ალექსანდრე მაისურაძე: სტოლტენბერგის ვიზიტი გზავნილია, რომ ნატო-ს დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტი არის გზავნილი, რომ ნატო-ს დღის წესრიგში საქართველოს სერიოზული და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, – ასე აფასებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის საქართველოში ხვალინდელ ვიზიტს.
ალექსანდრე მაისურაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ნატო-ს გენერალური მდივნის ხვალინდელ ვიზიტი ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეაფასა.
“ნატო-ს გენერალური მდივნის ხვალინდელ ვიზიტს ერთმნიშვნელოვნად დადებით შეფასებას მივცემდი. პირველ რიგში, ეს არის გზავნილი, რომ ნატო-ს დღის წესრიგში საქართველოს სერიოზული და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მეორე – ეს არის გზავნილი, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი ქვეყნის ევროატალანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობას”, – განაცხადა მაისურაძემ. კითხვაზე – ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისის” ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა ჩრდილოეთიდან ნეგატიურად ფასდება და ხომ არ გამოიწვევს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს, მაისურაძემ განაცხადა, რომ მისი პროგნოზით, აღნიშნული ცენტრის გახსნა მხოლოდ ხელს შეუწყობს როგორც საქართველოში, ისე რეგიონული მასშტაბით უსაფრთხოების გაუმჯობესებას.
“ცენტრი ხელს შეუწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მზად არიან, რათა საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ ალიანსის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებს”, – განაცხადა მაისურაძემ.
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ხვალ ეწვევა.