„ქალი სამკაულის გარეშე იგივეა, რაც ნახატი ჩარჩოს გარეშე…“

„დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი და ვარჩევდი პროფესიას. რადგან ძალიან მომწონდა აქტიური ცხოვრება, გადავწყვიტე ჟურნალისტი გავმხდარიყავი. რატომღაც ვიფიქრე, რომ ჩემს ხასიათს შეესაბამებოდა. ამიტომ, ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე. რამდენიმე წელი ასპინძის ადგილობრივ გაზეთ „ასპინძის მაცნეში“ ვიმუშავე და გამოცდილებამ უფრო მეტად დამანახვა ამ პროფესიის სირთულე. მოგვიანებით, თბილისის სამხატვრო აკადემიაში ვაბარებდი, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამიმართლდა…“ – ხელოვანი თეონა ოთანაძე.

– დაიბადე თვითნასწავლი შემოქმედის ოჯახში…11923333_917444284971291_1209826340_n
– დიახ, მამა ხის მხატვრულ დამუშავებაზე მუშაობს. შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ მე და ჩემი ძმაც ამ ნიჭით ვართ დაჯილდოებულნი. ხეზე მუშაობას, ჯერ კიდევ პატარა ვცდილობდი, 4-5 წლის, როცა საჭრისის ხელში დაჭერა ვისწავლე. მიუხედავად იმისა, რომ მამას ეშინოდა, საჭრისებით არ დავზიანებულიყავით და გვიშლიდა სახელოსნოში შესვლას, მე და ჩემი ძმა მაინც შევდიოდით და ვუყურებდით მას. ვხატავდი, შემდეგ საჭრისით ვჭრიდი და ვაფორმებდი ჩემი საყვარელი მულტფილმის გმირებს, რომლებიც დღეს უკვე ჩემი შვილის საყვარელი ნამუშევრებია და  სახლში გამოფენა აქვს მოწყობილი. მე კი, ძალიან მიყვარს მამის ერთ-ერთი ნამუშევარი „მეცხვარე ძაღლით და ჯოხით“, რომელიც ერთ ჯირკში აქვს გაკეთებული და ჩვენს სახლში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ამ ნამუშევარმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
– სამკაულები…11938251_917444274971292_1754388946_n
– სამკაულებზე ბოლო რამდენიმე წელია ვმუშაობ. ვაკეთებ სამაჯურებს, თუმცა, ძირითადად, ბეჭდებზე ვმუშაობ. მე თვითონ ძალიან მიყვარს მასიური ბეჭდები, მგონია, რომ ხელზე ძალიან ლამაზია და მინდა, სხვის ხელსაც ამშვენებდეს. საბედნიეროდ, ჩემი ნამუშევრები ძალიან მოსწონთ და მიხარია, რომ ატარებენ. თავიდან, გაყიდვის მიზნით არ გამიკეთებია, მაგრამ დაინტერესება იმდენად დიდი იყო, შეკვეთბიც მქონდა. ამიტომ, გადავწყვიტე უფრო აქტიურად მემუშავა. სამკაულების კეთება ჩემი ჰობი და, ამავე დროს, ყველაზე საყვარელი საქმეა. მაგრამ, ძალიან რთულია ხეზე მუშაობა, დიდ შრომისმოყვარეობას, ნებისყოფას და ძალასაც კი მოითხოვს. თუ განსაკუთრებულად არ გიყვარს ეს საქმე, ვერ შეძლებ მუშაობას. მუშაობის დაწყების წინ, თვითონ მასალა მიჩვენებს, რა შეიძლება მისგან გამოვიდეს.
– გარემო…
– ზოგჯერ მეღიმება, მაგრამ ჩემი გარემო აუცილებლად არის: ხის ნაჭრები, დაზგიდან ჩამოცვენილი ბურბუშელა, რომელიც დამუშავების დროს იყრება, ხის მტვერი, წებოს, ლაქის სუნი, შკურკა, დანადგარები. აგრეთვე, ჩემი გარემო არასდროს არის მშვიდი და წყნარი, რადგან ჩემი შვილი ყოველთვის ჩემთან არის. ჩემს სახელოსნოში ყოველთვის არიან დაინტერესებული ადამიანები, რომლებიც მიყურებენ ამ „პატარა გოგოს“, ამხელა ხელსაწყოები რომ მიჭირავს, ხეზე რაღაცებს ვჩორკნი და ვაკეთებ. მაგრამ, ეს ყველაფერი ხელს არ მიშლის მუშაობაში, რადგან მომწონს მათი ინტერესი და განსაკუთრებით მხიბლავს, როცა ვუხსნი, როგორ კეთდება ესა თუ ის ნივთი. როგორ უნდა გამოჭრა თითის ადგილი, რით კეთდება, როგორ ვაყენებ ზომებს, როგორ ვაწებებ…11938792_917444278304625_1988715373_n
