დავით უსუფაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰანს ჰორბახთან საქართველოში მისი დიპლომატიური საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჰოლანდიას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და მათი განვითარების პერსპექტივები.
ჰანს ჰორბახმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის კურსი მრავალი მიმართულებით არის სწორი. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო რუსეთთან მიმართებაში გონიერ პოლიტიკას ინარჩუნებს. მხარეებმა, ასევე ისაუბრეს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესზე. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის წინ წაიწიოს ამ მიმართულებით და ეს არის არა მხოლოდ საქართველოს ინტერესებში, არამედ ნატოს ინტერესებშიც. ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განსაკუთრებული ცვლილებები მოხდა. მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან დიდი სპექტრია წარმოდგენილი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას ადგას. ჰანს ჰორბახმა აღნიშნა, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებით ჰოლანდია პირველ ადგილზეა. მისივე თქმით, ჰოლანდია ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან პარტნიორობას. პარლამენტის თავმჯდმარემ მადლობა გადაუხადა ელჩს გაწეული საქმიანობისთვის და ჰოლანდიასა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის. დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ჰოლანია ყოველთვის გვერდში უდგას საქართველოს არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე მუდმივი მხარდაჭერით. ჰანს ჰორბახმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის. მან აღნიშნა, რომ საქართველოში მისიის დასრულებით, იგი დიპლომატიურ სამსახურში თავის 36 წლიან პროფესიულ კარიერასაც ასრულებს, თუმცა ყოველთვის მოხარული იქნება სტუმრის სტატუსით ეწვიოს საქართველოს. ჰანს ჰორბახმა აღნიშნა, რომ საქართველოში გატარებულ წლებს პროფესიული თვალსაზრისით წარმატებულად მიიჩნევს და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, იგი იქნება ჰოლანდიაში საქართველოს კეთილი ნების ელჩი. ჰანს ჰორბახი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2013 წლის 17 აგვისტოდან იკავებს.