რა დაწერა გია ჯაჯანიძემ დღიურში და რატომ ეჩვენება დაუჯერებლად საკუთარი ჩანაწერი 

ალბათ, არცთუ ისე ხშირია, როცა ინტერვიუს მამასთან ჩაწერ და შესაძლებლობა გაქვს, შედეგი ფართო მკითხველს გააცნო. ჩემთვის კიდევ ერთი საინტერესო საუბრიდან, გია ჯაჯანიძეზე უფრო მეტი რამ გავიგე. გავიხსენეთ და ჩვენი ოჯახის რაღაც „უცნაურობები“ ჩვენთვისაც დაუჯერებლად მოსასმენი იყო…

– როდის დაიწყო შენი „დაუჯერებელი“ ამბები…12064183_1148898928472047_1054336450_n
– დავიბადე ჭიათურაში, დილის 10-ის ნახევარზე. 9 თვიდან მახსოვს ყველაფერი, ჩემი შეგრძნებები, მაშინდელი სიტუაციები. ერთი წლისაც არ ვიყავი, ლაპარაკი რომ დავიწყე.
– არ მჯერა… 
– შეგიძლია  ყველაფერი დედაჩემს ჰკითხო. თვეების ვიყავი, სოფელში წამიყვანეს, მეზობელმა დიდი მამალი მაჩუქა, თუმცა სახლში რომ წამოვედით, პატარა წიწილა გამომატანეს. ლაპარაკი რომ დავიწყე, დადაჩემს ვკითხე, მაშინ ის დიდი მამალი წიწილაში რატომ გამიცვალეს-მეთქი…
– უცნაურია… ხშირად გითქვამს, რომ ბავშვობაში არ თამაშობდი. როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვობა ადამიანის ჩამოყალიბებაში…12083878_1148898958472044_1046917090_n
– რაც არ უნდა თქვა, რომ ბავშვობა წამართვეს, ან უბედური ვიყავი, ბავშვობა მაინც არის ლაღი რა გაჭირვებაშიც არ უნდა იყო. თუ ადამიანი არის გონიერი, იმ მძიმე ბავშვობასაც გამოიყენებს თავის მომავალში. არ მახსოვს, პირველად როდის გავიგე: „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“ – ეს მარტო სწავლაზე არ არის, ცხოვრებაშიც ასე ხდება. ძალიან ხშირად არის ხოლმე, ადამიანები კონფლიქტით იწყებენ ურთიერთობას და მერე ძალიან კარგი მეგობრები ხდებიან. ვფიქრობ, სწორად გამზარდეს, არ ვარ მოძალადე, არ ვარ ადამიანი, რომელსაც არ ესმის სხვისი, მაქვს ზომიერი ეგოიზმი და ვარ ძალიან ლმობიერი. ეს მოდის ჩემი „სხვებისთვის უცნაური“ ბავშვობიდან…
– რატომ გადაწყვიტე, რომ გინდოდა მსახიობობა… ოჯახში სულ სხვა მიმართულება გქონდა…12092367_1148898945138712_1152340986_n
– პირველი ლექსი ბაღში რომ მოვყევი, თან განვასახიერე. როდესაც დედა წასაყვანად მოვიდა, მასწავლებელმა უთხრა – „არტისტი გეზრდებაო“. ამაზე სწორმა რეაქციამ მომცა რაღაც ბიძგი. მახსოვს, ავტობუსების გაჩერებაზე ვიყავით მე და ბებიაჩემი, ღამის 10 საათი იყო, სიბნელე. შუქის ქვეშ დამაყენეს და მე ვყვებოდი ლექსებს. მაშინ შოუ სად ვიცოდი და მაინც ვიგონებდი ამბებს, თუმცა არასოდეს ვიტყუებოდი… მე მგონი, მოთხოვნილება მქონდა, რომ საინტერესო ცხოვრება მქონოდა.
– ხარ ადამიანი, რომლის რჩევაც ბევრისთვის სასურველია. შენ ვინ გაძლევდა რჩევებს?
– რჩევა, რომელსაც მე სხვას ვაძლევდი, ზოგჯერ თავად მადგებოდა. იქამდე კი ოჯახის წევრებისგან ვიღებდი. ისე მე ჩემი მეთოდი მაქვს, რჩევას ცხოვრება მაძლევს. ერთხელ ბაღში შემთხვევით მოვისმინე, ორი მასწავლებელი დირექტორზე ამბობდა „ბოზიაო“. წავედი და დირექტორს მოვუყევი. ისეთი ამბავი ატყდა, მივხვდი, ასე არასოდეს უნდა მოვქცეულიყავი.
– თუ გინდოდა, რომ ვინმეს დამსგავსებოდი…12166253_1148898915138715_1281773152_n
– განსხვავებული ვიყავი და მომწონდა, როგორიც ვიყავი. ჩემს სახლთან მისასვლელი ორი გზა იყო, ერთი მოკლე და მეორე გრძელი. მე და დედა ორჯერ გრძელი გზით რომ წავედით, ვკითხე – ასე რატომ მოვდივართ-მეთქი და იმ გზაზე ჩემი ვალი აქვს მეგობარს და თავი რომ უხერხულად არ იგრძნოს, ამ მხარეს დავდივარო. თავიდან ვერ გავიგე, მერე მივხვდი, რომ გავიზარდე, როგორი იყო დედაჩემი. ეს მეც გამომყვა. ჩემს გადაცემაში, სტუდიაში ვინმე უკან რომ ზის, ვნერვიულობ, არ გადავარდეს. დღესაც შემორჩენილი მაქვს, სხვის გამო ვდარდობ.
– ვიცი, რომ შენ და შენს ბებიას – გალინას განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდათ. თან მას თითქოს ჰგავხარ …12166380_1148898951805378_1140268275_n
– მთელი ჩემი ცხოვრება პარალელურად უკავშირდება ბებიას. იყო ძალიან მკაცრი, მაგრამ მაინც ვმეგობროდბით. რასაც ფიქრობდა, ყველაფერს ამბობდა. მართალი ხარ, ხასიათით ვგავარ. ერთხელ სადღაც წავედით და თან საჩუქარი წავიღეთ – „ხაზიანი ჩულქები“ და რომ წამოვედით, ბებიას ვკითხე – იმ „ჩულქების“ მიცემა დაგავიწყდა-მეთქი, არ მივეცი, აღარ მინდოდაო. დრო რომ გავიდა, მეც იგივე გავაკეთე და მერე ამომიტივტივდა ბავშვობაში მომხდარი ეს ამბავი. მაშინ მივხვდი, რა განცდა ჰქონდა გალინას.
– არ შეგიძლია ნასვამ ადამიანთან ურთიერთობა, რატომ?
– საკმარისია ვინმემ სამი ჭიქა დალიოს, თუნდაც ორი, კონტაქტს ვეღარ ვამყარებ. მე ვხსნი ამით, რომ ველი მაქვს გაწყვეტილი ადამიანთან, რომელიც არის ნასვამი.
– რა მიზანი გქონდა?12166438_1148898938472046_12600638_n
– მიზანი მქონდა, რომ ვყოფილიყავი მსახიობი და მემუშავა თეატრში. თუმცა, არასოდეს მიფიქრია, რომ ცნობილი ადამიანის სტატუსი მქონოდა. იქ, სადაც მე დავიბადე, ჭიათურაში, ყველა ერთმანეთს იცნობს და ეს ჩემთვის საკმარისი იყო.
– მაშინ, რატომ ხდებოდა ისე, რომ რასაც აკეთებდი, ყველამ ყველაფერი იცოდა?
– განსხვავებულად ვაკეთებდი და ეს განსხვავებული იყო სხვისთვის საოცარი. ტელევიზიაში, პირველ არხზე რომ ვმუშაობდი, ვიყავი რეჟისორი, რამდენიმე გადაცემა გავაკეთე და აზრადაც არ მომსვლია კადრში ვყოფილიყავი.
– შენი მესამე ცოლი, მარინა ხონელიძე რეჟისორია. ვიცი, რომ ფილმში გადაგიღო, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ კადრში საერთოდ არ ჩანდი. არ გეწყინა?
– კი, რა თქმა უნდა ვბრაზდებოდი, რატომ არ მიღებდა.
– თვითონ რას გეუბნებოდა?12167031_1148898941805379_996319971_n
– თავის ფილმში რაც მას სჭირდებოდა, მე იქ ვერ მხედავდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი. ფილმი რომ ვნახე, მივხვდი, კინოს უნდა სულ სხვა სული. იყო ასეთი შემთხვევა მარინა როცა ფილმს იღებდა, იცოდნენ რომ შენ ჩემი შვილი იყავი, მარინა ჩემი ცოლი იყო და ამ დროს სხვა მსახიობს ეძახდი დედას (მარინა, ჩემს მეორე ცოლს და შვილს იღებდა თავის ფილმში) და გაგიჟდა ხალხი. მთელი ჩემი ცხოვრება ისეთ უცნაურობებზეა, ისეთ მისტიკაზეა დაფუძნებული რომ დაუჯერებელია.
– ოჯახი…12167374_1148898895138717_508250352_n
– სამჯერ ვიყავი ქორწინებაში. არ ვთვლი, რომ კრახით დამთავრდა, იქიდან გამომდინარე, რომ მე შევიძინე ადამიანები, რომლებთანაც მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ახლა მაქვს მარტოობის ეტაპი, რომელიც მე მომწონს.
– დიდი დრო გავიდა და არავინ შეგიყვარდა?
– ჩემი დღიური წავიკითხე, ვიღაც მყვარებია. დაუჯერებელია, ოღონდ. ვკითხულობდი, ჩემი ნაწერი იყო და მე არ ვიყავი. ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ასე მყვარებოდა ადამიანი. ჩემი დღიურები არის რომანები, რომლებიც, ასე მგონია, მე არ გადამხდენია.
– საბოლოოდ, ვინ არის გია ჯაჯანიძე?
– რა გამოვიდა? დიდი ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიწვალე, ბევრი ვიმუშავე, ბევრი ვიკითხე, ამ ყველაფრისგან მივიღე ის, რომ მე დავრჩი ადამიანად და ვარ გულმოწყალე. იბრძვი, რაღაცისკენ მიისწრაფვი, ბოლოს გრჩება ადამიანები და შენი გაკეთებული სიკეთეები, მეტი არაფერი. უამრავი ადამიანია, რომელიც ძალიან დიდ რამეს აკეთებს და არ იცნობენ. ჩვენ დრო გაგვყავს, სანამ მოვკვდებით. ჩვენი ცხოვრება ხომ სიკვდილთან მიახლოებაა. ჩვენ ვცხოვრობთ და ყოველდღე ვუახლოვდებით სიკვდილს. ყველა ადამიანს რაღაც მისია აქვს. მეც ჩემი ფუნქცია მაქვს. მთელი ცხოვრება შევწირე ექსპერიმენტებს. 12167420_1148898935138713_1011791944_nეს ექსპერიმენტები იყო სულ ადამიანებთან ურთიერთობა. ვიგებ როგორ იქცევიან ადამიანები სხვადასხვა სიტუაციაში. ჩემი გადაცემაც – „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ ექსპერიმენტია. ჩემი მიზანი და ძალიან დიდი სურვილია, რომ ამ გადაცემებზე გააკეთონ სპეციალისტებმა ანალიზი, თუ როგორი ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში, რა მენტალობა აქვთ, როგორ აზროვნებენ.  თუ სახელმწიფოში არ არის გარკვეული, რა მიმართულება აქვს საზოგადოების აზროვნებას, სავალალო მდგომარეობაში შეიძლება აღმოვჩნდეთ, აქედან გამომდინარე, ეს არ არის გასართობი გადაცემა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებ.
– როცა ადამიანს რჩევას აძლევ და შენი რჩევის შედეგს ხედავ, რას გრძნობ? რომ იმ ადამიანს ის რჩევა გამოადგა?
– როგორ ვიტანჯებოდი, თავიდან არ იცი. მოვიდა ვიღაც, ვურჩიე, დავარიგე და ამ ჩემი რჩევით ააწყო ცხოვრება. გახდა წარმატებული, ჩემი რჩევებით სასწაულებს სჩადიოდნენ და მე, მეტროთი დავდიოდი. ამას ძალიან განვიცდიდი, მერე არ ვიცი, დავიღალე თუ რა მოხდა, შევეგუე და მოვრჩი. გადავედი იმაზე, რომ ვურჩიე და იყოს ბედნიერი.
– შიშის მომენტი არ გქონდა? შენი რჩევით რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გადაეწყვიტათ…12167626_1148898961805377_670918792_n
– მე ვარ ძალიან ფრთხილი. ჩემი ყველა რჩევა არის დაფუძნებული პარალელურად სიკეთეზე. რომ არ გამოვიდეს, არ იღუპება. ჩემი რჩევით ან გამოდის მაგარი, ან არაფერი არ ფუჭდება. მე არ ვარ რისკიანი. პრაქტიკული ვარ პრაგმატული და ვიცი, რას რა მოყვება.
– მომავალში რას გეგმავ?
– როგორი დაგეგმილი ცხოვრება მაქვს, იცი? ვფიქრობდი, რომ მე ახლა ბევრი რამე უნდა გავაკეთო. 40 წლის ასაკიდან ჭკუაც მეტი გაქვს, გამოცდილებაც, სხვანაირი კომუნიკაციის უნარი გაქვს და ეს 10 წელი  ძალიან ვიყავი ჩართული. 50 წლის რომ გავხდი, ვიფიქრე, არ გავჩერდები, მაგრამ მივყვები დინებას-მეთქი. ანუ 50 წლიდან დავიწყე მშვიდი ცხოვრება იმით, რომ გამოვიდოდა, გამოვიდოდა, თუ არა და – არა. ძალიან საღად ვუყურებ, თუ არ იქნება „სხვა რაკურსი“, რაღაც გამოჩნდება. მე არ ვისვენებ.12167949_1148898931805380_64768430_n
– ვიცი, რომ შენი ექსპერიმენტების გაზიარებას სხვებისთვის აპირებ. ერთი ასეთი უკვე იყო, შენი პირველი წიგნი…
– ნამდვილად, ამ ექსპერიმენტების და კვლევის შედეგები არის წიგნი. ვამზადებ მეორეს გამოსაცემად, მექნება მაგალითები, უამრავი ისტორიები თავისი ანალიზით, თუ როგორ უნდა ვიცხოვრო სწორად. თუნდაც ის, რომ მე რაღაც შეცდომა ჩამიდენია, ამასაც ვწერ, რომ მკითხველმა  იგივე არ გაიმეოროს. ჩემი რჩევაა, შევიყვაროთ საკუთარი თავი, რადგან, როცა შენი თავი გიყვარს, არ გეწყინება და არ ნერვიულობ. მე არაფრისთვის ვიბრძვი. ვიღაცას უნდა რომ მაჯობოს? მაჯობოს, იმიტომ რომ მეც ხომ ვიყავი ბედნიერი, ახლა ის იყოს.

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები