იანვარ-თებერვალში გაზზე მომუშავე მანქანების აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა
2016 წლის დასაწყისიდან დღემდე, ავტომანქანაში დამონტაჟებული გაზის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიწვა.
როგორც „კვირას“ იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, 10 პაციენტიდან ექვსი სხეულის სხვადასხვა სახის დამწვრობით კლინიკაში მოთავსდა, ხოლო ოთხს ამბულატორიული მკურნალობა დასჭირდა.
რიგით მეათე პაციენტი დამწვრობის ცენტრში ახმეტის რაიონიდან გუშინ ჩამოიყვანეს.
გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, 60 წლის მამაკაცმა მანქანის აფეთქების შედეგად მე-2-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო.
„ახმეტის რაიონიდან პაციენტი მივიღეთ. როგორც გაირკვა, მანქანა, რომელსაც 60 წლის მამაკაცი მართავდა, გაზზე მუშაობდა.
გაზის აფეთქების შედეგად, მამაკაცს სხეულის ზედა კიდურები და თავის არე აქვს დამწვარი, მას მიღებული აქვს მე-2-3 ხარისხის დამწვრობა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
იზა შაქარაშვილი