“ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია”
„გამოძიებისთვის ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია, საქმე ოფიციალურად წლის ბოლომდე გაიხსნება“,- აღნიშნული განცხადება მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. ადვოკატის ინფორმაციით, მოცემულ მომენტში ეჭვმიტანილის დაკავების სამუშაოები მიმდინარეობს.
სალაყაიას განცხადებით, გამოძიების დაწყებიდან არცერთ ეტაპზე საქმე თაროზე არ შემოდებულა და საგამოძიებო მოქმედებები პროფესიონალურად ტარდება. მისივე თქმით, ეჭვმიტანილის დაკავებამდე არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, იცნობდა თუ არა სავარაუდო მკვლელი ბიზნესმენს პირადად.
„ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია და მისი დაკავების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რაც შეეხება მის წარმომავლობას, მას შეიძლება არ ჰქონდეს ქართული გვარი, მაგრამ კავშირში იყოს საქართველოს მოქალაქეებთან. გამოძიებას აქვს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებისთვის ოფიციალურად გაცხადდება. საქმის მიმდინარეობიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ საქმე წლის ბოლომდე გაიხსნება“,- აღნიშნა სალაყაიამ.
რაც შეეხება საქმეში გია უდესიანის ფიგურირებას, ადვოკატის განცხადებით, გამოძიების ამ ეტაპზე საქმიდან არცერთი ვერსია მოხსნილი არ არის.