როგორ დააბრუნა თოჯინების თეატრმა ამერიკაში მცხოვრები ქართველები საქართველოში და რატომაა თამთა ბაქრაძისთვის ბავშვის აპლოდისმენტი მნიშვნელოვანი
„შეიძლება დიდმა ადამიანმა ზრდილობის გულისთვის დაგიკრას ტაში, მაგრამ ბავშვის პატარა ხელებით მიღებული აპლოდისმენტი ყველაზე გულწრფელი და მნიშვნელოვანია“,- ამბობს მსახიობი თამთა ბაქრაძე.
პატარა ქალაქ – ჭიათურაში დავიბადე, მამა – ვოვა ბაქრაძე პროფესიით რეჟისორია, დედა – როზა ვაშაკიძე ბავშვთა ფსიქოლოგი. მამა კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი იყო. ვხუმრობ ხოლმე, მთელი ბავშვობა სცენაზე გავატარე და სხვა ვინ უნდა ვყოფილიყავი, თუ არა ის, ვინც დღეს ვარ. ჩემი და-ძმაც ჩემსავით მსახიობები არიან.
– თამთა, პირველი როლი, რომელიც ითამაშე, იყო…
– „ბატის ჭუკში“ მელაკუდა ვიყავი (იცინის). ეს იყო ჩემი პირველი შეხება თოჯინებთან სკოლის ასაკში. რთულ დროს მომიწია არჩევანის გაკეთება. 90-იანი წლები ყველას ახსოვს, თუმცა ამასაც ჰქონდა დადებითი მხარე. რომ არა ეს პერიოდი, ვფიქრობ, არ მექნებოდა თავის დამკვიდრების ასეთი დიდი სტიმული. დედა ყოველთვის ცდილობდა, ის გზა გაეკვლია ჩვენთვის, რომელშიც ხედავდა, რომ წარმატებულები ვიქნებოდით.
– იყო თუ არა შენი ბავშვობა განსაკუთრებული?
– ვთვლი რომ იყო, რადგან ჭიათურაში საშუალება მქონდა. რაც შეიძლება დიდხანს დავრჩენილიყავი ბავშვი. ვთვლი, რომ რაც უფრო დიდხანს შეძლებ, იყო პატარა, მით უფრო მეტ პოზიტივს ასხივებ. ჩემს პროფესიაში დღემდე ძალიან მეხმარება იმ წლებისგან გამოყოლილი ემოცია და სითბო. ჩემი სახლი – სკოლის, მუსიკალური და სამხატვრო სკოლებისა და ქორეოგრაფიული სტუდიის შუაში იდგა. ყველგან დაკავებული ვიყავი, სწორედ ეს გადატვირთული რეჟიმი გამომადგა მომავალში. არავის გაკვირვებია, როცა გადავწყვიტე, რომ მსახიობობა მინდოდა.
– თეატრალური უნივერსიტეტი შენი შემდეგი საფეხური აღმოჩნდა…
– როცა პირველად თეატრალურში შევედი, საოცარი შეგრძნება იყო. არასოდეს დამავიწყდება, ვიგრძენი, რომ სახლში მივედი, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და გულშემატკივრობს. ბედნიერება მხვდა წილად, არაჩვეულებრივი პედაგოგისა და რეჟისორის შალვა (მუმუშა) გაწერელიას სტუდენტი ვყოფილიყავი. დაიწყო ზღაპრული, ყველაზე საინტერესო, კარგი და მნიშვნელოვანი წელი. პირველი წელი, როცა სწავლობ თეატრალურის ანბანს და ამ სამყაროს.
– აღმოჩნდა თუ არა რთული ახალ სამყაროსთან შეგუება?
– რთული ნამდვილად იყო, სხვა გარემოდან მოვხვდი სულ სხვა გარემოში. დილით 9 საათზე ვიწყებდით სწავლას და თეატრალურიდან საღამოს 9-ზე გამოვდიოდით. ბატონი შალვა ძალიან მკაცრი იყო და ჩვენგან მაქსიმუმის დახარჯვას მოითხოვდა. გვეუბნებოდა – იყავი მართალი, რას გააკეთებდი შენ, ყველაფერზე შენგან გამომდინარე იფიქრე! ერთხელ ეტიუდს ვასრულებდი, ბაკურიანში ჩავედი და ოთახში ჩემოდანს ვხსნი. უცებ საკეტი გაიჭედა, ვხედავ, ეტიუდი მეშლება, ვცდილობ, გავხსნა და ისეთ აზარტში შევედი… ჩემოდანი გაიხსნა, მაგრამ მე ისევ ვაგრძელებდი, ჩემს ნამდვილ ემოციას ვასრულებდი, შალვა იძახდა – მართალი ხარ, თამთა, მართალი, კარგია… და მივხვდი, რას გვასწავლიდა მუმუშა, რა სჭირდებოდა. თუ მსახიობი მაყურებელს არ მოატყუებს, მაშინ ის აუცილებლად წამოგყვება.
– როგორც ვიცი, პირველი სამსახური სცენას არ უკავშირდება…
– ჩემი პირველი სამსახური რადიო „საქართველოს ხმას“ უკავშირდება. 10 წლის განმავლობაში რეკლამებს ვახმოვანებდი. პარალელურად ქალბატონმა ზეინაბ წულუკიძემ ბატონ ზურა ოშხნელის სასწავლო -სატელევიზიო ცენტრში მუშაობა მეტყველების პედაგოგად შემომთავაზა. შემდეგ იყო ილიას უნივერსიტეტი, სადაც მომავალ ჟურნალისტებს მეტყველების კულტურას და თეორიას ვასწავლიდი. რთული იყო, თითქმის ჩემი ასაკის სტუდენტებისთვის ლექციები უნდა წამეკითხა. ფრთხილი ვარ, მაგრამ მშიშარა – არა. 7 წელი ვიმუშავე ამ სფეროში, ძალიან საინტერესო წლები იყო. ჩამოვყალიბდი, როგორც პიროვნება – პედაგოგი.
– კინოსა და თეატრის მსახიობი, როგორ აღმოჩნდი თოჯინების თეატრში?
– თეატრალურის დამთავრების შემდეგ მივედი თოჯინების სახელმწიფო თეატრში. დამხვდა არაჩვეულებრივი რეჟისორი, ბატონი გივი სარჩიმელიძე. სწორედ აქ ვითამაშე ჩემი პირველი სპექტაკლი „ბურატინოს თავგადასავალი“, სადაც მალვინას როლი შევასრულე. სიმართლე გითხრათ, თავიდან ძალიან გამიჭირდა – როლის გახსნა, მუშაობის პროცესი, უნდა გააცოცხლო თოჯინა. ის მეტყველებს, ის ტირის. ამ დროს მნიშვნელოვანია მონდომება, თეატრი არის აქტიური ორგანიზმი და ფეხი თუ ვერ აუწყე, დარჩები და დარჩები.
– უკვე მსახიობი თამთას მშობლები…
– რა თქმა უნდა, როგორც ყველა მშობელი, იყვნენ ძალიან ამაყები. რადგან, როცა შვილს ბუდიდან უშვებ და ის უკვე იწყებს საკუთარი თავის დამკვიდრებას, მშობელი ამ დროს ძალიან განიცდის. 10 წელია თეატრში ვარ და დედა და მამა ყველა სპექტაკლის პრემიერაზე ჩემს გვერდით არიან. ყველაზე მეტად ნერვიულობენ, ყველაზე მეტად ბედნიერები არიან.
– თოჯინების თეატრში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეთ, გაქვთ გასტროლები საზღვარგარეთ…
– ზაფხულში კულტურის სამინისტროს სრული მხარდაჭერით და დაფინანსებით ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის საჩუქარი გაკეთდა. ვითამაშეთ 5 სპექტაკლი. წაღებული გვქონდა ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლი „იავნანამ რა ჰქმნა“. ქართველი ემიგრანტებისთვის ეს სპექტაკლი საქართველოში დაბრუნების ტოლფასი იყო. ასევე წარმატება გვქონდა ერევანში, თოჯინების საერთაშორისო ფესტივალზე ჩვენმა „იავნანამ“ გრან – პრი აიღო. სულ ახლახან ჩამოვედით ყაზახეთიდან, სადაც საერთაშორისო ფესტივალზე წარდგენილი გვქონდა დათო მაცხონაშვილის სპექტაკლი „ფერადი ნისლების სანაპირო“, რომელმაც ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. სამომავლოდ გვაქვს დიდი გეგმები. სცენა ჩემთვის წყალია, რომელიც მაცოცხლებს. ამ სამყაროში ყოფნა ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა.
ნინო ჯაჯანიძე