3 პირის მკვლელობაში ბრალდებული „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სპეცრაზმში მსახურობდა
ზუგდიდში 3 ადამიანის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული დავით ბეჭვაია, რომელმაც დანაშაული აღიარა, წარსულში სპეცრაზმში მსახურობდა.
ბრალდებული ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენიდანაა, – ამის შესახებ „კვირას“ ზუგდიდის რაიონის საკრებულოში სოფელ ნარაზენის წარმომადგენელმა ნანა ჯანჯღავამ განუცხადა.
მისი თქმით, დავით ბეჭვაიას სამი შვილი და მეუღლე ჰყავს, ეს უკანასკნელი კი ზუგდიდის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექიმია.
„ძალიან კარგი და გადასარევი ოჯახია. თავად დავითი სამართალდამცველი იყო და სხვადასხვა დროს ძალოვან უწყებაში მუშაობდა. ამჟამად უმუშევარი იყო. მეუღლე ზუგდიდში ექიმად მუშაობს. კარგის მეტი არაფერი შემიძლია გითხრათ ამ ოჯახზე“, – აღნიშნა ნანა ჯანჯღავამ.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, სამი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დავით ბეჭვაია, სავარაუდოდ, 2010 წლის 1 ივლისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ფიჩორში განლაგებულ ქართული პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმის შედეგად დაიჭრა. ქართულ საგუშაგოს ცეცხლი გალის რაიონის სოფელ ოტობაიადან გაუხსნეს. სროლა დაახლოებით 10-15 წუთს გაგრძელდა და ქართველი პოლიციელი დავით ბეჭვაია დაიჭრა. ის სასწრაფო დახმარების მანქანით ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ აბასთუმანში, ხეცერის უბანში, ანგარების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1970 წელს დაბადებულ პაატა ჩ-ს, 1984 წელს დაბადებულ გიორგი ფ-ს, 1964 წელს დაბადებულ მერაბ ა-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ზუგდიდში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილებს ოჯახის წევრები და სამართალდამცველები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
როგორც „კვირას“ ერთ-ერთი გარდაცვლილის, მერაბ აბესაძის მეუღლემ განუცხადა, მის მეუღლეს ზესტაფონის რაიონიდან 2 პირი ესტუმრა, რომლებსაც სამეგრელოში ცოცხალი პირუტყვის ყიდვა სურდათ.
„დილას, 6 საათზე ორი ზესტაფონელი მოვიდა ჩვენთან სახლში და ჩემი მეუღლე წაიყვანა. ზესტაფონელები (აკა და გიორგი) ჩვენთან მსხვილფეხა პირუტყვის შესაძენად ჩამოვიდნენ და მათ ჩემი მეუღლე გაჰყვა. დაახლოებით 12 საათზე მეუღლეს გადავურეკე, თუმცა მისი ტელეფონი გათიშული იყო. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე დავრეკე, მაგრამ ვერ დავუკავშირდი. საღამოს, დაახლოებით 6 საათზე, ჩვენთან ზესტაფონის რაიონის შს სამმართველოდან დარეკეს და ჩემი მეუღლე მოიკითხეს, მაგრამ მერაბი შინ არ იყო. როგორც გავიგე, ზესტაფონელებისგან, ერთ-ერთის შვილი მთელი დღე ურეკავდა მამას, მაგრამ ვერ უკავშირდებოდა და პოლიციას მიმართა“, – ამბობს გარდაცვლილი მერაბ აბესაძის მეუღლე, რუსუდან აბესაძე.