„ჩემმა სამკაულებმა თავდაჯერებულობა შემმატა…“
ხატვა, პლასტელინი, გობელინი, ქარგვა, ყაისნაღით ქსოვა – სკოლამ და ბავშვობის წლებმა გაიარა. მომავალი იმედი მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული სწავლების ცენტრი იყო.
„ხელოვნება ყოველთვის ძალიან მიყვარდა და სწავლის გაგრძელების დიდი სურვილიც მქონდა, მაგრამ ოჯახი ადრე შევქმენი და ყველაფერი დავკარგე“, – ამბობს ნინო ხაბაზიშვილი.
საზოგადოება ნინო ხაბაზიშვილს დღეს ფეისბუქის გვერდით „ნუცის ხელნაკეთი სამკაულები“ იცნობს.
„სამკაულებს ბავშვობაშიც ვაკეთებდი, მაგრამ ჩემთვის. რომ გავიზარდე, უკვე მათი შეძენა დავიწყე. ძალიან ბევრს ვყიდულობდი და არ ვატარებდი. დავალაგებდი, ვუყურებდი, თითქოს ვეფერბოდი. ახლაც, მხოლოდ მაშინ ვიკეთებ, როცა მინდა გამოვაჩინო. მოგვიანებით, როცა პირველი სამკაული, ყელსაბამი გავაკეთე, მივხვდი, რომ ისინი უბრალოდ მიყვარს. ხანდახან გაყიდვაც კი მენანება. გავაკეთებ, მერე ვზივარ, ვუყურებ და ვფიქრობ, ნეტავ, ჯერ არ გაიყიდოს“.
პირველი შემფასებელი შვილია. მისი აზრი ყველაზე მეტად აინტერესებს. „მიუხედავად იმისა, რომ ბიჭია, კარგი გემოვნება აქვს და მის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ“.
შეუძლია იმუშაოს ყველგან, მთავარია მუზა მოვიდეს. ფანტაზია კი უკვე მუშაობის პროცესში იშლება. „მასალის საყიდლად რომ მივდივარ, ყველაფერს ვყიდულობ. ფაქტობრივად, რაც მაქვს თანხა, იქ ვხარჯავ. ვერ ვსაზღვრავ, რადგან არ მინდა გაჩერება, მინდა სულ ვიმუშაო. რასაც ვყიდი, აღებულ თანხას, ისევ უკან ვაბრუნებ. შემიძლია ვიმუშაო ყველგან. ერთხელ ვერ მოვითმინე და მეტროშიც კი გავაკეთე საყურე, თუმცა ყველაზე მთავარი მაინც განწყობაა“.
აქვს შეკვეთებიც, თუმცა ჩარჩოებში მოქცევა უჭირს. „როცა მეუბნებიან რა და როგორ უნდა გავაკეთო, ეს ჩემთვის ერთგვარი წინაღობაა, რომელსაც უნდა შევეჭიდო. ვიზღუდები და ვერ ვმოქმედებ. ერთხელ, ერთ სამკაულს სამი თვე ვუტრიალე და მაინც ვერ გავაკეთე. არადა, ძალიან ადვილი გასაკეთებელი იყო, მაგრამ არ გამოვიდა. პარალელურად კი ვაკეთებდი ყველაფერს, რაც მინდოდა. მართალია, ვაკეთებ მეგობრისთვისაც, მაგრამ ჩემი ფანტაზიით. წარმოვიდგენ კონკრეტულად იმ ადამიანის გემოვნებას და ცხოვრებას“.
არ მოსწონს მუქი და მოსაწყენი ფერები. თვლის, რომ ღია და ლაღი ფერები სამკაულს უფრო მიმზიდველს, ლამაზს ხდის და ნებისმიერი ასაკის ქალბატონს უხდება. მისი აზრით, სამკაული ქალის ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ქალმა საკუთარი თავის რეალიზება მოახდინოს. „მინდა ყველა ქალმა იპოვოს საკუთარ თავში რწმენა და მიხვდეს, რომ რაღაცას წარმოადგენს. მე დედა ადრე გარდამეცვალა, ბებია მზრდიდა და შვიდი წლიდან ვცდილობ საკუთარი თავის რეალიზება შევძლო. მოგვიანებით, როცა მეუღლეს დავშორდი და ბავშვთან ერთად მარტო დავრჩი, ცხოვრებას თვალებში ჩავხედე, სწორედ, საკუთარ თავში რომ არ ჩავკეტილიყავი, ვცდილობდი ხელოვნებაში გადამეტანა ყველაფერი, ჩემი სულიერი გარემო, ემოციები. ვერცერთ სამსახურში ვერ გავჩერდი, სხვა არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ჩემმა სამკაულებმა თავდაჯერუბლობა შემმატა. მათი დამსახურებაა, რომ ჩემს ცხოვრებას აზრი აქვს. ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს და ჩემი შვილიც ბედნიერია. ვფიქრობ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ მაქვს“.
მზევინარ ხუციშვილი