– საყვარელი ნამუშევარი…
– მაქვს საყვარელი ნამუშევარი. ის სპონტანურად მოვიდა, ჩემთვის გავაკეთე და მომავლისთვის ერთგვარი შთაგონების წყაროც აღმოჩნდა. ხეში და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, პლასტელინშია შესრულებული. ჩემი ტექნოლოგიით დავამუშავე და არ ფუჭდება. თუმცა ვთვლი, რომ ყველა ბეჭედი განსაკუთრებულია, რადგან ორი ერთნაირი არასდროს გამოვა. თუნდაც მასალა, მაგალითად ქვა, ერთნაირი ფორმის, დიზაინის არ მაქვს. ყველა ქვა არის განსხვავებული, შესაბამისად, ის ბეჭედიც გამორჩეული და ერთია.
ქვებს სპეციალურ მაღაზიებში ვყიდულობ. მომწონს ქვა, რომელიც ნაკლებად დამუშავებულია, ნაკლებად აქვს ხელი მოხვედრილი, რადგან ის უფრო მეტად ბუნებრივია. ყოველთვის ვცდილობ, ნაკლებად ჩავერიო ქვის ფორმაში, ზომაში ან რამე შევუცვალო.
– იმიტომ, რომ სამკაულები გააკეთო, ასპინძაში დადიხარ…
– დიახ. საერთოდ, ჩემი ოჯახი იქ ცხოვრობს და ხშირად მიწევს ჩასვლა, მაგრამ სამუშაოდ წელიწადში ორჯერ ზამთრის არდადეგებზე და ზაფხულში შვებულებაზე ჩავდივარ. ხშირად მენატრება ჟურნალისტის აქტიური ცხოვრება, სტატიები, დიქტოფონი, ფოტოაპარატი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ აწყობილი, დაკავშირებულია ხესთან და ამ საქმესთან.11949709_917444268304626_287336008_n
ჩემთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ჩემს ნამუშევრებს აფასებენ, აღიქვამენ ამ სილამაზეს და ამბობენ: „შენი ნამუშევარი ჩემს ხელს ამშვენებს“. ეს სიტყვები ჩემთვის ყველაფერია. საზოგადოების მხრიდან ასეთი დაინტერესება, სიყვარული და მოწონება რომ არ ყოფილიყო, შეიძლება უბრალოდ, ჩემთვის რაღაც გამეკეთებინა, არც ფეისბუქის გვერდი გამეხსნა, ფართო საზოგადოებისთვის არ გამომეტანა, მაგრამ ასეთი შეფასებების ფონზე, გადავწყვიტე, უფრო აქტიური ვყოფილიყავი. ამასთან, ქალი სამკაულის გარეშე, იგივეა, რაც ნახატი ჩარჩოს გარეშე. სამკაული ქალს სხვა შტრიხს და ელფერს ჰმატებს. სწორად შერჩეული სამკაული კიდევ უფრო ალამაზებს. ვერ წარმომიდგენია ქალი სამკაულის გარეშე. ახლა ვაპირებ, ილიაუნის მიერ ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვაშიც მივიღო მონაწილეობა, რომელიც სექტემბრის ბოლოს ვაკის პარკში გაიმართება.
გარდა ამისა, ჩემი შვილიც აქტიურია, ცდილობს დაგვემსაგავსოს, რაც ძალიან მომწონს. რომ ვუყურებ, ჩემს პატარაობას მახსენებს. არ ვუშლი, რადგან რისი ინტერესიც აქვს, ის აუცილებლად იჩენს თავს, როგორც ჩემი და ჩემი ძმის შემთხვევაში მოხდა, მამის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად.11950930_917444271637959_576924314_n
– ბავშვობაში ხატავდი…
– მხოლოდ ბავშვობაში. რაც ჟურნალისტიკაში შევდგი ფეხი, ფუნჯისთვის და ფანქრისთვის ხელი არ მომიკიდია. მხოლოდ, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ჩემი ემოციების გადმოცემის გზა არის ხატვა. ძირითადად, პეიზაჟებს ვხატავდი. მაქვს გამორჩეული ნახატებიც. ერთ-ერთი მათგანია აკვარელში შესრულებული ჩემი და ჩემის ძმის პორტრეტი, რომელიც ჩემს სახლში საპატიო ადგილს იკავებს და მეორე – „გურულები“. ჩემს ნახატებს არავინ იცნობს, არ მქონია სურვილი, ფართო საზოგადოებისთვის მეჩვენებინა. დედაც კი ჩემს უჯრაში პოულობდა, რადგან ვხატავდი და ვინახავდი.

მზევინარ ხუციშვილი

11949716_917444264971293_550575375_n

11973843_917444281637958_636916617_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები