გლდანში, საშაურმეში აფეთქება მოხდა – დაშავდნენ მომხმარებლებიც
გლდანის ერთ-ერთ საშაურმეში გაზის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 შაურმის მყიდველი იყო. შემთხვევის შედეგად დაშავებულებიდან 3 პირი დამწვრობის ცენტრში მოათავსეს.
როგორც „კვირას“ იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, კლინიკაში შემოსვლისას სამივე პაციენტს სახისა და მტევნების დამწვრობა აღენიშნებოდა. მისი თქმით, პაციენტებმა შემთხვევის შედეგად, მე-2-3 ხარისხის დამწვრობა მიიღეს.
„აფეთქების შედეგად, კლინიკაში შემოყვანილია 3 პაციენტი. თუმცა ცნობილია, რომ დაშავებულია 4, მაგრამ ერთ-ერთმა პირმა გადაწყვიტა, კლინიკისთვის არ მოემართა. დაშავებულებიდან ერთ-ერთი, რომელიც საშაურმეს თანამშრომელია, ამჟამად რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო ორი, რომელიც საშაურმეში შაურმის საყიდლად მივიდა და დაშავდა, ამჟამად კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას. ქირურგიაში მოთავსებული პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ხოლო დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
მომხდართან დაკავშირებით „კვირა“ შს სამინისტროსაც დაუკავშირდა. სამინისტროს პრესცენტში აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე (პრიმა) მუხლით მიმდინარეობს. როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, წინასწარი ინფორმაციით, საშაურმეში ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა. მომხდარი ფაქტის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
იზა შაქარაშვილი