ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა
ეროვნული სასწავლო ცენტრ “კრწანისის” ტერიტორიაზე, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა.
ინაუგურაციის ცერემონიალის ფარგლებში იენს სტოლტენბერგი საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ასეულს შეხვდა, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების,ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოში ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსება არსებითი პაკეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს. ცენტრის შექმნის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს შეიარაღებული ძალების, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების წვრთნა და შეფასებაა. ცენტრი საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისათვის გაწვრთნილი ძალების სერტიფიცირებას მოახდენს. ცენტრს შესაძლებლობა ექნება ნატოს შეკავშირებული ძალების ინიციატივის (CFI) მხარდასაჭერად მრავალეროვნულ, ერთობლივ და გაერთიანებულ წვრთნებს უმასპინძლოს.