„ეს იქნება ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ ყველა ის დაპირება“, რომელიც ალიანსმა გასცა, „მხოლოდ ქაღალდზე რჩება“

თუ ნატო ვერ შეძლებს ხელშესახები შედეგი აჩვენოს საქართველოს წევრობის გზაზე მომავალი წლის ვარშავის სამიტზე, „ეს იქნება ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ ყველა ის დაპირება“, რომელიც ალიანსმა გასცა, „მხოლოდ ქაღალდზე რჩება“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა 19 აგვისტოს ვაშინგტონში.

ასეთი შედეგი, მისი თქმით, გააძლიერებს უკვე მზარდ სკეპტიციზმს ქართველებში, რაც თავის მხრივ გავლენას მოახდენს 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.
ხიდაშელი, რომელიც თავდაცვის მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით სტუმრობს აშშ-ს, 18 აგვისტოს პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის მდივანს ეშტონ კარტერს შეხვდა.

აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მისი აშშ-ში ვიზიტი ორ მთავარ ამოცანას ისახავს – „გაძლიერდეს პარტნიორობა“ შეერთებულ შტატებთან, რათა ამ „პარტიონობიდან უფრო ხელშესახები შედეგები მივიღოთ“ და ამავე დროს, „ვეძიოთ პასუხები, რჩევა და მხარდაჭერა“ ნატოსკენ მიმავალ გზაზე.
„მოდის ვარშავის სამიტი და საქართველომ ყველა ქვეყანასა და პარტნიორს ნათლად გააგებინა, რომ ჩვენ წევრობისა და გაფართოების საკითხს იმაზე უფრო ძლიერად წამოვწევთ, ვიდრე ეს ოდესმე გაგვიკეთებია“, – განუცხადა მან აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში შეკრებილ აუდიტორიას.

„საქართველო იმსახურებს ამას, მაგრამ იმავე დროს, ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ნატოს საქართველოზე მეტად სჭირდება ეს საკუთარი საიმედოობის დასადასტურებლად და იმ პირობის შესასრულებლად, რომელსაც ორგანიზაცია უკვე წლებია გასცემს. ჩვენ ვისმენთ არგუმენტებს, რომ ნატოს შემდგომი გაფართოება რუსეთის სამეზობლოში რუსეთის ასამოქმედებლად გამომწვევი ფაქტორი იქნება; ჩვენ ვპასუხობთ მეგობრებს, რომ ეს არის აღქმა, შესაძლოა ლეგიტიმურიც, მაგრამ არა ფაქტი. ფაქტი კი სხვაა და ფაქტები მეტყველებენ, რომ როცა ნატომ უარი თქვა გაფართოებაზე 2008 წელს, ზუსტად მაშინ მოხდა ომი [საქართველოში]. ეს უარი და ნატოს მხრიდან იმის გაუბედაობა, რომ მიეღო ეს გამოწვევა, რუსეთმა გაიგო, როგორც მწვანე შუქი საქართველოში მოქმედებისთვის. შემდეგ 2009-ში მსოფლიომ თქვა ‘კარგით, მოდით დავივიწყოთ, რაც მოხდა’… და გვქონდა ‘გადატვირთვის’ პოლიტიკა… რუსეთი კვლავ პარტნიორად იქნა აღქმული, მაგრამ შემდეგ მოხდა უკრაინა… უკრაინის ომის შემდეგ სრულიად ნათელი გახდა, რომ არავითარ პარტნიორობა რუსეთისგან მოსალოდნელი არ არის “, – განაცხადა ხიდაშელმა.

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატოს ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ იმავე გადაწყვეტილებით, სანამ საქართველო წევრი გახდება, მანამდე მან წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) ეტაპი უნდა გაიაროს. მას შემდეგ საქართველოს MAP-ზე უარს ეუბნებიან.
„ეს შუალედური ნაბიჯი [MAP] ვარშავის სამიტის შემდეგ უნდა გაქრეს“, – განაცხადა ხიდაშელმა.

მისი თქმით, პრაქტიკული თვალსაზრისით MAP-ი ვერაფერს ახალს საქართველოს ვერ მისცემს ნატოსთან თანამშრომლობის ინსტრუმენტის სახით, ვინაიდან ქვეყანას უკვე წლებია ყველა ის მექანიზმი აქვს, რასაც MAP-ი ითვალისწინებს.

მისი თქმით, რასაც საქართველო ახლა ითხოვს არის, რომ ქვეყანამ ფორმალურად მიიღოს „ის, რაც მას უკვე აქვს და გაკეთდეს პოლიტიკური განაცხადი, რომ საქართველომ გაიარა ერთი საფეხური და ახლა წევრობის გზას ადგას“.

„თუ ჩვენ ამაზე უარს გვეტყვიან, ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ [ნატოს] ყველა დაპირება მხოლოდ ქაღალდზე რჩება“, – განაცხადა ხიდაშელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტმა მაისში ვერ დადო ხელშესახები შედეგები და ამან წააქეზა რუსეთი, რომ ემოქმედა საქართველოში, რაც სეპარატისტული სამხრეთ ოსეთთან გამყოფი ხაზის მოწყობის გაგრძელებაში გამოიხატა.
„საქართველოს მთავრობა იქნება მომთმენი; ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ომი კიდევ მოხდეს… ჩვენ პროვოკაციაზე ვერ წამოგვაგებენ“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალების მიერ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ბოლო პერიოდის სადემარკაციო ქმედებები განხორციელდა ტერიტორიაზე, რომელიც დაახლოებით 500 მეტრით არის დაშორებული აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალიდან. ხიდაშელის თქმით, ჩნდება „აშკარა შეკითხვა“, რუსეთის სამიზნეა ამ მაგისტრალის ბლოკირება და ქვეყნის ორად გაყოფა თუ მისი მიზანია, რომ თბილისმა განუწყვეტლივ იფიქროს ამ საფრთხეზე და ყურადღება გადაიტანოს ქვეყნის განვითარების ამოცანებიდან, მათ შორის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციიდან. იმის მიუხედავად, თუ რა არის მიზანი, მისი თქმით, მოვლენების განვითარება – „ან უკანსვლით ან წინ“ – მეტწილად იმ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული, რომელთაც ნატო ვარშავის სამიტზე 2016 წლის ივლისში მიიღებს.

ხიდაშელმა იმაზეც მიუთითა, რომ ვარშავის სამიტი საქართველოში 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს სულ რამდენიმე თვით უსწრებს. მისი თქმით, თუ სამიტისგან გაფართოების გზავნილები არ იქნება, ეს ქართველ ამომრჩეველში სკეპტიციზმს კიდევ უფრო გააღვივებს.

„ვარშავის სამიტის შედეგები დიდ როლს ითამაშებს იმაში, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამომრჩეველი 2016 წლის ოქტომბერში არჩევნებში“, – განაცხადა მან.

„სკეპტიციზმი იზრდება… ხალხს იმედგაცრუება ეწყება ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივის მიმართ. ჩვენი კოლეგები და ლიდერები, განსაკუთრებით ევროპაში, ძალიან ხშირად ახსენებენ დანარჩენ მსოფლიოს, რომ არც ნატოს და არც ევროკავშირის გაფართოება არ მოხდება მომდევნო ხუთი ან ათი წლის მანძილზე“, – განაცხადა ხიდაშელმა.

მან ასევე განაცხადა, რომ აქვს მოლოდინი იმისა, რომ მომავალი წლის არჩევნებში პრორუსული პარტიები მოიპოვებენ პარლამენტში ადგილებს, თუმცა არა დიდი რაოდენობით. მან პრორუსულ პარტიებს შორის ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ დაასახელა.

მისი აზრით, ვარშავის სამიტზე გაფართოებაზე უარის თქმით, ნატო სიგნალს გააგზავნის, რომ „არ აინტერესებს“ მის ფარგლებს გარეთ, რუსეთის სამეზობლოში არსებული ქვეყნები. გაფართოების სასარგებლო გადაწყვეტილება კი, მისი თქმით, იქნება გზავნილი რუსეთისადმი, რომ ნატოსთვის „პარტნიორები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი წევრები“.

„თუკი რამე არსებობს, რაც ისტორიამ დაგვიმტკიცა, არის ის, რომ ნატოს მშვიდობის ძალა მოაქვს“, – განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ „ერთადერთი მიზეზი“, რის გამოც ბალტიის ქვეყნები „ახლა უსაფრთხოდ“ არიან, მათი ნატოში წევრობაა, თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ თუ ვარშავის სამიტი გაფართოების სასარგებლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ეს წაახალისებს რუსეთს იმოქმედოს არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ, არამედ შესაძლოა იმ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების წინააღმდეგაც, რომლებიც ახლა ნატოში არიან.

„თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგოкც ახლაა, ვერ ვხედავ რამეს… რაც რუსეთს ამის გაკეთებისგან შეაკავებს“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები