სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩის გამოკითხვა დაიწყო

 საკალათბურთო სუპერლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://superleague.ge/ge/allstar/vote/) “ყველა ვარსკვლავის” მატჩისთვის ხუთეულების შერჩევა დაიწყო.
“ყველა ვარსკვლავის” მატჩ-აქციას წლეულს რუსთავი უმასპინძლებს, რითაც რეგიონებში კალათბურთის პოპულარიზაციის ტრადიცია გრძელდება. 25 იანვარს, რუსთავის სპორტულ დარბაზში ოლ სტარის მატჩი და აქციის შემადგენელი ჩატენვებისა და 3-ქულიანი სროლების კონკურსები გაიმართება. 3-ქულიანების კონკურსში მონაწილეობას 7 კალათბურთელი მიიღებს: შარშანდელი გამარჯვებული გიორგი ბარბაქაძე (ქუთაისი) და მიმდინარე სუპერლიგის 6 საუკეთესო სნაიპერი. რაც შეეხება ჩატენვების კონკურსს, მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილე გუნდების სასტარტო ხუთეულებს გულშემატკივრები შეარჩევენ და ხმის მიცემა დღეში ერთხელ შეეძლებათ. პროცედურა ტრადიციული იქნება – ყოველი ხმის მიმცემი საიტის შესაბამის განყოფილებაში წარმოდგენილი მოთამაშეებიდან შეარჩევს მისთვის სასურველ ხუთეულებს (2 უკანახაზელს, 2 ფორვარდს და 1 ცენტრს).
გამოკითხვა 23 იანვარს ღამის 12:00 საათზე დასრულდება და ყველაზე მეტი ხმის მიმღები 10 კალათბურთელი (5-5 თითოეული გუნდიდან) ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ გუნდების მწვრთნელები – ირაკლი ხოშტარია და კოტე ტუღუში დარჩენილი მოთამაშეებისგან საკუთარი შეხედულებისამებრ 7-7 კალათბურთელს შეარჩევენ, რომლებითაც შეავსებენ შემადგენლობას.
სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება ყველა ვარსკვლავის მატჩის საუკეთესო მოთამაშე, რომელსაც კომპეტენტური ჟიური დაასახელებს. მატჩი-აქციის MVP, ჩატენვებისა და 3-ქულიანების კონკურსების გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან სუპერლიგის გენერალური სპონსორისგან – აზარტული თამაშების კომპანია “ევროპა-ბეთისგან”. დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში “ყველა ვარსკვლავის” მატჩის გამოკითხვასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ოლ სტარში მონაწილე გუნდების მწვრთნელებმა – ირაკლი ხოშტარიამ („დინამო“) და კოტე ტუღუშმა განცხადებები გააკეთეს. სანამ მწვრთნელთა კომენტარებს შემოგთავაზებდეთ, გეტყვით, რომ აღნიშნული პრესკონფერენცია განსაკუთრებული იყო. პირველად, სპორტულ თემატიკაზე გამართული პრესკონფერენციების ისტორიაში, მონაწილე დარბაზში არ იმყოფებოდა და განცხადებები პირდაპირი ჩართვით, ამ შემთხვევაში, სკაიფის მეშვეობით გააკეთა. ოლ სტარის ერთ-ერთი გუნდის თავკაცი კოტე ტუღუში ლატვიაში იმყოფება, სადაც მისი კლუბი “არმია” შეკრებას გადის. სპორტის სამინისტროში გამართული პრეკონფერენციის დროს “არმია” ვარჯიშობდა, მისი მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში კი თბილისურ პრესკონფერენციაში ვალმეირას დარბაზიდან ჩაერთო. http://superleague.ge/ge/allstar/vote/ superleague.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები