ქართველთა დაპირისპირების მიზეზი ემიგრანტების საქართველოში გადმოსვენება ხდება

საბერძნეთის დედაქალაქში საქართველოს მოქალაქის ელისო ვარდანიძის გარდაცვალებას და შემდგომ ცხედრის  სამშობლოში გადმოსვენებას,   ათენში  ორ კომპანიას შორის   დაპირისპირება მოჰყვა. 

„კვირა“ ამ ორ კომპანიას შორის დაპირისპირების მიზეზების გარკვევას შეეცადა. ორივე კომპანიის ქართველი  წარმომადგენლები „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავენ, რომ  ისინი ბიზნესკონკურენტები არ არიან. თუმცა,  ერთმანეთის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას არ „იშურებენ“. უფრო მეტიც, მათი დაპირისპირების მიზეზი ის ქართველი ემიგრანტები არიან, რომლებმაც სიცოცხლე საბერძნეთში დაასრულეს.
ორივე  კომპანიის წარმომადგენლები ქართველი ემიგრანტები არიან.  12289649_996238203767128_3393149452889528805_n

 საქმე ეხება ათენში დარეგისტრირებულ  სარიტუალო მომსახურების ბიუროს საბერძნეთში და შპს  „ჩიკორია ექსპრესს“.

 ათენში მდებარე სარიტუალო მომსახურების ბიუროს მფლობელი საბერძნეთის მოქალაქე ნიკოლაის ხსინაა, ამ უკანასკნელის მეუღლე კი ქართველი ემიგრანტი მარინე გელოვანია. ამავდროულად, გელოვანი ”საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა ურთიერთდახმარების ფონდის“  ხელმძღვანელია და  საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი  ემიგრანტების   სამშობლოში გადმოსვენებას  ორგანიზებას უწევს.

 ათენში მდებარე მეორე კომპანია შპს  „ჩიკორია ექსპრესის“ მფლობელი ქართვ10422913_557403451029715_3685999861479476301_nელი ემიგრანტი გიორგი ოკრიბელაშვილია, რომელიც  საბერძნეთში დიდი ხანია ცხოვრობს და ბიზნესმენია.

გიორგი ოკრიბელაშვილის კომპანია  ევროპის  სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ამანათებისა და  ტვირთების გადაზიდვას  საჰაერო-სახმელეთო  გზებით ახორციელებს.

2016 წლის 5 თებერვალს ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე, 34 წლის ელისო ვარდანიძე გარდაიცვალა.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ელისო ვარდანიძის  სიკვდილის მიზეზი  გრიპის ვირუსის გართულებული ფორმა და პნევმონია გახდა.  ვარდანიძეების ოჯახი საქართველოში ბაღთათის რაიონში ცხოვრობენ და ისინი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. 
„კვირას“ ექსკლუზიური ინფორმაციით, გაირკვა, რომ ოჯახს  გარდაცვლილის  გადმოსვენების საშუალება არ ჰქონდა და სახელმწიფოს დახმარებას სთხოვდა.  ელისო ვარდანიძის სამშობლოში გადმოსვენებას თავდაპირველად ორგანიზება  ”საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა ურთიერთდახმარების ფონდის” ხელმძღვანელმა მარინა გელოვანმა  გაუწია და ემიგრანტების დახმარებით თანხის შეგროვება დაიწყო.
„13 წლის განმავლობაში ქართველი ემიგრანტების სამშობლოში გადმოსვენებას  ორგანიზებას ვუკეთებ.   ჩემს  მეუღლეს  დამკრძალავი ბიურო აქვს.   პირადად მე, მარინა გელოვანი არც დასაქმებული ვარ და არც ხელფასი მაქვს ამ კომპანიაში.  არც ანაზღაურებას ვღებულობ.  უბრალოდ ჩემი სურვილით,  ჩემი ნებით   ქართველებს გვერდით ვუდგავარ, რათა გადასვენების საქმე მოვუგვარო.  მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, სხვა კომპანიებისაგან განსხვავებით, ემიგრანტების გადმოსვენების პროცედურები მინიმალურ ფასად განვახორციელოთ.   არანაირ მოგებას ეს კომპანია არ ღებულობს“, – აცხადებს მარინა გელოვანი „კვირასთან“ საუბრისას.
ამასთანავე, მარინა გელოვანი არ მალავს და ამბობს, რომ  კომპანიაში შესაბამისი დოკუმენტაციაც არსებობს, თუ რამდენი ქართველის  გადმოსვენება მოხდა სამშობლოში მისი მეუღლის დახმარებით.12784523_1092899714065854_767183543_n
თუმცა, არის კიდევ ერთი დეტალი, იმ შემთხვევაში,  თუ  ქართველი ემიგრანტის გადმოსვენების ხარჯებს საქართველოს სახელმწიფო თავის თავზე იღებს,  დროში გაწელილი პროცედურის გამო,  მარინა გელოვანი ემიგრანტების მიერ  შეგროვილი თანხით ცხედარს საქართველოში  მეუღლის კომპანიის დახმარებით გადმოასვენებს, შემდეგ კი სახელმწიფოსგან მიღებულ თანხას ელოდება.
„მე არაფერს  მიხდის სახელმწიფო. ყველა ის შესაბამისი  ქვითრები, რაც შედის გადასვენებაში,  არსებობს და    ჩვენი კომპანიის მიერ დაყვანილია მინიმალურ თანხამდე. ათენში სხვადასხვა კომპანია არსებობს, რომლებიც საკმაოდ სოლიდურ თანხებს ითხოვენ, ჩემი ქმრის კომპანია კი მინიმალური თანხებით ახორციელებს ამ პროცედურას,  აეროპორტამდე 1500 ევრო ღირს ცხედრის მიყვანა და ამას დამატებული თვითმფრინავის ბილეთი, ეს ყველაფერი ჯდება  2500 ევრო“, – ამბობს მარინა გელოვანი.
სწორედ მარინა გელოვანის მეუღლის კომპანიამ გადმოასვენა საქართველოში  ათენში გარდაცვლილი  ელისო ვარდანიძე.
ხოლო ელისო ვარდანიძის ნივთები და სხვადასხვა სახის  ტვირთი შპს „ჩიკორია ექსპრესმა“ საქართველოში ჩამოიტანა.
„წინა წლებში,  ჩემმა კომპანიამ, საკუთარი ხარჯებით  11 ცხედარი გადმოასვენა  საქართველოში.   გარდა   ამისა,  ამჟამად, ჩემს კომპანიას  4 ქართველი მიცვალებულის პირადი ნივთები მოაქვს უსასყიდლოდ. თითოეული 1000-დან 1200 ევრომდე ჯდება.  სხვათა შორის, ელისო ვარდანიძის ოჯახის  ტვირთიც ჩემმა კომპანიამ  ჩამოიტანა საქართველოში.  ჩემს  კომპანიას ამ საკითხის მიმართ არანაირი ბიზნესინტერესი არ აქვს. ერთადერთი, რაც მაღელვებს, ამ ხალხის გაჭირვებას ვხედავ.  არაერთი ქართველის გადმოსვენების დროს  ფულს აგროვებენ, ძალიან დიდი მამაძაღლობა მიდის  ამ საკითხზე, ისიც კარგად ვიცი, რამდენი   გარდაცვლილია მაცივრებში გაჭედილი და ელოდებიან გადმოსვენებას, ამიტომ გული მტკივა“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას  ბიზნესმენი გიორგი ოკრიბელაშვილი.
ელისო ვარდანიძის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში,  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით  გადაწყდა, რომ   34 წლის ელისო ვარდანიძის სამშობლოში გადმოსვენების  ხარჯებს სახელმწიფო დაფარავდა.   თუმცა საქართველოში ცხედრის გადმოსვენება დროულად ვერ მოხერხდა.  ვინაიდან,  ელისო ვარდანიძეს  ათენში 3 წლის შვილი და დედაც ჰყავდა,  სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის  შეგროვებას გარკვეული დრო დასჭირდა.
ამ დროის  მონაკვეთში 2016 წლის 19 თებერვალს,   საქართველოს პრემიერ-მინისტრის,  გიორგი კვირიკაშვილის ინციატივით,    უცხოეთში  ქართველი ემიგრანტების  სამშობლოში გადმოსვენების საკითხი  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, ხოლო  უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების ხარჯებს მთავრობა გაიღებს.
ორ ქართველს შორის დაპირისპირება სწორედ  საქართველოს მთავრობის  ინიციატივას მოჰყვა. დღემდე არსებული კანონით, უცხოეთში გარდაცვლილი ემიგრანტის საქართველოში გადმოსვენება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრეროგატივა იყო. თუმცა სამინისტრო მხოლოდ იმ შემთხვევაში  ფარავდა გადმოსვენების ხარჯებს, თუ ქართველი ემიგრანტი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა. სწორედ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის საფუძველზე,  საქართველოში ელისო ვარდანიძის ცხედარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელსეწყობით განხორციელდა. მოგვიანებით კი საქართველოდან  2400 ევრო,  ჯერ საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ანგარიშზე, შემდეგ კი   მარინა გელოვანის ანგარიშზე  გადარიცხა. 12804371_1092897477399411_1427667920_n
“მან დაინახა საფრთხე. დაპირისპირება დაიწყო ვარდანიძის გარდაცვალების შემდეგ. სახელმწიფომ  ცხედრის გადმოსვენება თავის თავზე აიღო,  ეს მაშინ ჩემი წვლილიც იყო, იმიტომ რომ გარდაცვლილის ნივთები  საქართველოში ჩემმა კომპანიამ   ჩამოიტანა.  მე, გიორგი ვარ, ოკრიბელაშვილი, მარტო ესაა საკმარისი. პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შედეგად, სახელმწიფო სრულად დაიწყებს ყველა  ემიგრანტის გადმოსვენებას. კერძოდ, გადმოსვენებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განახორციელებს და  არის კიდევ  მესამე, მნიშვნელოვანი საკითხი: კერძოდ, გადმოსვენება განხორციელდება ღიად,  სახელმწიფო იმ კომპანიას დაუდგება  გარანტად,  რომელიც  გადმოსვენების პროცესში  შესთავაზებს უფრო დაბალ და იაფ  ფასს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ  კომპანია  ემიგრანტისგან  წინასწარ აღარ მოითხოვს  თანხას, ვინაიდან   საქართველოდან თანხის საზღვარგარეთ ჩარიცხვას  დრო სჭირდება.  ალბათ,  ეს მოხვდა გულზე მარინას.  შეიძლება მეც მქონდეს, ბიზნესინტერსი, თუმცა, თავის დროზე, 6 ქართველის ცხედარი  ჩემი სახსრებით გადმოვასვენე საქართველოში. მათ შორის, მარინას მეუღლის კომპანიისთვისაც მაქვს ფული გადარიცხული.  საქართველოს სახელმწიფოდან  ელისო ვარდანიძის გადმოსვენებისთვის გახარჯული თანხა  კვირაზე მეტია  მარინა გელოვანის ანგარიშზეა  დარიცხული. სახელმწიფო სახსრების ხარჯვას კონტროლი სჭირდება, როგორ ფიქრობთ, ამ თანხებს სახელმწიფო კონტროლს არ გაუწევს? და ამ თანხებს საკონსულო და საელჩოები გააკონტროლებენ.   პოლიტიკურ ქულებს ვინ იწერს, მარინა გელოვანმა კარგად გადახედოს  თავის  „პოსტებს“ რა..“ – ამბობს გიორგი ოკრიბელაშვილი.

