ოპერაცია „კატის კნუტი“ წარმატებით დასრულდა
მაშველებმა მუხიანის დასახლებაში კატის კნუტი გადაარჩინეს.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განუცხადეს, ოპერატორმა შეტყობინება მიიღო, იმის შესახებ, რომ მუხიანის დასახლებაში ერთ-ერთი კორპუსის სახურავიდან კედლის სინკარის ხვრელში კატის კნუტი იყო ჩავარდნილი, რომელიც 2 დღის განმავლობაში ვერ ახერხებდა ამოსვლას.
ადგილზე მისულმა სამაშველო-ცხოველთა დამჭერმა ბრიგადამ დაათვალიერეს სახურავი, გაზომეს სინკარის ხვრელი და დადგინდა, რომ კატა ჩავარდნილი იყო სახურავის საჰაეროდან მეშვიდე სართულამდე. იმავე კორპუსში მცხოვრებმა მოქალაქემ მაშველებს ნება დართო, რომ თავის საცხოვრებელი სახლის კედელი გამოენგრიათ. მაშველებმა კედელი გამოანგრიეს და ცხოველი უვნებლად გამოიყვანეს. კატის კნუტი ცხოველთა მოყვარულმა ქალბატონმა ნანა ხომასურიძემ შეიფარა.