამარცხვინოა. თორემ, რესპონდენტთან 100 პროცენტით მომზადებული ვერავინ მივა. მაშინ არ გჭირდება ეს რესპონდენტი. უბრალოდ, ის მაინც უნდა იცოდე, ვისთან მიდიხარ, რაზე უნდა ელაპარაკო.
– ვიდეოთამაშები შენს ცხოვრებაში…
– საბჭოთა კავშირის დროს, 80-იან წლებში მე და ჩემს ძმას დედაჩემმა გვიყიდა ტელევიზორის მისადგმელი „ვიდეოსპორტი“. პრიმიტიული კონსოლი იყო – ეკრანზე გამოსახულ ორ ჯოხს მართავდი და შენი ჭკუით ჩოგბურთს თამაშობდი. ეს იყო პირველი შეხება თამაშებთან. უფრო სიღრმისეულად ეს თემა ჩემს ცხოვრებაში დაახლოებით 10 წლის წინ შემოვიდა, როცა სერიოზულად დავიწყე თამაში. პერსონალურ კომპიუტერზე არასდროს მითამაშია, მხოლოდ კონსოლებზე ვთამაშობდი, ბოლო 4-5 წელია კი „პლეისთეიშენზე“ ვთამაშობ. დროთა განმავლობაში ვიდეოთამაშები გართობიდან ნელ-ნელა ჰობად იქცა, შემდეგ უკვე საქმედ. ძალიან მეამაყება, რომ უკვე თითქმის ერთი წელია იმ გუნდის წევრი ვარ, რომელიც საქართველოში ვიდეოთამაშების შექმნის მარათონ Game Jam-ს ატარებს.
– როგორც ვნახეთ, დიდი ინტერესი გამოიწვია მარათონმა…
– წელს მარათონი უკვე სამჯერ ჩავატარეთ. აღმოჩნდა, რომ ჩვენთან არა მხოლოდ თამაშის მოყვარულები არიან, არამედ, ადამიანებიც, ვინც მათ ქმნიან: გრაფიკოსები, მხატვრები, ანიმატორები, ანუ დეველოპერები. პირველი მარათონი თებერვალში ჩატარდა. მაშინ ღონისძიებას მხოლოდ ჟურნალისტის როლში ვესწრებოდი, და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გავაცნობიერე, რომ ჩვენს ქვეყანაში პარალელური სამყაროებიც არსებობს და საერთო მასისგან გამორჩეული ადამიანები ცხოვრობენ.
Game Jam-ის პრინციპი ასეთია: ორი დღე-ღამის განმავლობაში გუნდები ერთ სივრცეში არიან და კონკრეტული თემის მიხედვით თამაშის პროტოტიპს – ერთ ან ორწუთიან სათამაშო მონაკვეთს ქმნიან. როდესაც წლის განმავლობაში ასეთ ღონისძიებას სამჯერ ატარებ, ეს ნიშნავს, რომ გყავს კონტინგენტი, არის დაინტერესება. არიან ორგანიზაციები, რომლებიც ქართველი დეველოპერების მიერ შექმნილი პროექტებით ინტერესდებიან და ა.შ.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა მარათონზე ახალ-ახალი სახეები გვემატება, რომელთა შორის არიან ახალგაზრდებიც და უფროსის ასაკის ადამიანებიც, ბევრინი არიან რეგიონებიდან. შეიძლება ითქვას, რომ ეს სფერო, კინემატოგრაფის მსგავსად, შოუბიზნესის ნაწილია, ხელოვნებაა, როგორც კინო და მუსიკა. რაც მთავარია, არის შემოსავლიანი ბიზნესი. მთელს მსოფლიოში მზარდი სფეროა. ამერიკასა და იაპონიაში უკვე ათეული წლებია ვითარდება, ნელ-ნელა ვრცელდება ევროპაშიც. ასაქმებს ძალიან ბევრ ადამიანს: რეჟისორებს, მხატვრებს, სცენარის ავტორებს, გრაფიკოსებს, ანიმატორებს, მსახიობებს და სხვა, ანუ კომპლექსური, გუნდური სფეროა. ჩვენთან ეს კულტურა ნელ-ნელა ძლიერდება, მაგრამ სჭირდება მხარდაჭერა და მიხედვა, რათა ცალკე ინდუსტრიულ ხაზად ჩამოყალიბდეს. მეოთხე „ჯემის“ ჩატარებას აპრილში ვაპირებთ და გპირდებით, რომ უფრო მასშტაბური და საინტერესო ღონისძიება იქნება.
– ამ სფეროს განვითარებას სჭირდება ფინანსებიც…
– ვერ ვიტყვი, რომ ეს არის სფერო, რომელსაც ყურადღებას არ აქცევენ. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, კერძო კომპანიები, თავისუფალი უნივერსიტეტი, „ჯეოსელი“ მხარში გვიდგანან. ვინც საღად აზროვნებს იცის, რომ ტექნოლოგიები კაცობრიობის მომავალია. 50 წლის შემდეგ დედამიწა ერთი დიდი მექანიზმი იქნება და ამას ვერსად გავექცევით. სანამ დროა, შენი თავი უნდა იპოვო და ჩაერთო, თორემ დაიკარგები. ტექნოლოგიური პროცესის გარეშე არაფერი არ გამოვა.
– წლებია უკვე კულტურის სფეროში, სხვადსხვა მიმართულებით წერ…
– თეატრის, ოპერისა და მხატვრობის გარდა ყველაფერზე ვწერ. ამ სფეროებში ვერ ვერკვევი. არ მინდა ყცველაფერს მივედ-მოვედო და ხარისხი ვერ მივიღო. ჩემი კონკრეტული ნიშები ავირჩიე და მირჩევნია, აქ ვიყო კარგად.
– ჯაზფესტივალი და კინოფესტივალი…
– ჯაზფესტივალი უკვე დამკვიდრებული ბრენდია. მთელმა მსოფლიომ იცის ბათუმის და თბილისის ჯაზფესტივალების შესახებ. წლებია ტარდება და ისეთი ხალხია ნამყოფი, რომ შეუძლებელია ამ ფესტივალს არ ჰქონდეს თავისი სახე და პრესტიჟი. ეს არის პროდუქტი, რომელიც უკვე შემდგარია. განსხვავებით თბილისის კინოფესტივალისგან, რომელსაც მართლა სჭირდება პატრონი, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პატარა ფესტივალების შესაფერის ხარისხს ეს ფესტივალი, ასე თუ ისე, გვაძლევს. კინო უფრო დემოკრატიული ხელოვნებაა, უფრო საინტერესოა და ვფიქრობ, მეტი ხელშეწყობა სჭირდება. პატრონი რომ ჰყავდეს, კარგი კინოფესტივალი იქნებოდა. ჯაზფესტივალს არაფერი უჭირს, კარგი ორგანიზატორიც ჰყავს, სტუმარი და მსმენელი არასდროს აკლია. ეს მისი ავტორების დამსახურებაა. ნამდვილად საამაყოა, რომ მსოფლიოში ცოცხალი ჯაზმენი არ დარჩა, საქართველოში, რომ არ იყოს ნამყოფი.
თბილისის კინოფესტივალზე კი მართლა გული მწყდება, რადგან პოტენციალი არის, უფრო კარგი ფესტივალი გაკეთდეს. სამწუხაროდ, ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი არსებობს. საშუალოდ ფესტივალზე 130 ფილმს აჩვენებენ, როცა პატარა კინოფესტივალებისთვის ერთ კვირაში 300 ფილმის ჩვენება ჩვეულებრივი მოვლენაა. რომ ვიკითხე, ფილმების რაოდენობა იზრდება თუ არა, მიპასუხეს: ვერ იზრდება, იმიტომ, რომ ადგილები არ არის, სადაც შეიძლება ფილმები ვაჩვენოთო. ქვეყანაში კინოდარბაზები არ არის. არის მხოლოდ კინო „რუსთაველი“ და კინო „ამირანი“, რომლებიც კერძო ორგანიზაციებია და უნდა იქირაონ. კინოდარბაზის ქირაობა 20 ათასი ჯდება, ამ თანხით კი 10-15 ფილმის ჩვენების უფლებას იყიდი. ქალაქში მუნიციპალური კინოთეატრები რომ არსებობდეს, პრობლემა მოიხსნებოდა. ამიტომ, სახელმწიფომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს.
– თანამედროვე ქართული კინო…
– ქართული კინოს შეფასების დროს ხშირად გვესმის სიტყვები „ქართული კინოს ფენომენი“, რაც ფაქტობრივად არ არსებობდა. რაც გვქონდა, საბჭოთა კინომატოგრაფიის ნაწილი იყო. კარგი იყო თუ ცუდი, საბჭოთა სივრცეში იყო გამორჩეული. შეიძლება ითქვას, რომ ქართული კინო ახლა იბადება და პროგრესიც არის. ეს წლევანდელმა კინოფესტივალმაც დაადასტურა. 15 წელია საქართველოში ფესტივალი არსებობს და პირველი შემთხვევაა, როცა ქართული ფილმების კონკურსი ცალკე იყო. 7 ფილმი აჩვენეს, რაც ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში 7 კარგი ფილმი გამოვიდა, რომლებიც საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში შევიდა. ჩვენი ქვეყნისთვის ეს არც ადვილია და არც ცოტა. 2005 წლამდე ახალი ფილმი არ გვქონია. ნანა ჯორჯაძის 1997 წლის ფილმის შემდეგ, „ოსკარის“ ნომინაციამდე ახლოსაც არ მივსულვართ, „ოქროს გლობუსის’ ნომინაციაში ხომ ფილმი არასდროს გვქონია. წელს კი ფილმი „მანდარინები“ მოხვდა. აგრეთვე, ორი ფილმი – „მანდარინები“ და „სიმინდის კუნძული“ „ოსკარის“ 9 საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში წარადგინეს. აქამდე, ყველა ქართული ფილმი მხოლოდ საშუალო ხარისხის კინოფესტივალებზე მიდიოდა და იმარჯვებდა. ესეც კარგია, მაგრამ თუ კანამდე, ვენეციამდე და ბერლინამდე არ მიხვედი, კინოქვეყნად არასდროს ჩაითვლები. თუ წლის განმავლობაში 20 ფილმი მაინც არ გამოუშვი, კინო ქვეყანად არ გაღიარებენ. კინოქვეყანა მაშინ ხარ, როცა აწარმოებ, ქვეყანაში ფული შემოგაქვს, კარგი კინოფესტივალი და გამართული კინოსტუდია გაქვს. გაქვს საშუალება, რომ ზაზა ურუშაძე ფილმს რომ გადაიღებს, ჩეხეთში და პოლონეთში არ ჰქონდეს სარბენი ხმის დასადებად. მეორე დიდი უბედურებაა, რომ ქვეყანაში კინოსტუდია არ არსებობს, იქაურობა საბჭოთა მენტალიტეტით მოაზროვნე საბჭოს წევრების ანაბარაა დატოვებული. არც თვითონ აკეთებენ არაფერს და არც სხვას აძლევენ გაკეთების საშუალებას.
რეჟისორების კი ნამდვილად კარგი თაობა წამოვიდა. განსაკუთრებით ქალი რეჟისორების.
– ყველაზე საინტერესო რესპონდენტი…
– ეს ბევრჯერ მიხსენებია: 2001 წელს მქონდა ჩემი ჟურნალისტური კარიერის პიკი, როცა ინტერვიუ ჩავწერე თბილისში სტუმრად მყოფ ფელინის სცენარისტ ტონინო გუერასთან. ამაზე დიდი რესპონდენტი არ მყოლია. ცხადია, კიდევ მყოლია საინტერესო რესპონდენტები, მაგრამ იმდენად ბევრი, რომ ახლა მიჭირს გახსენება. არც ისე დიდი ხნის წინ, მე და ჩემმა მეგობარმა უხეშად დავთვალეთ სტატიების რაოდენობა, რაც წლების განმავლობაში დაგვიწერია და თითოს 4 ათასამდე სტატია გამოგვივიდა.
რადგან ამ სფეროში ვარ, ალბათ, საინტერესო ხალხიც მხვდება და იმიტომ არ ვეშვები. საინტერესო პროფესიაა, თუმცა, არ არის ადვილი, იყო პრესის ჟურნალისტი. ის ქაღალდზე უფრო დიდხანს, სამუდამოდ რჩება, ვიდრე ტელესიუჟეტში. სხვანაირი პრესტიჟიც არის.
მზევინარ ხუციშვილი