გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიზანია, კონსტიტუცია საერთო სახალხო დოკუმენტი გახდეს
დღეს ჩვენს წინაშე დგას ამოცანა, შევქმნათ და გავაძლიეროთ თანამედროვე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო და მთელი საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ იმ ღირეულებების ირგვლივ, რაც ლაკონურადაა ჩაწერილი ჩვენს უმთავრეს სამართლებრივ დოკუმენტში, კონსტიტუციაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში, კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ცრუ შეხედულებაა, რომ კონსტიტუცია მხოლოდ იურისტებისთვის და მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის არის შექმნილი.
მისი თქმით, კონსტიტუცია ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვისაა და დოკუმენტში ჩაწერილი თანასწორობა ადამიანებისა ის მთავარი სულისკვეთებაა, რომლის გარშემოც უნდა გაერთიანდეს ერი.
“დღეს ჩვენს წინაშე დგას ამოცანა – შევქმნათ და გავაძლიეროთ თანამედროვე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო და ამ ამოცანის განხორციელების გზაზე უმნიშვნელოვანესი ისევ ის არის, რომ მთელი საზოგადოება გავერთიანდეთ ღირეულებების ირგვლივ, იმ ღირებულებების ირგვლივ, რაც ახლა ყველაზე უფრო მოხდენილად, ლაკონურად ჩაწერილი არის ჩვენს უმთავრეს სამართლებრივ დოკუმენტში – კონსტიტუციაში. ამ ღირებულებების ირგვლივ გაერთიანება აძლევს ძალას თითოეულ მოქალაქეს, არა მხოლოდ დაიცვას თავისი უფლებები, არამედ იყოს თანამონაწილე ჩვენი ქვეყნის გაძლიერების. ცრუ არის შეხედულება თუ ჩვენ ვიფიქრებთ, რომ კონსტიტუცია მხოლოდ იურისტებისთვის და მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის არის შექმნილი. კონსტიტუცია შექმნილია თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ამ დოკუმენტის სულისკვეთებით, იმ სულისკვეთებით, რომელიც ჩაწერილია კონსტიტუციაში და რომელიც ნათლად განსაზღვრავს, რომ თითოეული ჩვენთაგანი იბადება თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქედ და განურჩევლად სტატუსისა, ყველანი თანაბარი ვართ კანონის წინაშე. ამ სულისკვეთების ყოველდღიურობაში განხორციელებით, ჩვენ ვქმნით თანამედროვე საქართველოს. ამით ვთანამონაწილეობთ იმ ერთიანობის შექმნაში, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენ ქვეყანას და ჩვენს ერს. ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიზანია კონსტიტუცია გახდეს საერთო სახალხო დოკუმენტი, რომ ჩვენ კონსტიტუციაზე ვკამათობდეთ, ჩვენ დებატებში კონსტიტუციას დავიმოწმებდეთ, ჩვენ ვფიქრობდეთ კონსტიტუციაზე”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, 20 წლის წინ ქართულმა საზოგადოებამ ღვთისა და ერის წინაშე და მთელი კაცობრიობის წინაშე მტკიცედ დაადგინა თავისი ნება აეშენებინა დემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე დამყარებული, სამართლებრივი, სოციალური და მშვიდობიანი სახელმწიფო.
“დღეს ჩვენ აღვნიშნავთ უმნიშვნელოვანეს თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დღევანდელ დღეს, 20 წლის წინ ქართულმა საზოგადოებამ ღვთისა და ერის წინაშე და მთელი კაცობრიობის წინაშე მტკიცედ დაადგინა თავისი ნება აეშენებინა დემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე დამყარებული, სამართლებრივი, სოციალური და მშვიდობიანი სახელმწიფო. დღევანდელ დღეს, 20 წლის წინ, პატივცემულმა პარლამენტის წევრებმა, რომლებმაც მიიღეს კონსტიტუცია კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ჩაწერაში იმ ცივილიზებულ ერთა შორის, რომლებიც ცხოვრობენ და ავითარებენ სამართლებრივ სახელმწიფოს. ეს იყო ისტორიული დღე და ამ ისტორიული დღის შემდეგ ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების განვითარება სწორედ ამ ჭრილში და ამ ჩარჩო დოკუმენტის ირგვლივ ვითარდებოდა”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.