აშშ-ში მამაკაცი, რომელიც 43 წლით უსამართლოდ იყო დაპატიმრებული, კვლავ დააკავეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში, უსამართლოდ დაპატიმრებული 64 წლის სუბრამანიამ ვედამის ბედმა კიდევ ერთხელ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება,- ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.
მამაკაცმა 43 წელი გაატარა ციხეში დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია და გათავისუფლებიდან მალევე, კვლავ დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვედამი 1980-იან წლებში დააკავეს, მისი 19 წლის ყოფილი თანაკლასელის, ტომ კინსერის მკვლელობისთვის. სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე მიუსაჯა.
40 წლის შემდეგ, ახალმა მტკიცებულებებმა მისი უდანაშაულობა დაადასტურა. წელს იგი გაამართლეს და გაათავისუფლეს. თუმცა, აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის (ICE) თანამშრომლებმა კვლავ დააკავეს.
ICE-ის განცხადების თანახმად, ის პატიმრობაში დეპორტაციის პროცესის დასრულებამდე დარჩება.
ვედამის ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მამაკაცმა ოთხი ათწლეულის შემდეგ თავისუფლება სისტემური შეცდომების გამო კვლავ დაკარგა.