საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას სამძიმარს უცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში სტიქიურ უბედურებას ეხმაურება და დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს, – ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში ღრმა მწუხარებას გამოხატავს თურქეთის რესპუბლიკის ართვინის რეგიონში ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა 8 და დაკარგულად ითვლება არაერთი ადამიანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, სტიქიის შედეგად დაშავებულებს კი უსურვებს გამოჯანმრთელებას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ართვინის პროვინციაში ძლიერმა წვიმებმა მეწყერი გამოიწვია.

Hurriyet-ის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 8 ადამიანი. თურქეთის ტყის და წყლის მეურნეობის მინისტრის ვეისელ ეროგლუს განცხადებით, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, ვინაიდან წვიმები ამ რაიონში კიდევ 3 დღეს გაგრძელდება. ართვინის პროვინციაში შექმნილია ანტიკრიზისული ცენტრი, რომელიც მაშველების მუშაობის კოორდინაციას ახორციელებს. რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან საავტომობილო მიმოსვლა პარალიზებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები