1+1=1, თორნიკე ჯგერნაიას სრულყოფილი ცხოვრება და ორად გაყოფილი საზოგადოებრივი აზრი
თორნიკე ჯგერნაია, სახელი და გვარი, რომლის გაგების დროსაც თითქმის ყველას მის სხეულზე გამოსახული სტიგმატები ახსენდება. თუმცა, თორნიკეს აქვს დამოუკიდებელი ცხოვრება, სადაც ულამაზესი ნამუშევრების მეშვეობით პროტესტს გამოთქვამს და საქართველოში კიდევ ერთ სიახლეს ამკვიდრებს…
– თორნიკე, შენს ნამუშევრებს, შენი სტიგმატებისგან განსხვავებით, ბევრი ადამიანი არ იცნობს. როდის აღმოაჩინე, რომ შეგეძლო შემოქმედებითად განსხვავებული ყოფილიყავი?
– ვსწავლობდი ზაგორსკის სასულიერო აკადემიის ხატწერის ფაკულტეტზე. მექანიკურად გვიწევდა ქვებთან, ძვირფას თვლებთან და, ზოგადად, მეტალთან შეხება. მას შემდეგ თითქოს ჩამრჩა, რომ ძალიან ვიყავი დაინტერესებული მინანქრით. ბოლოს გადავწყვიტე გამეგო, რა მჭირდებოდა, შევიძინე და სახლში ჩავიკეტე. ფაქტობრივად 6 თვე არ ვეკონტაქტებოდი გარე სამყაროს.
– და ამ 6 თვეში შენ შექმენი ახალი ტექნოლოგია ნაკეთობების დასამზადებლად…
– მინდოდა, რომ ჩემით მიმეღწია და განმეხორციელებინა ის იდეები, რომლებიც მქონდა. შევქმენი 41 ნაკეთობა. თემა იყო, ძირითადად, ბუნება, ჩიტები, პეპლები, ყვავილები. ფილიგრანი და მინანქარი გავაერთიანე. მოვიგონე ახალი ტექნიკა. მივაღწიე იმას, რაც მე მინდოდა და ბედნიერი ვიყავი. ჩემთვის მთავარი იყო, რომ ნაკეთობები მქონდა და კმაყოფილი ვიყავი. ერთხელ, საუბრისას, გია ჯაჯანიძეს ვაჩვენე ნამუშევრები და მისგან წამოვიდა იდეა, კოლექცია საჯარო გამხდარიყო. მაშინ შევქმენი ბრენდი „თორო“ და გავაკეთე გამოფენა. უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ კრიტიკოსები გაგიჟდნენ, რადგან ამდენი საუკუნის შემდეგ მოვიფიქრე ახალი ტექნოლოგია. მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი…
– წარმატების მიუხედავად, შენ არ გინდოდა ნამუშევრები გამოფენაზე გაგეტანა, რატომ?
– საერთოდ, ბევრ რამეს ვაკეთებ საკუთარი სიამოვნებისთვის. როცა ამ ნაკეთობებს ვუყურებ, იმდენად დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას ვიღებ, აღარ მჭირდებოდა, ვინმე ნახავდა თუ არა, ან მოეწონებოდა თუ არა, ამის განსაკუთრებული ინტერესი არასოდეს მქონია.
– შედგა პირველი გამოფენა და თორნიკე ჯგერნაიამ აღმოაჩინა, რომ ეს მისთვის საკმარისი არ იყო…
– ბავშვობიდან ვთვლიდი, რომ ვიყავი ხელოვანი და არტისტი. პირველი გამოფენა ძალიან მომეწონა. უბრალოდ, ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რაც მე მინდოდა. გადის 1 წელი და ვიწყებ ახალ კოლექციაზე მუშაობას. ახლა უკვე მარტო სამკაული აღარ მინდა, მასთან ერთად პერფორმანსი მჭირდება. თუ მაყურებლამდე სათქმელი არ მიმაქვს, ვთვლი, რომ ჩემს შემოქმედებას აზრი არ აქვს. ამ დროს ჩემთვის კომერცია არ არის მნიშვნელოვანი. სწორედ ამის გამო მომდევნო წელს ჩემი კოლექციის თემა იყო „ჰიჩკოკის ჩიტები“ . ეს იყო 2012 წლის 21 დეკემბერი, ხალხი მეტეორის დაცემას ელოდება. ვაკეთებ გამოფენა-პერფორმანსს, სადაც უკვე გზავნილი მაქვს საზოგადოებისთვის. „ცრუ განგაში“ – გალიაში გამოკეტილი მოდელი ამსხვრევს საზღვრებს და იხსნის სამკაულს. სამკაულიც მე გავხადე კონცეპტუალური, შავი, წითელი და ცისფერი ფერით. შავი და წითელი მძიმე – სისხლიანი, მაგრამ ცისფერი – პასიური, სპეციალურად. ხელოვნება ზოგჯერ შეიძლება იყოს აგრესიული, იმიტომ რომ ის ატარებს გზავნილს.
– შემდეგ იყო: „როცა სიყვარული საკმარისი არ არის“…
– მე გადავედი პერფორმანსებზე. მომდევნო წლის პერფორმანსს „როცა სიყვარული საკმარისი არ არის, ანუ სუიციდი“ – ასე ერქვა. როცა, მსგავს თემებზე ვმუშაობ, ვცდილობ შევხვდე ისეთ ადამიანებს, ვისაც ჰქონდა სუიციდის მცდელობა. მათგან გავიგო მიზეზი და შემდეგ ჩავიკეტო სახლში, სადაც შევქმნი შედეგს. მივხვდი, რომ თვითმკვლელობა ხდება მაშინ, როცა ადამიანებს არ ყოფნით სიყვარული. პერფორმანსის ბოლოს პროექტორზე გადიოდა ტერორისტული აქტების და ომების კადრები.
– „ჰიჩკოკის ჩიტები 2 – განთიადი“ თითქოს გაგრძელება იყო ამ თემის…
– ერთგვარ ტრილოგიად ვაქციე და ერთი წლის შემეგ შევქმენი „ჰიჩკოკის ჩიტები 2, ანუ განთიადი“. პერფორმანსი მივუძღვენი ბავშვებს. ქვეყნებს, სადაც მიმდინარეობს საომარი მოქმედებები და ბავშვები ზარალდებიან. აქაც პროექციაზე გადიოდა ფოტოები, როგორ თამაშობენ პატარები და უკან ბომბი ვარდება. ჩვენების დასასრულს გამოვედი მე და შუბლზე დავიწერე: peace – მშვიდობა.
– შენი პერფორმანსები, გარკვეულწილად, სკანდალურია…
– ძალიან სკანდალური კოლექცია იყო, გაზაფხულის ბოლოს „ვექტორი – ანუ შემიყვარე თუ გაბედავ“. შიშველი მოდელები გამოვუშვი, მხოლოდ მამაკაცის პერანგებით, სადაც წითელი პომადით სხვადასხვა ფრაზა ეწერათ („ქალო, შედი კუხნაში“, „ქალი ქალიშვილი უნდა იყოს“ და ა.შ.), ბოლოს კი ვაჩვენე 1+1=1, ანუ ჩვენ მივეჩვიეთ ამ სიტყვას – მეორე ნახევარი. ეს სიტყვა ჩემთვის ცოტა მიუღებელია. ჩვენ არ გვჭირდება მეორე ნახევარი. ჩვენ თვითონ სრულყოფილები ვართ. მაშინ უნდა გვიყვარდეს და გვქონდეს ურთიერთობა, როცა ერთი მთლიანი ვხდებით. სწორედ ამიტომ, ჩვენების ბოლოს გამოვედი, მეცვა მაისური, რომელზეც ცხენი მქონდა ამოქარგული და საკუთარი ხელით დავიდგი მეფის გვირგვინი. ესეც იყო ერთგვარი გზავნილი, რომ მაგარი „ტიპობა“ არ ნიშნავს იმას, რომ ცოლს ხელი მაგიდაზე დაურტყა. მე ვთვლი, რომ კარგ საქმეს ვაკეთებ. მართალია, ცოლ-შვილი არ მყავს, მაგრამ მაქვს ოჯახი და რასაც აკეთებს ყველა ქართველი მამაკაცი, მეც იგივეს ვაკეთებ – ვეხმარები ოჯახს. ვთვლი, რომ არატრადიციული ოჯახი არ მაქვს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არის ხოლმე – მე ვიღებავ თმას, ვაპროტესტებ 17 მაისს, როცა სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ გამოდიან.
– მიზანმიმართულია თუ არა შენი პროტესტი?
– ყველაფერი მიზანმიმართულია. მიუხედავად იმისა, რომ მთელი გამოფენა პროტესტია, ხალხი მიეჩვია, რომ გამოვა ამ პერფორმანსის ავტორი და ბოლო წვეთს დაამატებს. ჩემი ბოლო პერფორმანსი სატელევიზიო ფორმატით მოხდა. აუცილებლად დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ტელეკომპანია „იმედს“ და „სხვა რაკურსის“ შემოქმედებით ჯგუფს. ეს ადამიანები დამიდგნენ გვერდით, რომ ჩემი შემოქმედება უფრო მასშტაბური გამხდარიყო.
– შენ პირდაპირ ეთერში თმა, წვერი და წარბები გაიპარსე…
– ბავშვებს, რომლებიც არიან ონკოლოგიური დაავადებით და ლეიკემიით ავად, სჭირდებათ თანადგომა, რომ ამ დროს გულგრილობა არის დანაშაული. შეიქმნა კოლექცია, რომელიც დატვირთული იყო ამ თემით. სულ ვამბობ, რომ ჩემს პერფორმანსს ავსებს სამკაული და ჩემს სამკაულს – პერფორმანსი. მე ვთვლი, რომ თუ ხელოვანი თავისი თანამედროვეობის პრობლემას არ ეხმაურება, მისი ხელოვნება ხელოვნებისგან შორს დგას. ბოლოს გამოვედი და გავიპარსე თმა, წარბები და წვერი.
– სანამ აქამდე მოხვიდოდი… როგორ დაგროვდა ეს ყველაფერი?
– მე მგონია, რომ მთელი ცხოვრება ამისკენ მივდიოდი. როგორ გითხრა მე მაქვს მეორე ისტორია, მე ვარ სტიგმატი. სტიგმატებმა მიმიყვანა იქამდე, რომ გავხდი პერფორმერი. მხოლოდ ერთხელ ვნახე კადრებად, რა მემართება წითელ პარასკევს და მივხვდი, რომ ეს არის შემთხვევა, როცა ღმერთი გვაფრთხილებს. მივხვდი, რომ პერფორმანსი ამის გამოა ჩემთან ძალიან ახლოს. მე ვარ პროტესტის ერთგვარი „მსხვერპლი“ (გადატანითი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა), რომ ადამიანებმა გაიხსენონ ღმერთი.
– როგორი ხარ სახლში, მეგობრებთან, ადამიანებთან…
– ოჯახში საერთოდ ამბობენ, რომ ჩემთან ურთიერთობა იოლია. მაგრამ აღნიშნავენ, რომ ვარ მკაცრი. ვერ გეტყვი, რომ ყველაფერი ძალიან დალაგებული და აწყობილი მიყვარს. რაღაც დოზით პრობლემები და ბრძოლა როცა მაქვს, ეს არის ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა. მაქვს გარკვეული საზღვრები, რომელსაც არ უნდა გადმოაბიჯო. მე შეიძლება მოგიშვათ ახლოს, ხელითაც შემეხო, მაგრამ ხელი თვალებზე არ უნდა ამაფარო. ცოტა ცვალებადი ხასიათი მაქვს, ტყუპები ვარ, ამაზე მეხუმრებიან ხოლმე – „როდის მოიქუფრები, არ ვიცითო“. ზედმეტად პირდაპირი და რადიკალი ვარ, სახლშიც და გარეთაც.
– რა პერიოდში აკეთებ გამოფენას?
– შეიძლება ერთ კვირაში შევქმნა ნამუშევრები. მაგრამ თემის დამუშავებას და ესკიზების შექმნას, ანუ მის კულმინაციამდე მიყვანას სჭირდება ხოლმე 6 თვე ან უფრო მეტი. რთულია, ასეთი მძიმე თემები მიიტანო საზოგადოებამდე ისე, რომ ამან არ გამოიწვიოს დათრგუნვა, არ გამოიწვიოს შიში.
– შენზე როგორ მოქმედებს ეს თემები?
– მიუხედავად იმისა, რომ 26 წლის ვარ, ვხუმრობ ხოლმე – მე გამოვიარე საკმაოდ დიდი ცხოვრება. იყო სტიგმატები და მასთან ერთად აღიარება და უარყოფა. მერე რუსეთი და იქაური წარმატებები. ძალიან ბევრი გამოვიარე და აღარ ვიცი, რა თემა არსებობს ისეთი, რომელიც მე დამთრგუნავს.
– სამომავლო გეგმები, როგორ წარმოგიდგენია მომავალში შენი თავი?
– მომავალი დაგეგმილი არ მაქვს. როცა დავიწყე პერფორმანსები, მაშინ ეჭვქვეშ იდგა, რამდენად შეიძლებოდა ამ სახით გავსულიყავი მოდის კვირეულზე, რამდენად დაინტერესდებოდა პუბლიკა. თუმცა, ამაზე უკვე აღარ ვფიქრობ. რადგან ყაზახეთში მიმიწვიეს ოფიციალურად და იქ მოვაწყე პერფორმანსი.
28 ნოემბერს არის მოსკოვში დაგეგმილი, სადაც შეიძლება მე ვერ წავიდე, მაგრამ ჩემი წარმომადგენელი მეყოლება, რომელიც ამ ყველაფერს გააკონტროლებს. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეს კულტურა ჩვენთანაც შემოვიდა. მადლობა ღმერთს, ხალხს პერფორმანსი ერთმანეთის სახეში შეფურთხება და უნიტაზზე დამჯდარი ბიბლიის ჭამა აღარ ჰგონია. ეს ყველაფერი ჩემი დაუღალავი შრომით და გათენებული ღამეებით შეიცვალა. პარალელურად ვაკეთებ, მაგალითად, საშობაო კოლექციას – „თოროს“ საშობაო ანგელოზები, რომელიც უკვე მესამედ მზადდება. ასევე მაქვს რამდენიმე იდეა, რომელიც ქუჩის პერფორმანსს უკავშირდება. ფაქტობრივად, გეგმის პროცესშია და იქნება აუტიზმზე. მე გადავედი რადიკალურ პერფორმანსებზე. მე მინდა ამ საქმეს ვემსახურო. ვიცი, რაც მინდა და ვიცი, რომ საქართველოში კარგად უნდა „დავარწიო“ პერფორმანსის აკვანი.
ნინო ჯაჯანიძე