დაპირისპირების  განსხვავებული მიზეზი აქვს მარინა გელოვანს.
„რადგან ელისო ვარდანიძის  ოჯახს  გადმოსვენების საშუალება არ ჰქონდა და სახელმწიფომ თავდაპირველად  უარი თქვა  ოჯახის დაფინანსებაზე,  ემიგრანტებმა თანხა შეაგროვეს და ოჯახს გვერდით დაუდგნენ.  ემიგრანტებმა თავისი გულსწყრომა და საყვედური გამოთქვეს  საქართველოს  სახელმწიფოს  მეთაურის მიმართ.  ოკრიბელაშვილი კი სახელმწიფოს ადვოკატად მოგვევლინა და  საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერა ღიად დააფიქსირა.  ყველას, თუ ვინმე თავის აზრს გამოთქვამდა, მათაც უპირისპირდებოდა,    მათ შორის მეც.  პრემიერ-მინისტრის ამ ინიციატივის შემდეგ, ყველა კომპანიას გაუჩნდა ინტერესი, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – არ ვიცი, ამას დამკრძალავი კომპანიები როგორ დაარეგულირებენ. კერძოდ,   სახელმწიფოდან თანხის გადმორიცხვა  გვიანდება.  ორი-სამი კვირა მაინც აგვიანდება,   არცერთი კომპანია არ გადაასვენებს საქართველოში მიცვალებულს, თუ არ იქნება  თანხა  დროულად.  ამ შეღავათს ვუკეთებ საქართველოს სახელმწიფოს. მე თანხის ნაწილს ვაძლევ ჩემი მეუღლის კომპანიას და ველოდები, როდის გადმორიცხავს სახელმწიფო შესაბამის თანხას.  მიჩნდება უამრავი კითხვა ოკრიბელაშვილის მიმართ. ის  არის ბიზნესმენი.  მას   არაერთხელ და პირადად ჩემთვისაც  უთქვამს:
„მე არ ჩავდებ თანხას ისე, რომ  აქედან მოგება არ მექნება.  ის  აცხადებს საჯაროდ,  რომ ყველაფერს აკეთებს მოგების მიზნით. ამის შემდეგ მიჩნდება კითხვა,  რატომ ერევა მიცვალებულის გადმოსვენების საქმეში, რომელიც მას არ ეხება, როდესაც  ოჯახი  მას არანაირ მინდობილებას  არ აძლევს. რა თქმა უნდა, უპირველესად ოჯახზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელ კომპანიას მიენდობა მიცვალებულის გადმოსვენების დროს.  პირადად, ოკრიბელაშვილს კონკურენტად არ მივიჩნევ, მის კომპანიას არ შეუძლია მიცვალებული გადმოასვენოს. ის სახელმწიფოს ეპირფერება და  ნდობას იძლიერებს.  აჩვენებს, რომ  თითქოს მე ვუპირისპირდები სახელმწიფოს და ჩირქს მცხებს და თვითონ, სახელმწიფოს იცავს და კარგი ბიჭი გამოდის“, – აცხადებს მარინა გელოვანი.
და ბოლოს,  მარინა გელოვანმა სოციალურ ქსელში  ბიზნესმენ გიორგი ოკრიბელაშვილის მიმართ  ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონ გიორგი ოკრიბელაშვილს!
რამდენადაც ცნობილია, თქვენ ხელმძღვანელობთ ათენში არსებულ, ამანათების გადაზიდვის საქმეს, კომპანია ”ჩიკორია ექსპრესის” სახელწოდებით. ამდენად, თქვენი საქმიანობა შემოიფარგლება ამანათების გადაზიდვით.
როგორც ახლახან თქვენგან შევიტყვე, თურმე ამ კომპანიის მისამართზე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისიც გქონიათ და ევროპისგან დაფინანსებებიც მიგიღიათ ემიგრანტების კონსულტაციისთვის.
გარდა ამისა, ამ ბოლო პერიოდში ძალიან აქტიური გახდით და უშუალოდ ცდილობთ ჩარევას გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის გადასვენების საქმეშიც.
მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ საბერძნეთში, მიცვალებულთან დაკავშირებულ საქმეს, მხოლოდ ”სარიტუალო ბიურო” აგვარებს და მხოლოდ მას აქვს ნება დართული, რომ მიცვალებული გადაასვენოს და მოაგვაროს ამ პროცესთან დაკავშირებული საკითხები. არსებობს ძალიან ბევრი ასეთი ბიურო, ერთ-ერთ მათგანს მე ვუკეთებ ორგანიზებას და პირადად მე ვაგვარებ საქართველოში გადასვენების საქმეს. ამიტომ, ბატონო გიორგი, თქვენი ჩარევა ამ შემთხვევაში პირდაპირი და უშუალო გზით არანაირად არ არის შესაძლებელი. უფლება არ გაქვთ, არც გარდაცვლილის ოჯახთან იქონიოთ კავშირი, არც იმ დაწესებულებებთან იქონიოთ კავშირი, რომლებიც ჩართულნი არიან ამ საქმეში.12814784_1655025388091364_995313685067870981_n
თავად ამბობთ, რომ ცდილობთ, მოაგვაროთ გარდაცვლილის გადასვენების საქმე. ეს თქვენი განცხადება და მოქმედება პირადად ჩემთვის გაურკვეველია და მხოლოდ გარკვეულ კითხვებს ბადებს. არაერთხელ გითქვამთ ჩემთვის და არც მალავთ, რომ თქვენ ხართ ბიზნესმენი და არასოდეს არ აკეთებთ ისეთ საქმეს, სადაც მოგებას არ მიიღებთ. ამიტომ, იბადება ჩემი კითხვა თქვენ მიმართ და მაინტერესებს:
– რა დაინტერესებას ხედავთ ამ საქმეში და რა მოგება მიგიღიათ ან რა მოგებას ელოდებით მომავალში, პირადად, თქვენ?
მინდა იცოდეთ, რომ მიცვალებულის საქმეში ”მოგება” ჩემთვის არ არსებობს. ეს არის ძალიან ფაქიზი და უდიდესად მტკივნეული თემა. ერთადერთი ადამიანი ვარ საბერძნეთში, რომელმაც გადასვენების ხარჯები მინიმალურ დონემდე დაიყვანა და პირადად არანაირ ანაზღაურებას არ ვიღებ. გთხოვთ, ნურც თქვენ ნუ შეგექმნებათ რაიმე ილუზია ამასთან დაკავშირებით.
საკმაოდ კარგი, მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს ამ საქმეში და ძალიან კარგად ვიცი, როგორ უნდა მოვაგვარო ყველა დეტალი, როგორ დავუკავშირდე საქართველოს საკონსულოს, სახელმწიფო უწყებებს და როგორ დავაკვალიანო ოჯახი. თქვენი დახმარება არც მე და არც გარდაცვლილის ოჯახს არანაირად არ გვჭირდება. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, ეს არის გარდაცვლილის პირადი ნივთების გაგზავნა საქართველოში თქვენი ოფისის საშუალებით. თუ გულთან მიიტანთ ოჯახის ტრაგედიას და უფასოდ გააგზავნით, ეს იქნება თქვენი სახელი და თქვენი ”ქულები”.
გარდა ამ ყოველივესი, გსურთ, რომ პოლიტიკური ელფერი მისცეთ იმ ჩემს განცხადებებს და გამოსვლებს, რაც გადასვენების საქმეს უკავშირდება. თქვენი ჩემდამი დამოკიდებულებით ცდილობთ, რომ ”ჩირქი მომცხოთ” და ათასგვარ გაუგებრობაში გამხვიოთ. ნება დამრთეთ, რომ თავად ვიყო პასუხისმგებელი ჩემს მიერ დაწერილი თითოეული სიტყვის მიმართ და თავად გავუძღვე საქმეს, რომელიც ძალიან კარგად ვიცი. არ ვსაჭიროებ არც თქვენს რჩევებს, არც დახმარებას, არც მითითებას.
არასოდეს არ ჩავრეულვარ თქვენს საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ არაერთმა ემიგრანტმა მომმართა და მთხოვა, მომეგვარებინა ის გარკვეული პრობლემები, რაც თქვენ გიკავშირდებოდათ. როგორც უკვე აღვნიშნე, თქვენი საქმე ამანათების გადაზიდვით შემოიფარგლება და გთხოვთ, ნუ გასცდებით თქვენი მოქმედების ფარგლებს. ნუ ცდილობთ ”ქულების” ჩაწერას თქვენს სასარგებლოდ.
შორს გარდაცვლილი ემიგრანტისაგან!!!!!“ – წერს მარინა გელოვანი სოციალურ ქსელში.
რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 19 თებერვლის ინიციატივას, „კვირა“ ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გიორგი კვირაკაშვილის ინიციატივა მუშაობის პროცესშია და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

იზა შაქარაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები