ირაკლი ღარიბაშვილმა „ამბასადორიალი 2015“ გახსნა ( ვიდეო)
ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ ქვეყნის ვიცე-პრემიერი იქნება ჩვენი საგარეო უწყების ხელმძღვანელი, რაც აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება. ჩვენთვის ამ უწყებას დიდი მნიშვნელობა აქვს,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ამბასადორიალის მონაწილეებს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინა.
“მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ ბატონი გიორგი კვირიკაშვილი. მისი ცოდნა და გამოცდილება დაგვეხმარება ვაწარმოოთ ისეთი საგარეო პოლიტიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად იქნება დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები, რაც ხელს შეუწყობს ამ ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანას. ის, რომ ქვეყნის ვიცე-პრემიერი იქნება ჩვენი საგარეო უწყების ხელმძღვანელი, აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურება და გაღრმავება,”-აღნიშნა პრემიერმა.
მისივე განმარტებით, სწორია გიორგი კვირიკაშვილის ხედვა ევრაზიის კონტინენტთან დაკავშირებით.
“ბატონმა გიორგიმ ახსენა, რომ უნდა განვავითაროთ ურთიერთობები ევრაზიის კონტინენტზე და განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, პოტენციალს, რომელიც იქ არსებობს. ეს არის სწორი მიდგომა და სწორი გზავნილი. ჩვენ, გარდა მთავარი მისწრაფებისა ევროკავშირისკენ, უნდა გავაღრმაოთ ურთიერთობა ჩინეთთან, აზიის ქვეყნებთან,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს ქვეყნის მთავარი მიღწევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
“ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო პერიოდი. ბოლო ორი წლის განმავლობაში სერიოზულ წინსვლას და წარმატებას მივაღწიეთ – გასულ წელს ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას. მინდა გითხრათ, რომ პირადად ვაკონტროლებ იმპლემენტაციის პროცესს. შექმნილი გვაქვს სახელმწიფო კომისია, რომლის თავმჯდომარეც მე გახლავართ. ასევე, სერიოზული წინსვლა გვაქვს ნატოსთან ურთიერთობის ნაწილში. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული იყო ალიანსის გენერალური მდივანი, რომელთან ერთადაც გავხსენით ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ურყევად და მტკიცედ მივუყვებით ამ გზას, მაგრამ ასევე ვცდილობთ, განვავითაროთ სხვა ურთიერთობები”,- განმარტა პრემიერმა.
მანვე ყურადღება გაამახვილა ჩინეთთან ურთიერთობების გააქტიურებასა და “აბრეშუმის გზის ფორუმის” მნიშვნელობაზე.
“თებერვალში ჩინეთიდან საქართველოში პირველი სატვირთო მატარებელი შემოვიდა. ეს გახლავთ ახალი აბრეშუმის გზის პროექტის ნაწილი, რომელიც წარმატებით განხორციელდა საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის უშუალო მონაწილეობით. ჩვენი ქვეყნის გავლით, ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთის ტრანსპორტირება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობას რეგიონში. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად საქართველოს პორტებისა და რკინიგზის გაზრდილი ტვირთბრუნვა მხოლოდ ერთი მიმართულებიდან დამატებით 100-120 მილიონი დოლარის ფულად ნაკადს შემატებს ქვეყნის ეკონომიკას. მოგეხსენებათ, რომ ოქტომბერში თბილისში ჩატარდება „აბრეშუმის გზის ფორუმი“. ეს იქნება ახალი ურთიერთობების და ახალი თანამშრომლობის განვითარების დასაწყისი. „აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს წარმოაჩენს, როგორც ქვეყანას, რომელსაც რეალურად აქვს პოტენციალი, გახდეს რეგიონის ეკონომიკური ჰაბი,”- აღნიშნა პრემიერმა.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრას საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.