წყალტუბოში სწავლის მიმდინარეობისას საჯარო სკოლის კედლები ჩამოინგრა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში საჯარო სკოლის ფასადის და დერეფნის კედლები ჩამოინგრა. შემთხვევა ხუთშაბათს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოხდა, თუმცა შენობის აღნიშნულ ნაწილში არც მოსწავლეები და არც პედაგოგები არ იმყოფებოდნენ.

სკოლის შენობა ამორტიზებულია და გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს.

როგორც “კვირას“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ჩხეტიანმა განუცხადა, ფლიგელის აღნიშნულ ნაწილზე გაჩენილი ბზარები ორი კვირის წინ შეამჩნიეს. რის შემდეგაც, ტერიტორია სპეციალური ლენტით შემოსაზღვრეს და მიმდებარე საკლასო ოთახებში გაკვეთილები აღარ ტარდებოდა.

ჩხეტიანის თქმით, მომხდარის შესახებ ეცნობა განათლების სამინისტროს.

სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლაში ხვალისთვის საექსპერტო ჯგუფს ელოდებიან.

“შენობის აღნიშნულ ნაწილზე ბზარები შენიშნეს თუ არა, დირექტორმა საქმის კურსში ჩამაყენა. ამის შემდეგ ბავშები სხვადასხვა კლასებში გადავანაწილეთ. ტერიტორია სპეციალური ლენტით შემოვსაზღვრეთ და დარაჯი მივუჩინეთ. მომხდარის შესახებ ვაცნობეთ განათლების სამინისტროს, ხვალ ველოდებით საექსპერტო ჯგუფს, ისინი ადგილზე შეისწავლიან ვითარებას და მათი დასკვნის შემდეგ შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება. თუ რეაბილიტაციას დაექვემდებარა, საახალწლო არდადეგების პერიოდში ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები, თუ გაცილებით მასშტაბური სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო ალტელნატიურ ფართში გადავიყვანთ მოსწავლეებს დროებით“, – განუცხადა “კვირას“ მამუკა ჩხეტიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები