დავით დონდუამ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი მიიღო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იუე ბინი მიიღო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის ხელშეწყობა, „აბრეშუმის გზა – ეკონომიკურისარტყელის“ პროექტში ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და მიმდინარე წლის 15-16 ოქტომბერს დაგეგმილი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ ჩინეთის ოფიციალური დელეგაციის მონაწილეობა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხარეს, მისი ხელმძღვანელობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის გასულ კვირას ჩინეთში განხორციელებული ვიზიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ ნაყოფიერი მუშაობა საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით.