ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი საბოლოო მიზანია, შევიმუშავოთ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია

ჩვენი საბოლოო მიზანია შევიმუშაოთ საუკეთესო, დახვეწილი, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში, კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნის საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კონსტიტუციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არა თვითნებურად, არამედ საზოგადოების აქტიური ჩართულობით, ხალხთან დიალოგით იქნება მიღებული.

“მეამაყება, რომ ჩვენმა მთავრობამ უამრავი რამ გააკეთა იმ ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რომლებიც კონსტიტუციის დაცვას უზრუნველყოფენ, იქნება ეს პარლამენტი, პრეზიდენტის ინსტიტუტი, სასამართლო თუ მედია. ეს ის ინსტიტუტებია, რომლებიც სრულიად თავისუფალია ყოველგვარი ზეგავლენისგან. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე გამოვცადეთ თუ რა შეიძლება მოყვეს ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს კონტროლის მექანიზმების მოშლას. დღეს სასამართლო არის აბსოლუტურად თავისუფალი ზეწოლისგან, მედიის თავისუფლების ხარისხი კი ყოველწლიურად უფრო მაღალ შეფასებას იღებს საერთაშორისო საზოგადოებისგან. ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რათა განვამტკიცოთ ჩვენი კონსტიტუცია, დავიცვათ კონსტიტუცია და ვუზრუნველვყოთ საქრთველოს ყველა მოქალაქის უფლებები. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს კონსტიტუციაზე. ჩვენ აზრს ვეკითხებით ჩვენ ხალხს და ჩვენ უნდა ვკითხოთ აზრი ჩვენ მოქალაქეებს. საბოლოო გადაწყვეტილება არა თვითნებურად, არამედ საზოგადოების აქტიური ჩართულობით, ხალხთან დიალოგით უნდა მივიღოთ. ჩვენი საბოლოო მიზანია, შევიმუშაოთ საუკეთესო, დახვეწილი, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუცია და ხელი შევუწყოთ ისეთი სახელმწიფოს, ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც კანონის უზენაესობა ყველასთვის იქნება გარდაუვალი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, დღეს საქართველო დემოკრატიული განვითარების სრულიად ახალ ეტაპზეა და ერთპიროვნული გადაწყვეტილებები აღარ მიიღება.

“ჩვენ თავის დროზე მოგვეცა საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე მთელი საზოგადოება ყოფილიყო ჩართული კონსტიტუციაზე, უმთავრეს დოკუმენტზე მუშაობაში და საერთო სახალხო თანხმობით გადაწყვეტილიყო საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხები. მაგრამ, სამწუხაროდ მაშინ ყველა გადაწყვეტილება იყო ერთპიროვნულად მიღებული და მაშინდელი კონსტიტუციაც ერთ კაცზე მორგებული. თუმცა, დღეს ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული განვითარების სრულიად ახალ ეტაპზეა. ჩვენი მიზანი არის ავაშენოთ ნამდვილად დემოკრატიული, პროგრესული, ძლიერი სახელმწიფო და შევქმნათ ისეთი ძირითადი კანონი, რომელიც ჩვენ ქვეყანას და ჩვენს ერს შეეფერება”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები