დავით საგანელიძემ ჯინ ლიქუინთან საქართველოს ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისწარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც „კვირას“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, დავით საგანელიძემ ბანკის დამფუძნებელი ქვეყნების მიერ ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად ჯინ ლიქუინს არჩევა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ დამფუძნებელი ქვეყნების შეკრებას და პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის ღონისძიებას თბილისმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრეს. დავით საგანელიძემ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება, როგორიც შესაძლოა იყოს ლაგოდეხი-ბათუმის ჩქაროსნული მატარებლის ხაზის მშენებლობა, ანაკლიის საზღვაო პორტი და სარკინიგზო და ავტობანების მშენებლობა.
მისივე განცხადებით, აღნიშნული პროექტების განხორციელება საქართველოს რეგიონის მასშტაბით კიდევ უფრო საინტერესოს გახდის, რაც მეტი ტურისტის გადაყვანას და ტვირთბრუნვის გაზრდას განაპირობებს. ჯინ ლიქუინიმ დავით საგანელიძეს და საქართველოს პარლამენტს მადლობა გადაუხადა იმ პირველობისთვის, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტის რატიფიცირებისთვის განახორციელა.
მისი შეფასებით, საქართველოს შესწევს იმის პოტენციალი, რომ იყოს არა მხოლოდ დერეფანი ევროპასა და აზიას შორის, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობის მეგაპროექტები განახორციელოს. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის კაპიტალი 100 მილიარდ დოლარს შეადგენს და იგი ინფრასტრუქტურის განვითარების, ენერგეტიკის და ტრანსპორტის პროექტებზეა ორიენტირებული. საქართველოში მყოფი საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლები დღესვე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.