მოსალოდნელი ცვლილებები მთავრობაში – ჩაანაცვლებს თუ არა თამარ ბერუჩაშვილს გიორგი კვირიკაშვილი?!
საქართველოს მთავრობაში სავარაუდოდ საკადრო ცვლილებები იგეგმება.
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ცვლილება საგარეო საქმეთა მოქმედ მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს უკავშირდება, რომლის ადგილსაც სავარაუდოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მოქმედი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს.
რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელს, ტელეკომპანიის ცნობით, საუბარია ბიზნეს ომბუდსმენ გიორგი გახარიაზე.
ტელეკომპანია “იმედის” ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში საკადრო გადაადგილებები სექტემბრისთვისაა ჩანიშნული.
ორივე მინისტრი აღნიშნული ინფორმაციის დადასტურებისგან თავს იკავებს.
„ამ გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობის თავმჯდომარე. მე მგონი სჯობს, რომ მას მიმართოთ. არ არის სწორი ეს შეკითხვა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება თამარ ბერუჩაშვილს, როგორც ის აღნიშნავს, მისთვის აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი არ არის და ამის შესახებ თავადაც მედიიდან შეიტყო.
„ჩემთვის ეს ინფორმაცია ცნობილი არ არის, ამიტომ ვერაფერს ვერ დაგიდასტურებთ და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ ნამდვილად. როგორც ყველა სხვამ, მეც გავიგე პრესიდან“, – აღნიშნა ბერუჩაშვილმა.