თინათინ ხიდაშელი ნატოს მოუწოდებს, ვარშავის სამიტზე საქართველოს ალიანსში საბოლოო გაწევრიანების მიმართულებით არსებითი გადაწყვეტილება მიიღოს
საქართველო მოუწოდებს ნატოს, გაწევრიანების შესახებ არსებითი გადაწყვეტილება მიიღოს, – ამ სახელწოდებით სტატიას “რადიო თავისუფლება” აქვეყნებს, რომელსაც ვაშინგტონში მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ესაუბრა.
როგორც სტატიაშია ნათქვამია, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ნატოს მოუწოდა, ვარშავის სამიტზე საქართველოს ალიანსში საბოლოო გაწევრიანების მიმართულებით არსებითი გადაწყვეტილება მიიღოს.
“რადიო თავისუფლებასთან” (RFE/RL) საუბარში ხიდაშელმა აღნიშნა, რომ გაწევრიანების შესახებ დაპირების შესრულების საკითხში ნატოს მხრიდან გამოჩენილი ნებისმიერი ყოყმანი რუსეთს შემდგომი აგრესიული ქმედებებისაკენ უბიძგებს.
“მე-5 მუხლის ქვეყნების გარშემო რკინის ფარდის ჩამოშვებით და ჩაკეტვით ისინი ფართოდ უღებენ კარს ყველა სხვას… აქ გადის ნატოს ლიმიტი და სადამდე შეგვიძლია მივიდეთ ჩვენ”, – განაცხადა ხიდაშელმა.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, ნატოს 28 წევრი ქვეყანა კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობას იზიარებს. ეს ნიშნავს, რომ თავდასხმა ნატოს ერთ რომელიმე წევრ სახელმწიფოზე ნიშნავს თავდასხმას ყველა მოკავშირეზე. ნატოში საბოლოო გაწევრიანებამდე, საქართველო და ალიანსში შესვლის მსურველი სხვა ქვეყნები ამ უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ვერ ხვდებიან. საქართველომ პირობა, რომ ნატოს წევრი გახდებოდა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიიღო, თუმცა, მაშინ ქვეყანას უარი უთხრეს მაპზე, რაც ალიანსში გაწევრიანების გზაზე პირველი ნაბიჯია. საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხი არც მომდევნო სამიტებზე – 2012 წელს ჩიკაგოსა და 2014 წელს უელსში დამდგარა დღის წესრიგში. საქართველოს თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ეს მოსკოვის მიმართ ძალიან არასწორი გზავნილია. “ნატოს გაფართოების შესახებ მტკიცე გადაწყვეტილება ერთადერთი შემაკავებელი ნაბიჯი იქნება არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც რუსეთის ქცევას, პროგრესს და უკრაინაში ქმედებებს უყურებს და ჰგონია, რომ ეს პრობლემა სხვა გზით შეიძლება მოგვარდეს”, – განაცხადა ხიდაშელმა.
როგორც სტატიაში ნათქვამია, თინათინ ხიდაშელმა ვაშინგტონში ვიზიტის შესახებაც ისაუბრა, რომლის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ეშტონ კარტერს შეხვდა. როგორც ოფიციალური თბილისი აცხადებს, ვიზიტის მიზანი აშშ-თან პარტნიორობის გაძლიერება და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე ვაშინგტონის მხარდაჭერის მოპოვება და რჩევების მიღებაა.
თავდაცვის მინისტრმა ადრეც განაცხადა, რომ სურს ნატოს ვარშავის სამიტზე აღიარონ, რომ საქართველომ თანამშრომლობის ყველა მექანიზმი გამოიყენა, რომელსაც მაპი ითვალისწინებს, რომელიც დახმარებასა და მხარდაჭერას სთავაზობს ალიანსში შესვლის სურვილის მქონე ქვეყნებს. მან მოუწოდა ვარშავის სამიტის მონაწილეებს პოლიტიკური განცხადება გააკეთონ, რადგან საქართველომ ერთი ნაბიჯი წინ უკვე გადადგა და გაწევრიანების გზაზეა.
როგორც ხიდაშელმა “რადიო თავისუფლებას” განუცხადა, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია, რომელიც საქართველოს ტერიტორიის 20%-ს წარმოადგენს, ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
“საქართველოს დედაქალაქიდან, თბილისიდან 20 წუთის სავალ გზაზე, რუსები დგანან. საქართველოს ტერიტორიაზე 6 000 რუსი სამხედროა განლაგებული, რომლებმაც საქართველო „ვარდების რევოლუციის“ (2003 წლის ნოემბერში) შემდეგ რუსეთის სამხედრო ბაზების გასვლის შემდეგ დატოვეს”, – განაცხადა ხიდაშელმა.
როგორც სტატიაშია ნათქვამია, დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც უსაფრთხოების ძალებმა, რომელსაც მოსკოვი უჭერს მხარს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კიდევ გადმოწიეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც წამყვანი ფიგურაა აშშ-სა და ნატოსთან დაახლოების მიმართულებით, არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ნატოს გაფართოება მოსკოვმა შესაძლოა, პროვოკაციად აღიქვას.
“როდესაც ფიქრობენ, რომ ვიღაც შეიძლება გაბრაზდეს, როდესაც ნატოს ან ევროკავშირის ქმედებები არ ქმნიან ლეგიტიმურ სივრცეს უმოქმედობისთვის, ეს ვიღაც ყოველდღიურად იპყრობს ტერიტორიებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და ცვლის საერთაშორისო წესრიგს”, – განაცხადა ხიდაშელმა.
ვარშავაში ნატოს სამიტი 2016 წლის 8-9 ივლისს გაიმართება.